სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    08.05.2018

     ერევანში მიმდინარე "ხავერდოვანი რევოლუციის" ფონზე, მთიან ყარაბაღში ვითარება შესაძლოა უკიდურესად დაიძაბოს და ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რამდენიმე დღის წინ არაღიარებული ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც, მისი ცნობით, სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების ხაზთან აზერბაიჯანული ნაწილების მობილიზაციაა ასახული.

    ერევანში მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა სომხეთში შექმნილი ქაოსური მდგომარეობითა და სახელისუფლებო კრიზისით ისარგებლოს და შეიარაღებული გზით სცადოს ამჟამად სომხების კონტროლს ქვეშ მყოფი ტერიტორიების დაბრუნება. თუმცა სომეხ პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საფრთხე გაზვიადებულია და სომხეთის აწ უკვე ყოფილი ხელისუფლება ყარაბაღის საკითხით ერევანში მიმდინარე აქციების გადაფარვას ცდილობდა.

    ამის პარალელურად გარკვეული პოლიტიკური აქტიურობა შეინიშნება ბაქოშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასულ კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ყარაბაღის კონფლიქტის შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით ორი შეხვედრა გამართა.

    ამასთან ბაქოში იმყოფებოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი მოულოდნელი ვიზიტით თურქეთს ეწვია.

    მთიან ყარაბაღში ვითარების შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტოლოგებს თითქმის ერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. კონფლიქტურ რეგიონში ვითარების დაძაბვას არ გამორიცხავენ, თუმცა ფართომასშტაბიან ომს არ ელიან.

    "ყარაბაღში ძალიან დაძაბულია ვითარება. ორი კვირაა საზღვარზე აზერბაიჯანის ჯარების კონცეტრაცია ხდება. ვარაუდია, რომ ალიევმა შესაძლოა ეს მომენტი გამოიყენოს - ერევანსა და რუსეთში მთავრობის დაკომპლექტება მიმდინარეობს და შეიძლება ეს ხელსაყრელად მიიჩნიონ. მაგრამ ვფიქრობ, ნაკლებად არის ამის საფრთხე. ალიევმა მშვენივრად იცის, რომ ფართომაშსტაბიანი ომის დაწყება რუსეთთან ომს ნიშნავს. ასე რომ, შეიძლება ინციდენტები იყოს როგორც 2-3 წლის წინ. კიდევ შეიძლება აზერბაიჯანმა ტერიტორიის პატარა მონაკვეთი დაიბრუნოს. მაგრამ პრინციპში ამით მიზანი არ მიიღწევა. მაგრამ დიდი ომის საშიშროებას ვერ ვხედავ", - უთხრა "რეზონანსს" ცინცაძემ.

    პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით, კი ყარაბაღში ვითარების დაძაბვა რუსეთზეა დამოკიდებული. მისი თქმით, სომხეთი თუ გადაწყვეტს საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლას, ოფიციალური მოსკოვი მწავნე შუქს აზერბაიჯანს აუნთებს.

    "შესაძლოა რუსეთი აკვირდება თუ რა პოლიტიკას გაატარებს სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. თუმცა მან უკვე განაცხადა, რომ რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობა სურს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა არ არის გამორიცხული, უკიდურეს შემთხვევაში რუსეთმა აზერბაიჯანს აუნთოს მწავანე შუქი და საომარი მოქმედებები განახლდეს", - გვითხრა ჩიტაძემ.

    რაც შეეხება რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული მოკავშირეობის დოკუმენტს, ჩიტიძის თქმით, რუსეთი ამისგან პასუხისმგებლობას მარტივად მოიხსნის.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved