სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    16.04.2018

     რუსეთის დუმაში აშშ-ის სანქციების საპასუხო ზომებზე მსჯელობენ. საუბარია კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც აშშ-დან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, მედიკამენტების, სიგარეტისა და ალკოჰოლის იმპორტი აიკრძალება, ხოლო ამერიკულ კომპანიებთან თანამშროლობა შეიზღუდება ან შეწყდება.

    აღნიშნულ კანონპროექტს ანალიტიკოსები "რუსეთისთვის ალესილ მახვილს" უწოდებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ თუ ეს აშშ-ისა და დასავლეთისთვის არასასურველია, თავად რუსეთისთვის უფრო ცუდი შედეგის მომტანი იქნება. მათი თქმით, ეს სანქციები კიდევ უფრო იზოლაციაში მოაქცევს მოსკოვს.

    კანონპროექტი, რომელიც რუსეთის სათათბიროში დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და სხვა ფრაქიების ლიდერებმა წარადგინეს, შემდეგ აკრძალვებს/შეზრუდვებს ითვალისწინებს:

    - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ნედლეულისა და სურსათის იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა;

    - ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა;

    - მედიკამენტების იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომელთა ანალოგების წარმოებაც რუსეთში არ ხდება;

    - აშშ-ში ისეთი პროდუქციისა და აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა, რომელთა წარმოებაშიც იშვიათი ლითონები გამოიყენება;

    - ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო და მუნიციპალური შესყიდვების აკრძალვა;

    - სასაქონლო ნიშნების გამოყენების ექსკლუზიური უფლების გაუქმება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ უფლების მფლობელები აშშ-ის მოქალაქეები არიან;

    - მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვაზე აკრძალვა;

    - იმ თვითმფრინავების აერონავიგაციური მომსახურების საფასურის ზრდა, რომლებიც ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ და რუსეთის საჰაერო სივრცეს გამოიყენებენ.

    დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის ორგანიზაციებთან რუსეთის იურიდიული პირების თანამშროლობის შეჩერებას.

    თანამშრომლობა შეწყდება ისეთ ამერიკულ ორგანიზაციებთანაც, რომლებიც ოპერირებენ შემდეგ სფეროებში:

    - ბირთვული ინდუსტრია;

    - ავიამშენებლობა;

    - სარაკეტო ინდუსტრია;

    - საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული მომსახურება.

    ამ კომპანიებს ასევე ეკრძალებათ რუსეთში ფედერალური ქონების გაყიდვისა და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობა.

    გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის მთავრობას ექნება უფლება, გააფართოოს ის ჩამონათვალი, რომელსაც შეზღუდვები შეეხება. ამასთანავე, შეადგინოს იმ მოქალაქეების სია, რომელთაც რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

    პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშულ კანონპროექტს "რუსულ მახვილს" უწოდებს, რადგან, მისი შეფასებით, იგივე ავიამშენელობის საკითხში თანამშრომლობის გაწყვეტა რუსეთს უფრო მეტად დააზრალებს, ვიდრე აშშ-ს.

    "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც რუსეთს შეუძლია, საპასუხო დარტყმა მიაყენოს აშშ-ს, ეს გახლავთ საავიაციო მშენებლობა, რადგან იგივე "ბოინგის" წარმოებისთვის იყენებენ ძირითადად რუსეთიდან ექსპორტირებულ ნედლეულს. მაგრამ ეს რუსული მახვილია - კი დაზარალდება "ბოინგი", მაგრამ წავლენ და სხვაგან იშოვიან ამ ნედლეულს. რუსულს რა ეშველება მერე? ხომ უნდა გასაღების ბაზირი? ვინ იყიდის?

    "ამიტომ, ეს აკრძალვები ორივეს დააზარლებს. უბრალოდ, საკითხი დგას ასე - რომელს უფრო მეტად დააზარალებს", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

    კითხვაზე, საერთო ჯამში, ვინ უფრო დაზარალებული აღმოჩნდება, პოლიტოლოგი პასუხობს - რუსეთი.

    "რა თქმა უნდა, რუსულ კომპანიებს უფრო მეტად დააზრალებს. იმიტომ, რომ აშშ-ის საგარეო ვაჭრობაში ძალიან მცირეა რუსეთის ხვედრითი წილი, ამიტომ ეს მისთვის ასეთი მტკივნეული არ იქნება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც კონგრესი ანტირუსულ სანქციებს იღებდა, იქ განხილვები ხდებოდა დეტალურად და გათვლილი იყო, ამას რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა.

    "ამით რუსეთი პოლიტიკურად უკვე თვითონ ხელოვნურად დგამს ნაბიჯს თვითიზოლაციისკენ. ეს ის მომენტია, როდესაც ჰორიზონტზე სულ უფრო იკვეთება მარგინალიზაციის პერსპექტივა. რუსეთი ცდილობს, სახე შეინარჩუნოს, მაგრამ ეს რა დაუჯდება მის ეკონომიკასა და მრეწველობას, რთულად მისახვედრი არ არის", - ამბობს სოსო ცინცაძე.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკიკურ და უსაფრთხოების საითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ, მიუხედავად პრობლემური საკითხებისა, საპასუხო სანქციები სერიოზულ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე არ იქონიებს.

    "ჩვენი საექსპერტო საზოგადოება, მედია საკმაოდ მცირე დროს უთმობს ანალიტიკურ პუბლიკაციებს. განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკას. მოსახლეობას არ მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია თუნდაც რეგიონის სახელმწიფოების ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

    "რუსეთის მოსახლეობა სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. დაახლოებით 20 მლნ ადამიანი რუსეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ამდენივე სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს.

    "თუმცა, დასავლური სანქციები, ჩემი შეფასებით, არასაკმარისად ეფექტიანია. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, რუსეთის სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 24%-ით გაიზარდა და შეადგინა 587 მლრდ დოლარი, რომლის მესამედი ენერგეტიკაზე მოდის. რუსეთს დადებითი სავაჭრო სალდო აქვს და 130 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს.

    "ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი ყვავის, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ დასავლეთს მოუწევს უფრო ეფექტიანი ზომების მიღება რუსეთის შესაკავებლად.

    "რაც შეეხება რუსეთის საპასუხო სანქციებს, შესაძლოა, მომზადებულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს. მაგალითად, ტიტანის უმსხვილესმა მწარმოებელმა, რომელსაც პროდუქციის 70%-ს ექსპორტზე გააქვს, ითხოვა, გადაიხედოს სანქციების ეს ნაწილი.

    "აშშ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა არც ისე დიდია და რუსეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. მიუხედავად პრობლემური საკითხებისა, საპასუხო სანქციები სერიოზულ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე არ იქონიებს. ნავთობზე ფასების მატება რუსეთის ბიუჯეტს დამატებითი ნავთობდოლარებით ამარაგებს. რუსული ენერგორესურსების მოხმარება კი მატულობს როგორც ევროკავშირის, ასევე ჩინეთის ბაზარზე.

    "საკმაოდ მწვავე იყო ბოლო ამერიკული სანქციები, რომლებმაც რუსული საფონდო ინდექსების რყევები გამოიწვია. თუმცა, აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, დასავლეთის ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved