სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.06.2018

     აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოულოდნელმა წინადადებამ "დიდი შვიდეულიდან" გარიცხული რუსეთის ამ გაერთიანებაში კვლავ დაბრუნების თაობაზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ევროპის სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც კანადაში "დიდი შვიდეულის" სამიტზე შეიკრიბნენ, წინააღმდეგნი აღმოჩნდნენ ამ იდეის და შეთანხმდნენ, რომ რუსეთი არ იქნება დაბრუნებული ამ გაერთიანებაში, ვიდრე უკრაინის საკითხი არ იქნება მოგვარებული.

    "დიდ რვიანში" დაბრუნების სურვილი, როგორც გაირკვა, თავად არც რუსეთს აქვს. ვლადიმერ პუტინმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი, გარდა "დიდი შვიდეულისა", სხვა ფორმატით არის დაინტერესებული.

    რუსი ექსპერტების აზრით, პუტინმა ამ განცხადებით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერთება მსოფლიოს წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფოებისგან შემდგარ გაერთიანებასთან თავის ინტერესში აღარ არის და უპირატესობას შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას ანიჭებს, რომელიც, მათი ვარაუდით, "დიდ შვიდეულს" დიდ კონკურენციას გაუწევს.

    რაზე მიანიშნებს ორი ქვეყნის ლიდერის ეს განცხადებები და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მსოფლიოს ეკონომიკური ჭადრაკის დაფაზე, ამის შესახებ "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

    როგორც "რეზონანსთან" ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, გამოიკვეთა ორი პოლარული გაერთიანება - "დიდი შვიდეული" და შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს.

    "რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის ექსტრაპოლარული პოზიცია ყველას ემოციას იწვევს, ყველას ეგონა, რომ მისი განცხადება რუსეთის "დიდ რვიანში" დაბრუნების თაობაზე მითი იყო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ის სერიოზულად ლაპარაკობდა ამაზე.

    "რაც შეეხება რუსეთს, პუტინმა ხაზი გაუსვა და მიანიშნა იმაზე, რომ მე გამომიჩნდა ალტერნატიული ვარიანტი და მირჩევნია, იქ ვიყო ლიდერიო. როგორ ჩანს, დღეს რუსეთი მომგებიან სიტუაციაში გამოიყურება და აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ომი მის წისქვილზე ასხამს წყალს.

    "გამოიკვეთა ორი პოლარული გაერთიანება - "დიდი შვიდეული" და შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია, კონკურენცია გაუწიოს "დიდ შვიდეულს".

    "საინტერესოა ის მომენტიც, რომ შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და "დიდი შვიდეულის" სამიტი, შეიძლება ითქვას, პარალელურ რეჟიმში გაიმართა და ეს შემთხვევითი არ იყო და იგი შეგნებულად დაემთხვა.

    "საინტერესოა ისიც, რომ ამ სამიტზე შანხაის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ თავის რიგებში ოფიციალურად მიიღო ორი ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა: ინდოეთი და პაკისტანი", - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

     სოსო ცინცაძე: "რასაკვირველია, უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო მოვლენები პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და მას აქვს სიტუაციური არგუმენტები, რათა პოზაში ჩადგეს და ცხვირიც კი აუბზუოს "დიდ შვიდეულს", მაგრამ ეს ყველაფერი განპირობებულია არა ობიექტური მოვლენებით, არა მსოფლიოს ეკონომიკური ჭადრაკის დაფაზე სტრატეგიული ცვლილებებით, არამედ პერსონალური ფაქტორითა და არცთუ ხანგრძლივი ტენდენციებით.

    საქმე ის გახლავთ, რომ შანხაის ეკონომიკური თანამშომლობის ორგანიზაცია, მიუხედავად ინდოეთის, პირველ რიგში, ჩინეთისა და სხვა რამდენიმე წევრის დინამიკური განვითარების შთამბეჭდავი შედეგებისა, ხანგრძლივ გათვლებში ვერანაირად ვერ გაუტოლდება "დიდ შვიდეულს".

    არც იმ ფაქტის იგნორირება შეიძლება, რომ ფასულობებისა და ღირებულებების საძირკველზე დაფუძნებული ცალკეულ მოთამაშეთა პოლიტიკური კურსი, სულაც ვერ გამოდგება გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობისათვის.

    კერძოდ, ავტორიტარული და ტოტალიტარული რუსეთი თავისი უკვდავი კაშეით - ნეპოტიზმითა და კორუფციით, კომუნისტური ჩინეთი, ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ინდოეთი და რეგიონული გიგანტები, რომელნიც შანხაის ორგანიზაციაში იყრიან თავს, შინაგანი და პარტნიორული სიმტკიცით - სტარტეგიულ გათვლებში ვერ გამოდგება "დიდი შვიდეულის" კონკურენტად.

    ის გაუგებრობები თუ კონფლიქტები, რომლებიც თეთრ სახლში ტრამპის დამკვიდრებას მოჰყვა, მხოლოდ გარკვეულ პერიოდში თუ გამოდგება პუტინის გულის მოსაფხანად.

    ამიტომ სახეზე გვაქვს - ბერიერის ერთ მხარეზე დემოკრატიის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების, ამ სამ ზვიგენზე დაფუძნებული ერთობა, რომელსაც მხოლოდ გარკვეულ პერიოდში თუ შეუქმნის არცთუ კატასტროფულ საშიშროებას მთლიანობაში აღებულ ცივილიზებულ სამყაროს.

    ბარიერის მეორე მხარეს არის ისეთი არაბუნებრივი და საბოლოო ჯამში ძალზე სარისკო (რუსეთისთვის) ერთობა, როგორიც დღეს აღინიშნება მოსკოვსა და პეკინს შორის.

    აშშ-ის ისტორიაში არაერთი "ეგზოტიკური" ბინადარი უნახავს ოვალურ კაბინეტს, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო და ეს არც ერთი მათგანის ინტერესში არ შედიოდა - ქვეყნის დამფუძნებელთა მიერ დამკვიდრებული პოლიტიკური ბალავარის ნგრევა. მუდმივი ამ ქვეყნად არაფერია და ტრამპის "პენსიაზე გასვლის დროც" დადგება.

    მეორე მსოფლიო ომი და "ცივი ომი" კარგი გაკვეთილი იყო ცივილიზებული სამყაროსთვის საიმისოდ, რათა რომელიმე აკვიატებული იდეებით გადატვირთული პრეზიდენტის ხუშტურებს არ გადააყოლონ ასეთი დიდი მსხვერპლისა და ტიტანური შრომის შედეგად შექმნილი თავისუფალი სამყარო", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცინცაძემ.

    ფოტო: "შანხაის ორგანიზაცია, მიუხედავად ინდოეთის, ჩინეთის და სხვა რამდენიმე წევრის დინამიკური განვითარების შთამბეჭდავი შედეგებისა, ხანგრძლივ გათვლებში ვერანაირად ვერ გაუტოლდება "დიდ შვიდეულს"

    ფრაზა: "უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო მოვლენები პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და მას აქვს არგუმენტები, რათა ცხვირიც კი აუბზუოს "დიდ შვიდეულს".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved