სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    09.06.2018

     "მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. თქვენ იცით, რომ რუსეთისთვის კოშმარი ვარ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რუსეთი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთნ, რადგან ის ახლა საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან.

    "გარდა ამისა, რუსეთი "დიდ რვიანში" უნდა დაბრუნდეს, საიდანც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში გამგზავრებამდე, სადაც "დიდი შვიდეულის" სამიტი იმართება და დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, აშშ-ისა და იაპონიის ლიდერები საერთაშორისო თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მსჯელობენ.

    ტრამპის ამ განცხადებას, რომ რუსეთი "დიდი შვიდეულის" მოლაპარაკების მაგდასთან უნდა დაჯდეს და მეტიც, "დიდ რვიანში" უნდა დაბრუნდეს, მხარს არ უჭერს კანადის ხელისუფლება, ვიდრე ყირიმი მოსკოვის კონტროლის ქვეშაა, რის შესახებაც "ბი-ბი-სი" იტყობინება.

    ცნობისთვის, 2014 წელს უკრაინასა და ყირიმში შექმნილი ვითარების გამო ჰააგის სხდომაზე "დიდმა შვიდეულმა" მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მისი შემადგენლობიდან გარიცხვის შესახებ, ვიდრე ის არ შეცვლიდა კურსს.

    რა მიზანს ემსახურება ტრამპის განცხადება და რამდენად რეალიზებადია აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნა - ამის შესახებ "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაბურა.

    პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, ტრამპა ვერ ამოიგდო თავიდან პუტინთან "კარგი გარიგების" იდეა.

    "ასეთი მოწოდებები, რომ რუსეთი უნდა დაბრუნდეს "დიდ შვიდეულში", ევროპიდანაც გაისმის. რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთის "დიდ რვიანში" დაბრუნების თაობაზე, ტრამპმა ვერ იქნა და ვერ ამოიგდო თავიდან პუტინთან "ძალიან, ძალიან კარგი გარიგების" იდეა.

    "ახლა, როდესაც, პრაქტიკულად, უკვე გადაწყვეტილია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მისი შეხვედრა, რასაკვირველია, ისეთი პატივმოყვარე პოლიტიკოსი, როგორიც ტრამპია, შემდგომ ნაბიჯად განიხილავს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას; მით უმეტეს, რომ მთელი წელია, რაც საგანგებო პროკურორი მიულერი დღე და ღამეს ათენებს და წელებზე ფეხს იდგამს, მაგრამ რაიმე სერიოზული სამხილი პირადად ტრამპის წინააღმდეგ ვერ იქნა და ვერ გამოჩხრიკა. ის რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომელნიც უკვე გაებნენ მიულერის ბადეში, არანაირად არ გამოდგებიან უშუალოდ ტრამპზე გასასვლელად.

    "ამ ყველაფერს ემატება ევროპასა და ვაშინგტონს შორის თანამედროვე სიტუაციური დაძაბულობა და თვითონ პუტინის სურვილიც, შეხვდეს ამერიკის პრეზიდენტს. სულ რამდენიმე დღის წინ პუტინმა ავსტრიის კანცლერ კურცსაც მიანიშნა, რომ მადლობელი იქნებოდა, თუ იგი საკუთარ თავზე აიღებდა შუამავლის ფუნქციას და თუნდაც ვენაში უზრუნველყოფდა შეხვედრას. თავის დროზე ხომ სწორედ ვენაში შედგა ხრუშჩოვისა და კენედის ისტორიული შეხვედრა, რომელიც, მართალია, სერიოზული შეთანხმებით არ დასრულებულა, მაგრამ თავისი როლი მაინც შეასრულა", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

    კახა გოგოლაშვილი: "აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია რუსეთთან ურთიერთობის განახლებაზე და ალბათ ესეც ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. რა მიზანს ისახავს ეს განცხადება, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, თუმცა, პირველ რიგში, ალბათ ტრამპს სჭირდება, რომ ჩრდილოეთ კორეის სამიტი არ ჩაიშალოს და ამ პროცესზე რუსეთმა ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს.

    "როგორც ჩანს, რუსეთს აქვს გავლენა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, ტრამპი ალბათ ცდილობს, შეაკავოს რუსეთის ნეგატიური ჩარევა ამ პროცესში.

    "გახდება თუ არა რუსეთი "დიდი შვიდიანის" მერვე წევრი, ძნელი სათქმელია, რადგან ეს ისევ და ისევ უკავშირდება ყირიმის ანექსიას, რაც ნეგატიურ გავლენას იქონიებს უკრაინასთან და დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში.

    "რაც შეეხება თავად რუსეთს, იგი ამ წინადადებას, რომ დაბრუნდეს "დიდი რვიანში", სიამოვნებით მიიღებს და გამოიყენებს კიდეც იმისთვის, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ დაინახოს, რუსეთი სერთაშორისო ასპარეზზე მიუღებელი აქტორი არ არის"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved