სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გაჩეჩილაძე
    28.05.2018

     რამდენიმე დღის წინ ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ ტაიმსი" მიმდინარე წლის შვიდ თებერვალს, სირიის დაირ-ელ-ზავრის რაიონში ბასარ ასადის შეიარაღებულ ძალებსა და რუსულ დაქირავებულ მებრძოლებზე აშშ-ის საჰაერო შეტევას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და დღემდე უცნობი მასალები გამოაქვეყნა. ადრე ცნობილი იყო, რომ ბაშარ ასადის ერთგული ქვედანაყოფები და რუსული ე.წ. "ვაგნერის ჯგუფის" მეომრები საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდნენ და ამერიკულ მხარესთან უშუალო სახმელეთო შეტაკება არ ჰქონიათ. "ნიუ-იორკ ტაიმსის" ხელთ არსებული მონაცემებით კი, რუსულ და ამერიკულ ქვედანაყოფს რამდენიმე წუთის განმავლობაში, საჰაერო შეტევის დაწყებამდე ერთმანეთში დაუნდობელი შეტაკება მოსვლიათ.

    შვიდ თებერვალს ბაშარ ასადის რეჟიმის ძალებმა იმ პოზიციაზე სცადეს შეტევა, სადაც აშშ-ის "დელტას" ჯგუფისა და ასადის ოპოზიციური "სირიის დემოკრატიული ძალების" მებრძოლები იყვნენ გამაგრებული. შეტევაში მათ "ვაგნერის ჯგუფიც" ეხმარებოდა.

    ამ იერიშის შედეგად დაიღუპა 200-მდე რუსი დაქირავებული მებრძოლი. რუსულ ოფიციალურ სტრუქტურებს დღემდე ამ შეტაკებისას გარდაცვლილთა ზუსტი ციფრი არ გამოუქვეყნებიათ.

    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში რუსეთი არაოფიციალურ სამხედრო დანაყოფებს იყენებს, რომლებიც ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს არ მიეკუთვნება. ასეთი ჯგუფები ადრე მოქმედებდნენ უკრაინაში, ახლა კი აქტიურად არიან ჩართული სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

    "ვაგნერის ჯგუფის" ე.წ. არაოფიციალური სტატუსი გახდა ის მიზეზი, რომ შვიდი თებერვლის სამხედრო ინციდენტის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ვერანაირი პრეტენზია ვერ წაუყენა. უფრო მეტიც, საჰაერო შეტევის დაწყებამდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ რუსული მხარე ოფიციალურად გააფრთხილა, პასუხად კი, ამ რეგიონში ჩვენი სამხედრო შენაერთები არ იმყოფებიანო, მიიღო.

    რამდენიმე დღის წინ გამოცემა "ნიუ იორკ ტაიმსმა" შვიდი თებერვლის სამხედრო კონფლიქტის შესახებ ახალი, დაზუსტებული მასალები გამოაქვეყნა. გაზეთი იმ ბრძოლაში მონაწილე რამდენიმე ამერიკელ სამხედრო მოსამსახურესა და პენტაგონის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს გაესაუბრა.

    ცნობილი გახდა, რომ დაირ-ელ-ზავრის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიახლოვეს ამერიკული შენაერთ "დელტას" ოცდაათამდე მებრძოლი იმყოფებოდა, რომლებსაც "სირიის დემოკრატიული ძალების" მეომრებთან ერთად ამ ქარხნის დაცვა ევალებოდა.

    შვიდ თებერვალს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ამერიკულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ ქარხნის დასალაშქრავად ბასარ ასადის 500-კაციანი და რამდენიმე ასეული მებრძოლისგან შემდგარი უცნობი სამხედრო დაჯგუფება მიეშურებოდა. თავდამსხმელებს მხარს 27 ტანკი და საბრძოლო მანქანა უმაგრებდა.

    დაახლოებით 20:30 საათზე ეს დაჯგუფება ამერიკულ "დელტას" დისლოკაციის ადგილს 1.5 კილომეტრი მანძილზე მიუახლოვდა.

    ადგილობრივი დროით 22.30 საათზე სირიულმა და უცნობმა (როგორც მოგვიანებით გაირკვა - "ვაგნერის ჯგუფმა") რაზმმა ქარხანაზე შეტევა წამოიწყო. თხუთმეტი წუთის განმავლობაში ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი საპასუხო ცეცხლის გახსნისაგან თავს იკავებდა. ამავე დროს ამერიკული მხარე რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს დაუკავშირდა და ამ საბრძოლო ოპერაციისა და თავდამსხმელებს შორის რუსული შეიარაღებული ჯგუფის არსებობის შესახებ ამცნო.

    რუსული ოფიციალური სტრუქტურები ამ ცნობას დუმილით შეხვდნენ და ამერიკელებს არანაირი პასუხი არ გასცეს.

    რუსულ-სირიული ჯგუფი ქარხანაზე აქტიურ თავდასხმას აგრძელებდა. ამერიკული "დელტას" მებრძოლები იძულებული გახდნენ, საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. 22.45 წუთზე ბრძოლის ველზე აშშ-ის საჰაერო ძალები გამოჩდნენ, რომლებმაც თავდასხმელებზე იერიში მიიტანეს.

    საჰაერო თავდახმა 1:00 საათამდე გრძელდებოდა. დიდი დანაკლისის მიუხედავად, სირიულ-რუსულმა დაჯგუფებამ ქარხანაზე იერიში მაინც გააგრძელა და მათი მოგერიება "დელტას" წევრებს მოუხდათ. საბოლოოდ, 2:00 საათზე თავდამსხმელებმა უკან დაიხიეს.

    ამერიკული მხარის მტკიცებით, მათ ბრძოლის ველზე არც ერთი შეიარაღებული მებრძოლი არ დაუკარგავთ. რაც შეეხება "ვაგნერის ჯგუფს", მათ დაირ-ელ-ზავრის რაიონში, სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, 200-დან 300-მდე მებრძოლი დაკარგეს.

    პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფრი ჰარიგიანმა "ნიუ-იორკ ტაიმსს" განუცხადა, რომ ამერიკულმა მხარემ საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ ამ რეგიონში რუსი სამხედრო მოსამსახურეები არ იმყოფებოდნენ.

    მოგვიანებით რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ "ვაგნერის ჯგუფი" ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს არ მიეკუთვნება და მათი იმ რეგიონში ყოფნა მათთვის საიდუმლოს წარმოადგენდა.

    რუსული მხარე დაირ-ელ-ზავრის შეტაკებაზე დუმილს არჩევდა. საწინააღმდეგოს ფიქრობდა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მიმდინარე წლის 19 აპრილს ფლორიდაში, იაპონიის პრემიერ სინძო აბესთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მიმდინარე წლის შვიდ თებერვალს სირიაში ადგილი ჰქონდა რუს და ამერიკელ სამხედრო შენაერთებს შორის სერიოზულ სახმელეთო შეტაკებას. წინა დღით ანალოგიური განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უეს მიტჩელმაც.

    რასაკვირველია, რუსული მხარე ამ განცხადებებს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი კრასოვმა ამერიკული მხარის განცხადებებს "დიდი სიცრუე" უწოდა.

    "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიერ გამოქვეყნებული მასალები მოწმობს, რომ რუს და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს სირიაში სერიოზული სამხედრო შეტაკება მართლა ჰქონიათ და დონალდ ტრამპი და უეს მიტჩელი ამ დაპირისპირების შესახებ დადასტურებულ ინფორმაციებს ფლობენ და ღიადაც საუბრობენ, განსხვავებით რუსული მხარისაგან, რომელიც დღემდე დუმილს არჩევს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved