სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გაჩეჩილაძე
    11.06.2018

     გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, ივნისში საუდის არაბეთმა ნავთობმოპოვების მოცულობა მკვეთრად გაზარდა. თვის დასასრულს ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას დანარჩენი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც აპირებენ.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი თანდათან იზრდებოდა და მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ერთ ბარელზე 75-80 დოლარს მიაღწია. საუდის არაბეთის მიერ სანავთობო ონკანის გახსნის შედეგად ერთ ბარელზე ნავთობის ფასი უწინდელ ნიშნულს - 60 დოლარს დაუბრუნდება.

    2016 წლის დასასრულს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციაში ("ოპეკი") შემავალმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ნავთობის მოპოვების მოცულობა ხელოვნურად შეემცირებინათ. მიზეზი ამ საწვავის მკვეთრი გაიაფება იყო, იმხანად ერთი ბარელის ფასი 45 დოლარამდე ჩამოვიდა.

    "ოპეკის" წევრ ქვეყნებს ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ამავდროულად ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა მოჰამედ ალ-საიდმა მიმართა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კვლავ გაზრდის მიზნით დღიური მოცულობის 1.8 მილიონი ბარელით შემცირება მოსთხოვა.

    საიდის განცხადებით, მომავალში ნედლეულის მიწოდების საიმედოობის უზრუნველსაყოფად ნავთობის მინიმალურმა ფასმა ბარელზე 65 დოლარი უნდა შეადგინოს. დაბალი ფასით გამოწვეული ინვესტიციების დაცემა კი საფრთხის ქვეშ აყენებდა მომავალ მიწოდებას. მისი თქმით, ნავთობის ფიუჩერსები ჯერ კიდევ არ ვაჭრობენ "სამართლიანი ფასით", რაც საჭიროა ამ დარგში ინვესტიციების სტიმულირებისთვის.

    "ოპეკის" წევრმა ქვეყნებმა ნავთობის მსოფლიო ბაზრის დასარეგულირებლად ნედლეულის მოპოვებაზე ორწლიანი მორატორიუმი გამოაცხადეს. შედეგად, "ოპეკის" წევრმა 17-მა ქვეყანამ, საერთო ჯამში, ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 1.8 მილიონი ბარელით შეამცირა.

    მიმდინარე თვემდე "ოპეკის" წევრი ქვეყნები დღე-ღამეში, საშუალოდ, 32.6 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდნენ. ნედლეულის ფასი თანდათან იზრდებოდა და ერთ ბარელზე 80 დოლარს მიაღწია. ამისი ერთ-ერთი მიზეზი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციები აღმოჩნდა. ირანის მიმართ განხორციელებულმა ემბარგომ მსოფლიო ნავთობმოპოვების ბაზარი დღე-ღამეში ერთი მილიონი ბარელით შეამცირა. ამის შედეგად მიმდინარე წლის მაისის პირველ დღეებში აშშ-ში ბენზინის საცალო ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია.

    პირველმა განგაშის ზარებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემოკრა. მან ოფიციალურად განაცხადა, რომ უკმაყოფილოა "ოპეკის" წევრი ქვეყნების პოლიტიკით და ნავთობზე მზარდი ფასით.

    "ბლუმბერგის" ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვაშინგტონს რამდენიმე სახელმწიფოსთან ჰქონდა მოლაპარაკება ნავთობმოპოვების მოცულობის გაზრდაზე, ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების გამო მოსალოდნელი შედეგების კომპენსირების მიზნით, თუმცა მან უარი თქვა მოლაპარაკების პროცესის დეტალების გამხელაზე.

    სააგენტო "როიტერის" ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, დონალდ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გახმაურებამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდს დაურეკა და სთხოვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული სანქციების გამო ირანიდან ბაზარზე ნავთობის შემცირების ფონზე ფასები ზრდის მიმართულებით წავიდოდა, გაეზარდათ ნავთობმოპოვების მოცულობა.

    ეს საკითხი რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ნავთობის მინისტრების შეხვედრაზეც განიხილეს, რომელიც გასულ შაბათ-კვირას ქუვეიტის დედაქალაქში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში კარტელის წევრებმა პირობა დადეს, რომ "ნავთობის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფენ, რათა დაკმაყოფილდეს ნედლეულზე მოთხოვნის მზარდი ტენდენცია და დაბალანსდეს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში შესაძლო ვარდნა".

    შესაბამისად, მიმდინარე თვის დასაწყისში საუდის არაბეთში ნავთობმოპოვება დღე-ღამეში არანაკლებ 100 ათასი ბარელით გაიზარდა. სულ საუდიტები ივნისში დღე-ღამეში 10 მლნ-მდე ბარელს მოიპოვებენ. ივნისის დასრულებამდე საუდის არაბეთი ნავთობმოპოვებას დღეში, სულ მცირე, კიდევ 100 ათასი ბარელით გაზრდის.

    "ოპეკის" ქვეყნებთან უშუალო მოლაპარაკების გახშირების პარალელურად, დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომ თავად აშშ-ში გაზარდონ საკუთარი ნავთობის მოპოვება და უახლოეს რამდენიმე წელიწადში "ოპეკის" წევრ ქვეყნებზე, რუსეთსა და ვენესუელაზე დამოკიდებული აღარ იყვნენ. კერძოდ, უახლოეს მომავალში აშშ-ში ნავთობმომპოვებელი პლატფორმების ოდენობა მკვეთრად მოიმატებს. დღეისათვის ამ ქვეყანაში დღე-ღამეში 10.425 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებენ.

    საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მტკიცებით, მსოფლიოში ნავთობის ოპტიმალური გასაყიდი ფასი ერთ ბარელზე 60-65 დოლარს უნდა შეადგენდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ მისი დღიური წარმოება ამჟამინდელი 32.6 მილიონი ბარელიდან 97.6 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს. ამის გარდა, მკვეთრად უნდა იმატოს, აზიური რეგიონის გარდა, სხვა ქვეყნებში წარმოებული ნავთობმოპოვების მოცულობამ. საუბარია აშშ-ზე, რუსეთზე, ვენესუელასა და აფრიკის რიგ ქვეყნებზე.

    იმავე საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, აშშ-ში ფიქლების ათვისების ბუმი 2020 წლისათვის ამ ქვეყანას ნავთობის მოპოვებაში მსოფლიო ლიდერად აქცევს.

    აშშ-ის ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება შეასუსტებს უმსხვილესი ნათობმომპოვებელი ქვეყნების: საუდის არაბეთის, ირანის, ერაყისა და რუსეთის პოზიციებს.

    "ფიქლების რევოლუცია" მთლიანად გადააჯგუფებს გლობალურ ენერგობაზარზე ძალთა განლაგებას, აშშ-ს საშუალებას მისცემს, 2030 წლისათვის მთლიანად უარი თქვას ენერგორესურსების იმპორტზე და შეცვალოს საწვავით გლობალური ვაჭრობის ვექტორი. აშშ 2020 წლისთვის გაუსწრებს რუსეთს და საუდის არაბეთს და გახდება ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი.

    ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზე აშშ-ს, როგორც მთავარ მომხმარებელს, უახლოეს წლებში ჩაანაცვლებს ჩინეთი - 2035 წლისათვის ენერგორესურსებზე მისი მოთხოვნა 60%-ით გაზრდება მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში მოხმარება გაიზრდება სულ 3%-ით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved