სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    13.04.2018

     მსოფლიო კვლავ სირიაზე სარაკეტო დარტყმის მოლოდინშია. ერთი მხრივ, აშშ აცხადებს, რომ სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად მზადაა, მეორე მხრივ კი, რუსეთი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება.

    როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ამგვარ მასშტაბურ ოპერაციას, მინიმუმ, რამდენიმეკვირიანი მზადება სჭირდება, ამიტომ ტრამპის ბუნდოვანი განცხადებები, შესაძლოა, ყურადღების მოდუნებას ემსახურებოდეს და სინამდვილეში სარაკეტო დატყმა სრულიად მოულოდნელად, თვის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში განხორციელდეს.

    2 დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღია მუქარა "ტვიტერის" საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა. იგი წერდა, რომ აშშ სირიის მიმართულებით რაკეტებს უახლოეს საათებში გაუშვებდა. ამას წინ უძღოდა 9 აპრილის განცხადება, სადაც ის აღნიშნავდა, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემდა. გუშინ კი კვლავ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მას არასდროს უთქვამს, როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე - "ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც ისე მალე".

    ტრამპის განცხადებების საპასუხოდ რუსეთში აცხადებენ, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებენ და დაარტყამენ იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გაშვებული.

    შესაძლო დარტყმისთვის ემზადება დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალებიც. როგორც ბი-ბი-სი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ტერეზა მეი მზად არის, სირიის პროსამთავრობო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს შეუერთდეს. მეტიც, მან სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა.

    "სავარაუდოდ, მთავრობა მხარს დაუჭერს მეის გადაწყვეტილებას და დიდი ბრიტანეთი შეუერთდება აშშ-ის ავიადარტყმებს, თუმცა ჩვენი წყაროები ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აშშ-სა და საფრანგეთთან მოლაპარაკების გაგრძელებაა საჭირო," - წერს გამოცემა.

    სირიაში მოსალოდნელ იერიშთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაში ჰყავს რუსეთსაც. ამის შესახებ ინფორმაციას დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმირ შამანოვი ავრცელებს.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი "ტვიტერზე" ხშირად წერს ასეთ მიმართვებს, რომლითაც ის, შესაძლოა, ერთობა, ან, მეორე მხრივ, მის ნაწერებს გარკვეული მიზნები აქვს.

    "არ მგონია, რომ გუშინდელი განცხადებით ის უკან იხევდეს. შესაძლოა, იმ მოლოდინს უპასუხა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში მთელი მსოფლიო მოიცვა. სავრაუდოდ, ეს გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოება არ ყოფილიყო ყოველ საათს აშშ-ის სარაკეტო იერიშის მოლოდინში.

    "ამასთანავე, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი, ზუსტად გამოაცხადო იერიშის დრო. ამიტომ, შესაძლოა, ამით უბრალოდ მოადუნოს მათი ყურადღება, ვისი მისამართითაც აპირებს სარაკეტო დარტყმას და თუ ამერიკას ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს შეიძლება მოხდეს მოულოდნელად და არა წინასწარ გაცხადებით," - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

    მისი თქმით, მსოფლიო ახლა თვალს ადევნებს სირიის კონფლიქტის ძირითადი მონაწილეების ირიბ დაპირისპირებას, სადაც მათი ინტერესები მკვეთრად გადაიკვეთა და საკუთარ მოკავშირეებთან ერთად ჩიხში მოექცნენ.

    "ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იქნება. მხარეები სირიის ომში უკვე ნაკლებად იბრძვიან "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ისინი მეტწილად დაკავებულები არიან საკუთარი ინტერესების გადაწყვეტით და ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ. მსგავი ვითარება ადრე არ ყოფილა," - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    კითხვაზე, რა განვითარება ან დასასრული შეიძლება მოჰყვეს ამგვარ მუქარის შემცველ განცხადებებს, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ პირდაპირი დაპირისპირება არ იქნება, მაგრამ ირიბი დაპირისპირების პირობებში აშშ-ის მხრიდან სარაკეტო დარტყმები გამორიცხული არ არის.

    "არ მგონია, ის მოლოდინი გამართლდეს, რაც აწუხებს მთელ მსოფლიოს. ბევრი სვამს კითხვას, იქნება თუ არა მესამე მსოფლიო ომი? მე გამოვრიცხავ უშუალო დაპირისპირებას აშშ-სა და რუსეთს შორის, ან დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ აშშ იმოქმედებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ საპასუხოდ კი რუსეთი იმოქმედებს ასადის რეჟიმის ხელით. იურიდიულად იმოქმედებს ასადი, მაგრამ მათ უკან იქნება რუსეთი.

    "რაც შეეხება სარაკეტო იერიშის დაწყებას, ეფექტიანი მოქმედებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების საზღვაო დაჯგუფება არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, აშშ-ს თუნდაც წუთების შემდეგ შეუძლია იერიში, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისად მომზადებული, არ იქნება საიმისო მასშტაბი, რომ ამ ოპერაციამ გარკვეულ სამხედრო წარმატებას მიაღწიოს, მაშინ იგი ვერ იქნება ეფექტიანი. ამიტომ თუ ტრამპის ადმინისტრაციაში ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, ჩვენ უნდა დაველოდოთ სათანადო დაჯგუფების შექმნას, რასაც, ყველაზე მცირე, ერთიდან სამ კვირამდე დასჭირდება. შემდეგ უკვე საჭიროა ოპერაციის დაგეგმვა, შეთანხმება, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ალბათ თვის ბოლომდე ან მაისის დასაწყისამდე სერიოზულ ამბებს არ უნდა ველოდოთ. ისე, წინა ოპერაციის მსგავსი შეიძლება ახლაც იყოს, მაგრამ არ ექნება არც მასშტაბი და არც ეფექტი."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved