სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    03.09.2018

     თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო 31 აგვისტოს ქალაქ დონეცკის ცენტრში არსებულ კაფე "სეპარში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. წინასწარი ცნობებით, ბომბი, რომლის აფეთქებამ ზახარჩენკო შეიწირა, ჩამონტაჟებული იყო განათების ერთ-ერთ მოწყობილობაში - ჭაღში ან სანათებელში.

    სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობაში, არ არის გამორიცხული, კრემლიც მონაწილეობდეს.

    მოსკოვი ალექსანდრე ზახარჩენკოს მკვლელობაში ადანაშაულებს კიევს. დონბასის სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერის დაღუპვას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ ეს იყო გაუმართლებელი საქციელი და ყველა დამნაშავემ საკადრისი პასუხი უნდა აგოს ამისათვის.

    მაისაიას თქმით, ზახარჩენკოს დაღუპვა დაკავშირებულია მის გარემოცვაში არსებულ პირებთან.

    "ლუგანსკის ხელმძღვანელის დამხობისა და გადატრიალების შემდეგ, არ არის გამორიცხული, ამ მოვლენაში კრემლის ხელი ერიოს.

    "იმ კაფეში, რომელიც დონეცკში მდებარეობდა, ხდებოდა ოფიციალური შეხვედრები, ეს იყო მათი სტრატეგიული ობიექტი და, რა თქმა უნდა, ზახარჩენკოს მკვლელობა დაკავშირებულია მისი უშუალო გარემოცვის მიერ გაკეთებულ დივერსიულ აქტზე.

    "საქმე ისაა, რომ ზახარჩენკო ბოლო პერიოდში საკმაოდ ეწინააღმდეგებოდა კრემლის, განსაკუთრებით ვლადისლავ სურკოვის იდეებს. სურკოვი კრემლის სახელით კურირებს ლუგანსკისა და დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკების პოლიტიკას და, ფაქტობრივად, ეს გახდა ერთგვარი თავის ტკივილი ქვეყნისათვის.

    "იქ იყო საუბარი, რომ კრემლი აპირებდა ნოვოროსიისკის სეპარატისტული რესპუბლიკის შექმნასა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას, მაგრამ ზახარჩენკო ამის წინააღმდეგი იყო, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მისი მკვლელობა დაკავშირებულია ამ პროცესთან.

    "ბოლო პერიოდში მას დაეძაბა ურთიერთობა კრემლის მესვეურებთან, აქედან გამომდინარე, ეს პროცესი შესაძლოა, რომ იყოს დაკავშირებული რუსეთის ფედერაციასთან.

    "იწყება ახალი ტიპის პროცესი. პრინციპში, მინსკის ხელშეკრულების ჩაგდება შესაძლოა, უკრაინასაც აწყობდა იმიტომ, რომ ზახარჩენკოს მკვლელობით მინსკის ხელშეკრულება შესაძლოა, დავიდეს ნულამდე და მოხდეს კონფლიქტის რეკონსერვაცია, რაც საბრძოლო ოპერაციების დაწყებას განაპირობებს. ეს მოსკოვისთვის საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის", - განაცხადა მაისაიამ.

    "მთელ კვირასთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტის შემდეგ შესაძლოა, მინსკის ხელშეკრულება განულდეს, რაც სხვადასხვა შედეგის მომტანი აღმოჩნდება.

    "ფაქტობრივად, ზახარჩენკოს დაღუპვის შემდეგ, კიევის ხელისუფლებას გახსნილი აქვს ხელები, რომ ახალ ლიდერთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონდეს. მას უნდა, რომ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და თუნდაც ძალის მეშვეობით მოახდინოს დონეცკის რეგიონის დაბრუნება.

    "მეორე მომენტი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ეს პროცესი აწყობს მოსკოვს. მაგრამ მოსკოვის ინტერესებშია, რომ, დონეცკის ინციდენტის შემდეგ, ხელები გაიხსნას და გააფართოოს თავისი საოკუპაციო პლაცდარმი.

    "თუ მინსკის ხელშეკრულება განულდება, მოსკოვი შეეცდება, ძალისმიერი მეთოდებით გააფართოოს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები.

    "ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირებაა შავი ზღვის აკვატორიაში, ამიტომ რუსეთის ინტერესებშია მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არშესრულება და პლაცდარმის გაზრდა.

    "ასევე რუსების ინტერესებშია, რომ მთლიანად დაიკავონ დონეცკის მხარე, რადგან რუსები აკონტროლებენ დონბასის ე.წ. რეგიონის მხოლოდ 80%-ს, 20% რჩება უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების შემადგენლობაში, ასევეა ლუგანსკის მხარეში, ხოლო რუსებს აინტერესებთ რამდენიმე პორტის დაკავება, ესენია: მარიუპოლის საზღვაო სავაჭრო პორტი, ნიკოლაევი და, თუ მათ გაუმართლებთ, ოდესის დაკავებაც სურთ", - ამბობს ექსპერტი.

    ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ამ ინციდენტის შემდეგ შესაძლოა, შეიარაღებული დაპირისპირებების ახალი ტალღა დაიწყოს, რაც რუსეთს ხელს აძლევს.

    "პრინციპში, რუსულ მხარეს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების საბაბი გააჩნია. მან უკვე მიუთითა, რომ თითქოსდა ეს გააკეთა უკრაინის უშიშროების სამსახურმა და დივერსანტებიც კი დაიჭირეს, მაგრამ ეს არის კლასიკური სქემა.

    "უკრაინელებიც არ იყვნენ ინტერესმოკლებულნი, რომ მოეხდინათ სეპარატისტული ლიდერის ლიკვიდაცია, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამ სიტუაციის ესკალაცია ისევ რუსეთისთვისაა საინტერესო იმიტომ, რომ ეს ეხება მოსკოვის გეოსტრატეგიულ ინტერესებს, რათა მთლიანად შავი ზღვის აუზში დააწესოს საკუთარი კონტროლი.

    "არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაში დაგეგმილია საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პოროშენკო მესამე ადგილზეა. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, წესით, მოსკოვს ტიმოშჩენკოს გამარჯვება უფრო უნდა აწყობდეს, ვიდრე პოროშენკოსი.

    "ესეც საინტერესო მომენტია. ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე სიტუაციის აღრევა, რა თქმა უნდა, მოსკოვის პირდაპირ ინტერესებშია", - დასძინა მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved