სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "იაპონელები ამ ტერიტორიებს განიხილავენ, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულს"
    ტატა შოშიაშვილი
    13.09.2018

     იაპონია უარს ამბობს რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე იქამდე, სანამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ იქნება დარეგულირებული. ამის შესახებ იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა.

    პოლიტიკური ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ რუსეთს შესაძლოა, ეშინოდეს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რადგან არ იცის, პრეცედენტის დაშვებამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს მისთვის.

    პოლიტიკოსმა თავი შეიკავა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოველი ფრაზის განხილვისგან, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებას 1 წლით სთავაზობდა.

    შეგახსენებთ, რომ იაპონიასა და რუსეთის ფედერაციას შორის მშვიდობის ხელშეკრულება უკვე 70 წელია, რაც არ გაფორმებულია. არსებული სიტუაცია გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მიერ იაპონიის რამდენიმე კუნძულის მისაკუთრებამ, მათ შორის იტურუპის, კუნაშირის, შიკოტანისა და ჰაბომაის კუნძულებია.

    კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ იაპონია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს იქამდე, სანამ მისი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

    "პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ იაპონიის უარს წინ უძღოდა პუტინის სრულიად მოულოდნელი ინიციატივა, რომელიც მან წამოაყენა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც მოითხოვდა ამ საკითხის გადაწყვეტასა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას რუსეთთან, პუტინმა განაცხადა, დავდოთ ხელშეკრულება და შემდეგ მოვილაპარაკოთ დანარჩენ საკითხებზეო.

    "ბუნებრივია, ეს მიუღებელია იაპონელებისათვის იმიტომ, რომ ისინი ათეულობით წლის განმავლობაში ელოდებიან ამ პროცესს და სწორედ ამის გამოა, რომ იაპონია-რუსეთისა და მათ შორის, იაპონია-საბჭოთა კავშირის ურთიერთობები ვერ ვითარდებოდა.

    "რა თქმა უნდა, ახლაც ვერ განვითარდება, რადგან იაპონელები ამ ტერიტორიებს განიხილავენ, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ თავის სუვერენულ ტერიტორიებს.

    "აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოება მხარს უჭერს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. არა მგონია, რომ იაპონიის ხელისუფლებამ ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას ისე, როგორც ეს რუსეთს სურს", - ამბობს კაკაჩია.

    მისივე თქმით, რუსეთი უფრთხის მსგავსი პრეცედენტის დაშვებას და სწორედ ამიტომ ცდილობს ყველაფრის ასეთი გზით მოგვარებას. თავის მხრივ, ფედერაციისთვის იაპონია მნიშვნელოვანი პარტნიორია და ესეც ართულებს საკითხის გადაწყვეტას.

    "იაპონია არის ერთ-ერთი სუპერსახელმწიფო, რომელსაც აქვს ეკონომიკური შესაძლებლობები და, რაც მთავარია, გავლენები. ასევე ეს არის მაღალი ტექნოლოგიების მქონე სახელმწიფო და ესეც ძალიან აინტერესებს რუსეთს. გარდა ამისა, რუსეთი დაინტერესებულია იაპონიასთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული პრობლემების გამო ეს ხშირად ვერ ხერხდება.

    "იაპონიამ იცის, რომ სამხედრო გზით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. აქედან გამომდინარე, ისინი ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც რუსეთი თავად მივა ამ დასკვნამდე და მოლაპარაკებების გზით საბოლოოდ უარს იტყვის ამ ტერიტორიებზე.

    "რუსეთშიც არაერთგავროვანია ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება - რუსულ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ტერიტორიებს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნისთვის.

    "მაგრამ ამ შემთხვევაში მათთვის ყველაზე მთავარი პრობლემა არის მსგავსი პრეცედენტის დაშვება, უბრალოდ, რუსეთს შეეძლო, ტერიტორიების ნაწილი დაეთმო იაპონიისთვის, თუმცა მათ ეშინიათ, თუ გაჩნდა პრეცედეტი იმისა, რომ რუსეთმა დათმო ტერიტორია და საზღვარი შეცვალა, ამან შესაძლოა, სხვა მეზობლებთან ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს.

    "თავის დროზე, რუსეთის ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებისგან სწორედ ამ მიზეზით იკავებდა თავს", - განაცხადა ექსპერტმა "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved