სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    10.05.2018

     აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება.

    ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებითაა სახიფათო. ამათგან, ყველაზე დიდ რისკს ირანისა და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოებას უკავშირებენ. მეორე ნაწილის შეფასებით, ირანი კვლავ რჩება ამ შეთანხმებაში, ამიტომ სერიოზულ გართულებებს არ უნდა ველოდოთ.

    აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტებს ასახელებს და აცხადებს, რომ ეს იყო ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც არასოდეს უნდა დადებულიყო - "ამ შეთანხმებას არ მოუტანია მშვიდობა და არც მოიტანს".

    "ირანის რეჟიმი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ირანის რეჟიმი სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს.

    "ირანის რეჟიმი აფინანსებს ქაოსსა და ტერორს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორიც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მისწრაფება", - განაცხადა ტრამპმა.

    მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ ირანმა ის რომც დაიცვას, მაინც მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. ტრამპმა თავის ადმინისტრაციას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანზე სანქციების დაწესებას. სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ აღნიშული შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა რამდენიმე მიზეზითაა სარისკო. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ირანისა და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოებას ბირთვულ სფეროში.

    "მრჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი განიცდის ებრაული ლობის გარკვეულ ზეგავლენას. ამის ნიშანი იყო იერუსალიმის ისრაელის დედაქალად გამოცხადებაც. ტრამპი ჩაება წინასწარვე წაგებულ თამაშში და მის ინიციატივას ქვეყნების უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა.

    "დღევანდელ დღესაც, მე ვფიქრობ, ამ შეთანხმებიდან აშშ-ის ცალმხრივი გასვლა კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას სპარსეთის ყურეში. ამით ირანს მიეცა შანსი, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან.

    "მით უმეტეს, ბირთვულ სფეროში, სადაც ვიცით, რომ რუსეთსა ირანს შორის მრავალი წელია, მიმდინარეობს თანამშრომლობა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ირანი არის ერთ-ერთი ძირითადი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, შესაბამისად, თუ აშშ სანქციებს შემოიღებს, საერთაშორისო ბაზარზე ირანს შეეზღუდება ნავთობის დამატებითი მოცულობის ექსპორტი, რამაც შეიძლება, ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვიოს", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    აღნიშნული გადაწყვეტილება იქონიებს თუ არა რამე გავლენას საქართველოზე, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ თუ აშშ-ის ურთიერთობა კვლავ დაეძაბება ირანთან, აშშ-ის ნაკლები დრო ექნება პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, რაც, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებზე დადებითად ვერ აისახება.

    "რუსეთის ფედერაციას ყველანაირად აწყობს, რომ დასავლეთსა და აშშ-ს დამატებითი თავის ტკივილი გაუჩნდეს, პოსტსაბჭოთა სივრცის გარეთ. ვგულისხმობ ჩრდილოეთ კორეას, ირანს, სირიასა და ა.შ. თუ აშშ-ს ირანთან კვლავ დაეძაბება ურთერთობა, აშშ კონცენტრირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და შესაძლოა, ნაკლები ყურადღება გამოიჩინოს პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ.

    "ამ უკანასკნელს რუსეთი განიხილავს, როგორც თავისი სტრატეგიული იტერესების ზონას. შესაბამისად, ეს არის ჩვენთვის საკმაოდ პრობლემატური და საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე დადებითად ვერ აისახება", - აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

    ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ახლო მომავალში რამე გართულებას არ ელოდება. მით უმეტეს, რომ ირანი კვლავ რჩება შეთანხმებაში, რითაც აშშ-სა და დასავლეთთან მოლაპარაკებების ფორმატს ინარჩუნებს.

    "ამ გადაწყვეტილების ერთი მხარეა ის, რომ ტრამპი უბრალოდ აგრძელებს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. მეორე მხრივ, ის აფიქსირებს, რომ აშშ არის ერთადერთი ზესახელმწიფო და რუსეთის ან სხვა ქვეყნების ინტერესებს, ფაქტობრივად, იგნორს უკეთებს.

    "მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მან კონსულტაციები გაიარა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ამ ხელშეკრულებიდან არ გადიან, გადაწყვეტილება მაინც ერთპიროვნულად მიიღო. აქ მთავარი მესიჯი მაინც ის არის, რომ ამ პროცესში გვერდით სწევს რუსეთს.

    "პროცესების წარმართვას ისე მარტივად არ ველოდები, როგორც ეს ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, დიდი ალბათობით, აშშ ცდილობს, ასეთი გზებით უზრუნველყოს ირანის ბირთვული პროგრამის დახურვა. როგორც ცხადდება, მათ აქვთ ინფორმაციები, რომ ირანი აგრძელებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას.

    "არ მგონია, რომ აშშ-ის გასვლას რამე გართულება მოჰყვეს, მით უმეტეს, რომ ირანი რჩება ამ ხელშეკრულებაში, რითაც ის იტოვებს მოლაპარაკებების ფორმატს როგორც ამერიკასთან, ისე - დასავლეთთან. დანარჩენს დრო გვიჩვენებს", - აცხადებს სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved