სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დონალდ ტრამპის მოულოდნელი წერილი ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს
    ია აბულაშვილი
    05.07.2018

     ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო წერილები გაუგზავნა ნატო-ს წევრი 10 სახელმწიფოს მეთაურებს. ეს ის სახელმწიფოებია, რომლებიც დღემდე არ ასრულებენ საკუთარ თავზე აღებულ ფინანსურ ვალდებულებას - ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვით ხარჯებზე საკუთრი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% რომ უნდა დახარჯონ.

    "ნატო-ს სამიტზე შეხვედრებისას აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია იქნება, რომელიც ითვალისწინებს ამერიკელების დაცვას, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას, თუმცა, როგორც ის აქამდე ამბობდა, ადრე ამერიკა განიხილებოდა, როგორც ყულაბა მთელი მსოფლიოსთვის და ეს უნდა შეწყდეს", - აცხადებს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ჰოგან გიდლი.

    მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტზე განაცხადებს, რომ აშშ აღარ იქნება "მსოფლიოს ყულაბა".

    როგორც უცხოური პრესა წერს, ნატო-ს 2014 წლის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება 10 წლის განმავლობაში თავდაცვითი ხარჯების მშპ-ის 2%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ნატო-ს მხოლოდ რვა წევრი ასრულებს ამ მოთხოვნას.

    გახდება თუ არა ნატო-ს სამიტზე ტრამპის ეს პოზიცია ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის დაპირისპირების საგანი, ამის შესახებ "რეზონანსი" ქართველ ექსპერტებს გაესაუბრა.

    როგორც "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტის წინ, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა მოკავშირეებს.

    "ნატო დღესაც რჩება მსოფლიო უსაფრთხოების გარანტად, იგი წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხეობის ეფექტურ მექანიზმს, მაგრამ მასაც აქვს პრობლემები. სერიოზული პრობლემები კი გაჩნდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ. მან სულ სხვა ქარიშხალი შემოიტანა, ჯერ კიდევ 2017 წლის სამიტზე ბრიუსელში დააყენა საკითხი, თუ მოკავშირეები არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, ჩემი იმედი ნუღარ გექნებათო. ამჯერადაც ბრიუსელში ნატო-ს სამიტის წინ ასეთ განცხადებას აკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი.

    "საქმე კი ის გახლავთ, რომ ნატო-ს სამოქმედო ვალდებულებებში, კოლექტიურ ხარჯებთან დაკავშირებით, ჩადებულია, რომ ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ თავდაცვის ხარჯებისთვის მშპ-ის 2% უნდა გაიღოს. ბევრი ქვეყანა ამას არ ასრულებს. მაგალითად, გერმანიას გამოყოფილი აქვს მშპ-ის 1,3%, იტალიას - 0,9%, ბალტიის ქვეყნებს - უფრო ნაკლები და ა.შ. მაშინ, როცა ნატო-ს სამხედრო ხარჯების 60% აშშ-ზე მოდის.

    "ამ მოცემულობას არ ეწინაღმდეგებოდნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, არც ჯორჯ ბუში და არც ბარაკ ობამა, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვისაც სხვა გათვლები და მიდგომები აქვს. მას ასე ესმის - ამერიკა ამერიკელებისთვის.

    "სხვათა შორის, ტრამპმა გამოწვევების წინაშე დააყენა "დიდი შვიდეულიც" და, როგორც ჩანს, არც ნატო აღმოჩნდა გამონაკლისი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბრიუსელის სამიტის მთავარი ქვაკუთხედი სწორედ კოლექტიურ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხი უნდა იყოს, რაც შეიძლება სერიოზული დაპირისპირების საგანი გახდეს ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის. ფაქტობრივად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ულტიმატუმი წაუყენა სამიტის წინ მოკავშირეებს", - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

    "საქმე ძალიან მარტივადაა - ევროპელები არ ასრულებენ ვალდებულებებს კოლექტიურ ხარჯებთან დაკავშირებით, ანუ საუბარია იმაზე, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%. ევროპელები ამას არ ხარჯავენ. ტრამპმა ჯერ ვერ მიაღწია იმას, რომ ევროპელებს ეს თანხები დაახარჯვინოს და აგრძელებს ამ პოზიციას, ეს არის სულ, მეტი არაფერი", - განაცხადა "რეზონანსთან" თორნიკე შარაშენიძემ.

    ნიკა ჩიტაძის თქმით, მოთხოვნა მოკავშირეების მიმართ უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ულტიმატუმის სახით.

    "ეს მხოლოდ აშშ-ის მოთხოვნა არ არის, ეს არის ნატო-ს მოთხოვნა - ნატო-ს წევრმა თითოეულმა ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოებისთვის უნდა გამოყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%. ამ წინაპირობას დღეს მხოლოდ 4 ქვეყანა აკმაყოფილებს, მაშინ, როცა აშშ ნატო-ს სამხედრო ხარჯებისთვის 70%-ს გამოყოფს.

    "დონალდ ტრამპი თავის საარჩევნო კამპანიის პროცესშიც მოუწოდებდა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, თავდაცვისთვის დამატებითი რესურსები გამოეყოთ.

    "ეს საკითხი ნამდვილად დადგება სამიტის დღის წესრიგში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ სერიოზულ დაპირისპირებას გამოიწვევს. ევროპელი მოკავშირეები უნდა დაფიქრდნენ და გაითვალისწინონ ის რეალობა, რაც მსოფლიოში ხდება, რომ მსოფლიო დღეს არის ცივი ომის პერიოდში და იყვნენ ამერიკის მხარდამჭერები.

    "მოთხოვნა აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ არა - ულტიმატუმის სახით და ამ საკითხთან მიმართებაში დიპლომატიური მოქნილობაა საჭირო", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved