სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    09.05.2018

     სომხეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მინისტრთა კაბინეტის შეცვლა უკვე დააანონსა. ის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ძალოვანი უწყებების პირველი პირების შეცვლას გეგმავს. ასევე თქვა, რომ 14 მაისს სოჭში ევრაზიის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება (შეგახსენებთ, რომ მანამდე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო მეთაურებს შორის პირველად სწორედ პუტინს შეხვდა.). ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ხალხს მან განუცხადა, რომ "დღეიდან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხალხი მიიღებს".

    სომხეთის პარლამენტში საათნახევრიანი მოსმენის შემდეგ სახალხო მოძრაობის "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერი, 42 წლის ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მას მხარი ამჯერად 59-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის - მმართველი "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე წარმომადგენელმაც. რიგგარეშე სესიას დარბაზშივე ადევნებდა თვალს ცნობილ ამერიკულ როკ-ჯგუფ "სისტემ ოფ დაუნის" სოლისტი სერჟ ტანკიანი.

    ფაშინიანის პრემიერად არჩევის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმაც. შედეგების გამოცხადებას დიდი ოვაციებით შეხვდა რესპუბლიკის მოედანზე თავშეყრილი ათიათასობით ადამიანი.

    ახლად არჩეული ფაშინიანი შეკრებილებთან გავიდა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა, თან შეკრებილებს განუცხადა, რომ დღეიდან გადაწყვეტილებებს მიიღებს ხალხი და მხოლოდ ის მინისტრები დაინიშნებიან, ვინც ხალხს სურს. აქციის მონაწილეები ოპოზიციის ლიდერის პრემიერის თანამდებობაზე დამტკიცებას ისტორიულს უწოდებენ და მოლოდინიც დიდია, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები დაიწყება და საბჭოთა მართვის სტილი ევროპული მართვის სტილით შეიცვლება.

    ფაშინიანს გუშინ საკუთარი მინისტრთა კაბინეტის წევრები არ დაუსახელებია. მას ახალი მთავრობის წარდგენისთვის 15-დღიანი ვადა აქვს. მან უკვე დაიწყო კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომლებთან ერთად კოალიციური დროებითი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბოს. ერთადერთი, რაც უკვე ითქვა, "რესპუბლიკური პარტიის" არც ერთი წარმომადგენელი ახალ მთავრობაში არ იქნება.

    მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველი და მთავარი რეფორმა, რისი დაპირებაც გასცა ფაშინიანმა, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას ეხება, რომლის შემდეგაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

    საგარეო კურსი კი ისევ უცვლელი დარჩება, ამის ერთგვარი პირობა ფაშინიანმა უკვე დადო.

    "სომხეთი დარჩება ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის" წევრად, ამასთან, ერევანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს განავითარებს ევროკავშირთან, აშშ-თან, ირანთან, საქართველოსა და ჩინეთთან", - ამის შესახებ ფაშინიანმა პრემიერად არჩევამდე სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    არჩევის შემდეგ, ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მან განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს ის 14 მაისს, სოჭში, ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდება.

    თავის მხრივ, პუტინმა ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად გახდომა მიულოცა. ფაშინიანს გაპრემიერება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც.

    1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტმა ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ფაშინიანმა მომხრეებს მოუწოდა, საყოველთაო გაფიცვა დაეწყოთ, გადაკეტონ აეროპორტისკენ მიმავალი და სახელმწიფოთაშორისო გზები, ასევე დაბლოკონ მეტროპოლიტენი, სარკინიგზო მაგისტრალები და ქუჩები. სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას ითხოვდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (09.05.2018)
    ჩვენ ეს გამოვიარეთ 15-წლის წინათ, სომხეთი სანამ არ გადაწყვეტს რუსეთის ჯარების მისი ტერიტორიიდან გაყვანის საკითხს და არ დატოვებს ევრაზიულ კავშირს, მანამდე მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალი იქნება, ეს პრობლემა მეტი დოზით ეხება საქართველოსაც, ოკუპანტი რუსის ჯარი საქართველოს ორ რეგიონში, აფერხებს ქართული სახელმწიფოს წინსვლას...სომხეთს პრობლემები ექნებათ კარაბახის გამო, ეს პრობლემა სანამ იარსებებს, სომხეთს ევროკავშირთან და აშშ-ს თან ურთიეთობების დალაგება გაუჭირდება, თუმცა სომხეთს მეტი შანსები აქვს ამ პრობლემების მოგვარების, ვინემ საქართველოს, ვინაიდან გასაღები პრობლემების მოგვარებისა მის ხელშია, ამიტომ სომხეთი უფრო ადრე შეიძლება გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, ვინემ საქართველო...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved