სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    31.05.2018

     უკრაინის სპეცსამსახურებმა, "რუსული აგენტურული ქსელის გამოვლენის" მიზნით, კიევში თავშეფარებული რუსი ჟურნალისტის მკვლელობა "დადგეს". 29 მაისს ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში საკუთარი ბინის კართან მოკლეს პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო.

    უკრაინის ხელისუფლებამ მკვლელობის შეკვეთაში მოსკოვი დაადანაშაულა, თუმცა რუსი ჟურნალისტი ბაბჩენკო ცოცხალი აღმოჩნდა, მისი მკვლელობა კი ინსცენირებული იყო.

    მეორე დღეს "მოკლული" ჟურნალისტი უკრაინის უშიშროების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე თავად გამოჩნდა და განაცხადა, რომ "ეს იყო მკვლელობის ინსცენირება-სპეცოპერაცია, რომელიც სპეცსამსახურებს დაეხმარა, რუსეთის აგენტურული ქსელი გამოევლინა და თავიდან აეცილებინა ცინიკური ოპერაცია, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობასა და მისი უკრაინისთვის გადაბრალებას ისახავდა მიზნად".

    პრესკონფერენციაზე ბაბჩენკომ სპეცოპერაციაში საიდუმლო მონაწილეობისთვის ბოდიში მოიხადა, რადგან ამის შესახებ მისმა ცოლმაც კი არ იცოდა.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვასილი გრიცაკის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი, მათ გაიგეს თავდასხმის შესახებ და მისი გარდაცვლილად გამოცხადება სპეცოპერაციის ნაწილი იყო.

    როგორც უშიშროების სამსახურში აცხადებენ, ჩატარებული სპეცოპერაციით დაკავებულია პირი, რომელიც ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ის უკრაინის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც რუსმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.

    საგულისხმოა ის, რომ კრემლისთვის უცხო არ არის, როდესაც მისთვის მიუღებელ ადამიანებს, მათ შორის აქტიურ და ცნობილ ჟურნალისტებს "საკუთარი კილერებით" უსწორდება, ამიტომაც ეს "მკვლელობა" ყველამ დაიჯერა.

    მით უმეტეს, რომ კრემლისთვის მიუღებელი რუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი მოკლეს 2016 წელს კიევის ცენტრში. ჟურნალისტი მანქანაში ააფეთქეს. მანამდე, მოსკოვში დახოცეს რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელი ჟურნალისტები - ბორის ნემცოვი - 2015 წელს და ანა პოლიტოვსკაია - 2011 წელს და ყველა ეს მკვლელობა "კრემლის" შეკვეთად მიიჩნევა.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში არსებობს "კილერების" ჯგუფი, ე.წ. ლიკვიდატორები. ეს ჯგუფი სწორედ ასეთი "არასაიმედო პიროვნებების" მოსაშორებლადაა შექმნილი.

    "სპეცსამსახურებს აქვს "კილერების" განყოფილება და მისი წევრები საზღვარგარეთ გაქცეული და სხვა არასაიმედო პიროვნებების ლიკვიდაციას ახორციელებენ.

    "ასევე, 1970-იან წლებში ლონდონში ქოლგის ჩხვლეტით მოწამლეს და მოკლეს ბულგარელი დისიდენტი მარკოვი. ბოლოს და ბოლოს, სერგეი სკრიპალის, ბორის ბერეზოვსკისა და ალექსანდრე ლიტვინენკოს ფაქტებიც საკმარისია.

    "სხვათა შორის, ლიტვინენკო სწორედ ფედერალური უშიშროების სამსახურის ამ განყოფილების თანამშრომელი იყო. მას დაავალეს ბერეზოვსკის ლიკვიდაცია, მან ამაზე უარი თქვა, ბერეზოვსკი გააფრთხილა კიდეც. შემდეგ ბერეზოვსკიმ ის ლონდონში გააქცია, თუმც მას ლონდონშიც მისწვდნენ.

    "ასევე გვახსოვს მოსკოვში რუსი ცნობილი ჟურნალისტების, ბორის ნემცოვისა და ანა პოლიტოვსკაიას მკვლელობები. ეს ფაქტები თვითონ ღაღადებენ რუსეთის ქმედებებზე", - ამბობს მაისაია.

    ცნობისათვის, ორი დღის წინ, 29 მაისს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკუთარი ბინის კართან ზურგში სამჯერ ესროლეს რუსეთიდან კიევში თავშეფარებულ რუს ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს, როცა ის სურსათის მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა და ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

    ინფორმაცია გაავრცელა კიევის პოლიციის სამმართველომაც და ასევე გაავრცელეს ეჭვმიტანილის ფოტორობოტი. უკრაინის შს სამინისტრომ სს-ის საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით. გამოძიება განიხილავს ორ ძირითად ვერსიას - ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასა და სამოქალაქო პოზიციას.

    უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა რუსი ჟურნალისტის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა.

    "დარწმუნებული ვარ, რომ რუსულმა ტოტალურმა მანქანამ მას პატიოსნება და პრინციპულობა არ აპატია. ის იყო უკრაინის ჭეშმარიტი მეგობარი, რომელიც მსოფლიოს რუსული აგრესიის შესახებ სიმართლეს უყვებოდა", - დაწერა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა "ფეისბუკში".

    კიევის ბრალდებას სისულელე და პროვოკაცია უწოდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა. ბაბჩენკოს მკვლელობა დაგმო ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა.

    მისი განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჟურნალისტებზე თავდასხმების შესაჩერებლად, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. უკრაინის ხელისუფლებას მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    ჟურნალისტის მკვლელობას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო უკრაინაში. საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ ბაბჩენკოს მკვლელობა არ არის კრემლის კრიტიკოსების წინააღმდეგ რუსეთის საზღვრებს გარეთ ჩადენილი პირველი დანაშაული. ამ მკვლელობას განცხადებები მოჰყვა დასავლეთშიც.

    არკადი ბაბჩენკო მკვეთრად დაპირისპირებულია რუსეთის ხელისუფლებასა და ვლადიმირ პუტინთან. მისი წიგნები 16 ენაზეა ნათარგმნი და 22 ქვეყანაშია გამოცემული. თავისი ოპოზიციური ხედვების გამო ჟურნალისტი რუსეთში დევნის ობიექტი გახდა. დამოუკიდებელი არჩევნების მოთხოვნით, არეულობისკენ მოწოდების ბრალდებით 2012 წელს მის წინააღმდეგ სს-ის საქმე აღიძრა. ბაბჩენკო მუქარის გამო საცხოვრებლად რუსეთიდან უკრაინაში 2017 წელს გადავიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    vaso   (03.06.2018)
    ra ugavs amas russ, dedamiss qartveltanaaq naeshmakari.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved