სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    04.06.2018

     კრემლში ძალიან ძლიერი, ანტიქართული პოლიტიკის გამტარებელი "სომხური ლობი" მოქმედებს და სწორედ სერგეი ლავროვის უწყებაში მოქმედი გავლენიანი სომხური ძალები დგანან სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან. ამის შესახებ კრემლთან დაახლოებული და ანტიქართული გამოსვლებით ცნობილი რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო საუბრობს.

    იგი ამბობს, რომ კავკასიაში რუსეთის მთავარი დასაყრდენი საქართველო უნდა იყოს, რადგან ნამდვილი კავკასიელები ქართველები არიან და კრემლი სწორედ თბილისთან უნდა ცდილობდეს ურთიერთობის მოგვარებას, მაგრამ ამაში მუდმივად უშლის ხელს კრემლში მოქმედი გავლენიანი ანტიქართული ლობი, როგორც სომხური, ისე აზერბაიჯანული.

    სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, კრემლში პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატი და ლავროვის უწყება ერთმანეთთან დაპირისპირებულია. შევჩენკო კი, რომელმაც 2012 წელს ისლამი მიიღო, პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ფიგურაა და გამორიცხული არ არის, ეს იყოს ამ ჯგუფიდან წამოსული მესიჯი ლავროვის წინააღმდეგ.

    ამასთან, არეშიძე ამბობს, რომ კრემლში სომხური ლობი უაღრესად ძლიერია და შესაძლოა, სირიაზე გავლენის მოსახდენად სომხური ძალების აქტიურობა მართლაც დიდი იყო, მაგრამ ეს იქნებოდა ერთ-ერთი მიზეზი და არა გადამწყვეტი, რადგან მოსკოვში პუტინის გარეშე გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს.

    მაქსიმ შევჩენკო კრემლში მოქმედი დიდი ანტიქართული ლობის შესახებ რადიო "ეხო მასკვისთან" საუბრობს. მისი თქმით, ბაშარ ასადს, რომელსაც თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა და რომლის მთავრობასაც თბილისი აღიარებდა, ანტიქართული გადაწყვეტილების მიღება არაფერში სჭირდებოდა და ამას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გააკეთებდა - თუ ვინმე მოსკოვიდან მასზე ამ კუთხით ზემოქმედებას მოახდენდა. რუსი ჟურნალისტის მტკიცებით, ეს წნეხი "სომხური ლობიდან" მოდის.

    "ეს ნაბიჯი მოულოდნელად გადაიდგა ძალზე პოზიტიური მოლაპარაკებების ფონზე გრიგორი კარასინსა მის ქართველ კოლეგას შორის. აშკარა იყო დაახლოება და პოზიტივი სხვადასხვა მიმართულებით და, აი, ამ ფონზე სრულიად მოულოდნელად იდგმება მორიგი, გამოხატულად ანტიქართული ნაბიჯი - სოხუმისა და ცხინვალის ახალი აღიარება მრავალწლიანი პაუზის შემდეგ.

    "რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? რა, რუსეთს მართლაც სისტემატური დაუოკებელი სურვილი აქვს, მუდმივად "ჩექმოს" საქართველო?! რა თქმა უნდა, არა. არსებობენ გარკვეული ლობისტური ძალები, რომლებიც უბიძგებენ რუსეთის ხელმძღვანელობას ანტიქართული პოლიტიკისაკენ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სომხურ ლობთან, რომელიც წარმოდგენილია რუსეთის საგარეო პოლიტიკის სფეროშიც და სხვაგანაც", - ამბობს შევჩენკო და განმარტავს, რომ სომხური ლობის მიზანია, რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელი აშკარა დაახლოების პროცესი ჩაშალოს.

    მისი თქმით, ამ ანტიქართულ ნაბიჯს სხვა მიზეზიც ჰქონდა. რუსი ბიზნესმენები - კარაპეტიანი, ვარდანიანი, აბრამიანი - ეს "ლობისტები" კრემლს არწმუნებდნენ, რომ სომხეთში ვითარებას სრულად აკონტროლებდნენ და ახლა, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც გავლენიანი სტრუქტურა, ამერიკის სომხური ასოციაცია უჭერს მხარს, სტატუსი ჩამოუქვეითდათ და იმისათვის, რომ შეენიღბათ ეს მდორე გადატრიალება სომხეთში, ცდილობენ, საქართველოზე გადაიტანონ ყურადღება სირიის მიერ სოხუმისა და ცხინვალის "აღიარებით".

    "მე მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს, რადგან სწორედ საქართველო იყო და არა ვინმე სხვა ჩვენი მთავარი მოკავშირე კავკასიაში," - აღნიშნავს შევჩენკო, რომელიც, ასევე, ამბობს, რომ ქართველებთან ურთიერთობის "დალაგება" ძალიან ადვილია, რადგან, მაგალითად, ქართული ინტელიგენცია, ელიტა რუსულ მენტალობასთან და რუსეთთან ძალიან ახლოს დგას და სურს, პუტინმა მის ნათქვამს კარგად მოუსმინოს.

    "ჩვენი კავშირი ძლიერია, მაგრამ ვიღაცები მას წყვეტენ და ჭრიან. რატომ? იმიტომ, რომ თუ რუსეთი საქართველოსთან მოილაპარაკებს, მაშინ სამხრეთი კავკასიის პრობლემები უფრო ადვილად მოგვარდება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ნამდვილ კავკასიელებთან მოლაპარაკება და არა იმათთან, ვინც იქ მოსულები არიან და თავს კავკასიელებად ასაღებენ," - დასძენს შევჩენკო.

    მამუკა არეშიძის თქმით, მაქსიმ შევჩენკომ, რომელიც სერიოზული ანტიქართული განწყობით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ მას შემდეგ, რაც ისლამი მიიღო.

    "ის მიიჩნევს, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლებისა და მუსლიმების ქვეყანა და ვიღაც სხვა კონფესიების წარმომადგენლებს იქ არაფერი ესაქმებათ. სხვა კონფესიებში შედიან სომხებიც.

    "რაც შეეხება მის ამ განცხადებას, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პოზიცია კრემლის ერთ-ერთი ჯგუფისა, რომელიც არის ლავროვისა და მისი ჯგუფის მოწინააღმდეგე. კრემლში ასეთი ძალიან სერიოზული ჯგუფია - პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატი და მისი ხელმძღვანელობა. ეს ჯგუფი საკმაოდ ანტაგონისტურად არის განწყობილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ.

    "ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ შევჩენკოს ეს განცხადება ამ შიდა დაპირისპირების გამოძახილი იყოს. თუმცა რუსეთის მხრიდან სირიაზე ზემოქმედების გადაწყვეტილებაში სხვა მიზეზები უფრო საინტერესოა და მეორეც, არ მჯერა, რომ ლავროვმა გადაწყვეტილება პუტინისგან დამოუკიდებლად მიიღო. ასეთი რამ რუსეთში არ ხდება. შეიძლება პუტინი დაარწმუნა ამ გადაწყვეტილების სისწორეში, მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ ბეჭედი პუტინმა დაუსვა," - მიიჩნევს არეშიძე.

    მისი თქმით, მიზეზების მთელი კასკადია, რამაც განაპირობა მოსკოვის მხრიდან ზეგავლენა დამასკოზე.

    "ერთი არის ის, რომ, რუსეთის პოზიციიდან გამომდინარე, საქართველო ძალიან მიუახლოვდა ნატოს. ამას გარდა, რუსეთს პატარ-პატარა წყენაც აქვს ჩვენი, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლო, სადაც რუსეთისთვის ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ამას თვითმხილველი გეუბნებით. რუსეთი ელოდება, რომ მის წინააღმდეგ სერიოზული განაჩენი იქნება გამოტანილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით და თან უკვე აქვს 2006 წლის დეპორტაციასთან დაკავშირებული განაჩენიც. შეიძლება ისეთი დიდი სიმძიმის არ იყოს სასამართლოს დასკვნა, როგორსაც ჩვენ ველოდებით, მაგრამ გადაწყვეტილება რუსეთისთვის სასიამოვნო მაინც არ იქნება.

    "კიდევ სხვა მიზეზებიცაა, წვრილი თუ მსხვილი, რამაც, საბოლოო ჯამში, რუსეთის ხელისუფლება აიძულა, სამაგიეროს გადახდის პროცედურა დაეწყო. შევჩენკო რასაც ამბობს, ეს მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ერთი, რუსეთში, ისე როგორც სან-ფრანცისკოში და პარიზში, სომხური ლობი ძალიან დიდია, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი და არა გადამწყვეტი," - დასძენს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved