სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    28.06.2018

     რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი შეთანხმდნენ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე.

    უშაკოვის განცხადებით, ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად გაიმართება რუსეთ-ამერიკის სამიტი, გავრცელდება ხუთშაბათს:

    „სამიტისთვის შერჩეულია ძალიან მოსახერხებელი ადგილი როგორც რუსეთისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის-ეს არის მესამე ქვეყანა." - განაცხადა უშაკოვმა.

    მისივე თქმით, პუტინმა და ბოლტონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებზეც რუსეთ-ამერიკის სამიტზე ტრამპი და პუტინი ისაუბრებენ. კერძოდ, პრეზიდენტები შეეხებიან ორმხრივი თანამშრომლობის, საშინაო კრიზისს, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის საკითხებს.ასევე, სამიტზე განიხილავენ განიარაღებისა და ამერიკის მიერ ე.წ. ბირთვული შეთანხმების დატოვები საკითხებს, რომელიც მას ირანთან ჰქონდა გაფორმებული:

    „სავარაუდოდ, ისინი შუადღისას შეხვდებიან ერთმანეთს და შეხვედრა, რა თქმა უნდა, პირისპირი იქნება. შეხვედრის მსვლელობისას გათვალისწინებული იქნება საპროტოკოლო ღონისძიება-საუზმე და ერთობლივი პრესკონფერენცია," - უთხრა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

    თავდაპირველად ავსტრიულმა გამოცემა Kronen Zeitung-მა, თავის წყაროებზე დაყრდნობით, ივარაუდა, რომ შეხვედრა პრეზიდენტებს შორის გაიმართება ავსტრიაში.მათი ცნობით, ტრამპი 11-12 ივლისს ჩავა ევროპაში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად, შემდეგ 13-14 ივლისს ის ესტუმრება დიდ ბრიტანეთს. ხოლო ამის შემდეგ, ავსტრიელების აზრით, 15 ივლისს ტრამპი შეხვდება პუტინს ავსტრიაში.

    ამერიკულმა ინტერნეტპორტალმა Politico-მ დაასახელა შეხვედრის სხვა, სავარაუდო ლოკაცია. მათი თქმით, თეთრი სახლი შეხვედრის შესაძლო ადგილად განიხილავდა ჰელსინკის და არ არის გამორიცხული, რომ სამიტი სწორედ იქ გაიმართოს.

    შეგახსენებთ, რომ ბოლტონისა და პუტინის შეხვედრა კრემლში 27 ივნისს გაიმართა, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი აჩენს იმედს, რომ ორ სახელმწიფოს შორის შესაძლებელია ურთიერთობის გაუმჯობესება.

    თავის მხრივ, ბოლტონი იმედოვნებს, რომ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი მომავალი სამიტი საბოლოოდ შედეგს გამოიღებს, რადგან ტრამპი ერთგულია ამ მიზნების. თუმცა, ბოლტონი აქვე აღნიშნავს, რომ შესაძლოა ეს შეხვედრა არანაირი კონკრეტული შედეგის მომცემი არ აღმოჩნდეს, რადგან უკანასკნელი სამიტიდან ძალიან დიდი დროა გასული:

    „ორი პრეზიდენტი განიხილავს იმ საკითხებს, რომელთაც თითონ ჩათვლიან საჭიროდ. ჩვენ არ ველით, რომ ამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული შედეგი ექნება, რადგან საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ქვეყნების ლიდერებს შორის უკანასკნელი სამიტი გაიმართა. თუმცა, როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ, შემდეგ ჩვენ მათ დავამუშავებთ და განვავითარებთ." - აღნიშნა ბოლტონმა.

    ბოლტონმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის აზრით, პუტინთან ეს შეხვედრა სასარგებლო იქნება:

    „ტრამპმა გადაწყვიტა, რომ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი საჭიროა რუსეთის, ამერიკისა და მთელი მსოფლიოსთვის, მიუხედავად იმ კრიტიკისა, რომელიც მას ქვეყნის შიგნით შეხვდა." - განაცხადა ბოლტონმა.

    ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, სამიტის კიდევ ერთი თემა შესაძლოა იყოს რუსეთის დაბრუნება G7-ში და, ასევე, ბოლტონი ელის, რომ შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერები განიხილავენ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს:

    „ახლა მე ვარ პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი და ვმუშაობ იმ განრიგზე, რომელსაც ის ხელს უწყობს. ჩვენ განვიხილეთ არჩევნებში ჩარევის ან ჩაურევლობის საკითხი და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იქნება განხილული პრეზიდენტებს შორის."-თქვა ბოლტონმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved