სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გაჩეჩილაძე
    14.05.2018

     რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთი ფეხბურთში მსოფლიო პირველობას უმასპინძლებს. რუსული მასმედია ამ სპორტული შეჯიბრების საორგანიზაციო საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობს. რამდენიმე დღის წინ "მუნდიალი-2018"-ს გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტაც" შეეხო, მაგრამ არასპორტული კუთხით - გამოცემამ მიმდინარე წლის 3-5 ივნისს უკრაინასა და დონეცკი-ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებს შორის საომარი მოქმედების განახლება დააანონსა და ეს საფეხბურთო მსოფლიო პირველობას დაუკავშირა.

    მიმდინარე წლის 28 მარტს უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი პრორუსი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა იგორ სტრელკოვმა პრესკონფერენცია მოიწვია და ივნისის დასაწყისში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინის სამხედრო შენაერთების მოსალოდნელ გააქტიურებაზე ისაუბრა.

    მისი მტკიცებით, მსოფლიო პირველობის ჩატარების დღეებში რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას უკრაინული პრობლემისთვის არ ეცლება. ამით ოფიციალური კიევი ისარგებლებს და 3-5 ივნისიდან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საომარი ოპერაციებით გათავისუფლებას შეეცდება, ხოლო რუსეთის ხელისუფლება საფეხბურთო პირველობის ბოიკოტირების შიშით თვითაღიარებული რესპუბლიკების დახმარებისაგან თავს შეიკავებს.

    იგორ სტრელკოვი ახლო წარსულში დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო, გარკვეული დროის განმავლობაში კი "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. ამჟამად თადარიგშია, თუმცა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას კვლავინდებურად აგრძელებს.

    ორი დღის წინ გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" ცნობილი რუსი პოლიტოლოგი, კრემლის პოლიტიკური კურსის აქტიური მხარდამჭერი სერგეი მარკოვი ესაუბრა და იგორ სტრელკოვის მიერ გავრცელებული ცნობები დაადასტურა. უფრო მეტიც, მარკოვმა მთელი რიგი მტკიცებულებებიც წარმოადგინა, რის თანახმადაც, რამდენიმე კვირაში უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედების განახლებას უნდა ველოდოთ.

    მარკოვის მტკიცებით, ივნისის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების წინააღმდეგ აქტიურ საომარ მოქმედებას დაიწყებენ. მსოფლიო პირველობა 14 ივნისს იწყება. უკრაინული მხარე შეეცდება, რომ ამ თარიღამდე მაქსიმალურად ბევრი ტერიტორია დაიბრუნოს.

    რუსეთის ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. თუ "მეამბოხე რესპუბლიკებს" დაეხმარება, მსოფლიო პირველობა უტყუარი ჩაშლის წინაშე დადგება.

    "3-15 ივნისს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთის საზღვრებთან, ნატოს მორიგი სამხედრო წვრთნა გაიმართება. ამ ღონისძიებაში 19 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს სამხედრო მანევრები რუსეთზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით იმართება. გარკვეულწილად რუსეთის ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებასაც ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ კრემლში ე.წ. "ცხელი თავები" გამოჩნდებიან და ნატოს მოსალოდნელ პროვოკაციაში აჰყვებიან. ეს ყველაფერი ფეხბურთში მსოფლიო პირველობის ჩასაშლელად მზადდება.

    "მაქვს უტყუარი ცნობები, რომ ნატოს სამხედრო წვრთნის პარალელურად უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე შეიჭრებიან და უმოკლეს დროში ამ ორ რესპუბლიკაში უკრაინის იურისდიქციის აღდგენას შეეცდებიან. უკრაინის გენერალურ შტაბში ამ საომარი მოქმედების გეგმა დიდი ხნის შემუშავებულია. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ სამხედრო ოპერაციის დაწყების თარიღი 3-5 ივნისია. რასაკვირველია, რუსეთის დახმარების გარეშე უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის სამხედრო ფორმირებებს ერთ კვირაში ადვილად დაამარცხებენ.

    "იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ხელისუფლება მსოფლიო პირველობის გამართვას ეჭვქვეშ დააყენებს და დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სამხედრო დახმარებას გადაწყვეტს, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვით მდგომარეობაში გადაინაცვლებენ და დროის მაქსიმალურად მოგებას შეეცდებიან.

    "ანალოგიური სცენარი მიმდინარე წლის მარტის დასასრულს იგორ სტრელკოვმა გაახმიანა. სამწუხაროდ, მისი პროგნოზი მართლდება, რადგან, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლება აქტიური საომარი მოქმედებისათვის ემზადება.

    "მოვუწოდებ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჩემს ინფორმაციას სრული სერიოზულობით მოეკიდონ. დიდია ალბათობა, რომ უახლოეს დღეებში განსაკუთრებული დილემის წინაშე დადგნენ: დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დაკარგვა თუ ფეხბურთში მსოფლიო პირველობის მოსალოდნელი ჩაშლა", - განაცხადა სერგეი მარკოვმა.

    გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტას" მტკიცებით, უკრაინული მხარე სერგეი მარკოვის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია და ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.

    ივნისის დასაწყისამდე ცოტა დროა დარჩენილი. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, მსოფლიო პირველობის მოახლოებასთან ერთად, რუსულმა საგარეო პოლიტიკამ დროებითი ტაიმაუტი აიღო და თუნდაც სირიის მოვლენებთან მიმართებით მკვეთრი განცხადებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

    მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკოსების ვარაუდით, ოფიციალური კრემლი საფეხბურთო პირველობის დასასრულს ელოდება და მის გააქტიურებას ამ სპორტული შეჯიბრების დასრულების შემდეგ უნდა ველოდოთ. ეს თეორიულად, პრაქტიკულად კი, არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი იმ შემთხვევაში, თუ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნების საფრთხე შეექმნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (14.05.2018)
    როგრ წარმოგიდგენიათ ომი რომლის ტარირიც უკვე ცნობილიადა ვინ გაიმრჯვებს? ხომარ მოელაპარაკა პუტინი პოროშენკოს რაღაც დათმობაზე?? ...ტუ ეს ასე ვიხილავთ პატარ ომს რომელიც დამტვრდება აკურატ მსოფლიო ჩემპიონატის წინნ. ვნახოთ ა ბურთიი და ა მოედანიი ანუ დონბასიიი....


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved