სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    17.09.2018

     მართლმადიდებელი სამყარო დიდი განხეთქილების მიჯნაზეა. სქიზმისკენ პირველი ნაბიჯები რუსეთის ეკლესიამ უკვე გადადგა და, მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის კრების გადაწყვეტილებით, რუსეთის ეკლესიებში ლიტურგიებზე მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება შეწყდა. ასევე, შეაჩერეს ყველანაირ შეკრებაში მონაწილეობა, სადაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო იქნება წარმოდგენილი.

    უფრო მეტიც, მოსკოვის საპატრიარქოდან მუქარაც გაისმა, რომ თუ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს, უკრაინის დიდ მონასტრებში ერთგულმა მრევლმა წმინდა ადგილების შესანარჩუნებლად, შესაძლოა, სისხლის ღვრაც დაიწყოს.

    შესაძლო სისხლის ღვრაზე მუქარანარევი გაფრთხილება რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელ ილარიონ ალფეევის მხრიდან გაისმა. მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოსათვის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის უფლების ჩამორთმევამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული შედეგები.

    "ჩვენ უნდა ველოდოთ ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლება მოხდეს - რომ განხეთქილებაში ჩართული ნაწილი აიღებს კონტროლს დიდ მონასტრებზე, როგორებიცაა კიევი-პეჩორის ლავრა, პოჩაევის ლავრა. მაშინ, რა თქმა უნდა, ერთგული მორწმუნე მართლმადიდებლები დაიწყებენ ამ წმინდა ადგილების დაცვას და შეიძლება სისხლის ღვრაც დაიწყოს," - განაცხადა ილარიონ ალფეევმა "რაშა თუდეისთან" ინტერვიუში.

    სწორედ ამ ინტერვიუმდე მიიღო რუსეთის ეკლესიის სინოდმა გადაწყვეტილება, რომ მსოფლიო პატრიარქის ლიტურგიაზე მოხსენიება და იერარქებთან თანაზიარება შეეწყვიტა.

    მოსკოვის საპატრიარქოს განრისხების მიზეზი კი ის გახდა, რომ 7 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქმა კიევში ორი ეგზარქოსი მიავლინა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის მოსამზადებლად. ახლა უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსი ამ წლის ბოლომდე აუცილებლად გამოიცემა.

    რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს ეკლესია ამ დაპირისპირებაში? დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ "ჩვენ ეს არ გვეხება".

    "ეს მხოლოდ ამ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობაა. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მსახურებას," - ამბობს დეკანოზი.

    საინტერესოა, გადაწყვეტილი აქვს თუ არა საქართველოს ეკლესიას, რა პოზიციას დაიჭერს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისას, რაზეც დეკანოზი ამბობს, რომ "ამაზე ახლა რაღაცის თქმა არასწორი იქნება".

    "ჯერ ვითარება გარკვეული არ არის იქ და ჩვენ ახლა რომ რაღაც ვთქვათ, ეს იქნება ძალიან ნაჩქარევი და არაკორექტული. როდესაც ორი შენი მოძმე თუ ეკლესია ერთმანეთში არკვევს ურთიერთობას, კორექტულობა ითხოვს, დაელოდო, იქ რა ვითარება იქნება საბოლოოდ. ამიტომ ძალიან ბრძნული და ნორმალურია, რომ საქართველოს ეკლესიას ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს," - აცხადებს დეკანოზი ანდრია და დასძენს, რომ "პროგნოზები ფუჭი საქმეა.

    "ისეთ სფეროს ვეხებით, ძალიან რთულია კორექტული შეკითხვის დასმაც კი... ზოგი თეოლოგი ასე ამბობს, ზოგი - ისე და ზოგი თეოლოგის კომპეტენცია საერთოდ გადასახედია. საიდან არის ის განწყობა, რომ საქართველომ აუცილებლად ვიღაცის მხარე უნდა დაიჭიროს? როდესაც ლაპარაკია საქართველოს ან ეროვნულ ინტერესებზე, ან საეკლესიო ინტერესზე, საქართველო რატომ უნდა იყოს მუდმივად ვიღაცის მხარეს? საქართველოს აქვს ავტოკეფალიური ეკლესია, აქვს თავისი ინტერესები, თავისი მართვა-გამგეობის დებულება, თავისი საგარეო პოლიტიკა და დამამცირებელია, რომ აუცილებელია, ვიღაცის ბანაკში აღმოჩნდეს. ასეთი ლაპარაკით ვაკნინებთ ეკლესიას", - განუცხადა დეკანოზმა ანდრიამ "მთელ კვირას".

    თეოლოგ გოჩა ბარნოვის შეფასებით, ჯერ ტომოსი გამოცემული არ არის და ამიტომაც სწორია, რომ საქართველოს ეკლესია პოზიციას არ გამოხატავს. თუმცა მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკლესიის მხრიდან სქიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკლესიაზეც იმოქმედებს.

    "როცა რუსეთის ეკლესია ამბობს, რომ კონსტანტინეპოლის წარმომადგენლების მონაწილეობით შეკრებას არ დაესწრება, რუსეთის მიერ ჩატარებულ დიალოგში მონაწილეობა სხვა ეკლესიებმაც არ უნდა მიიღონ. თუკი ბართლომეოსს არ დაპატიჟებენ, იქ არავინ არ უნდა წავიდეს, რადგან კანონიკის უხეში დარღვევა იქნება.

    "რუსეთში მოწყობილ რაიმე საეკლესიო ღონისძიებაზეც, მაგალითად, პატრიარქის იუბილეზე, სხვა ეკლესიების წარმომადგენლებს შეუძლიათ, ჩავიდნენ, თუმცა სასურველი იქნება, თავი შეიკავონ ნებისმიერი ვიზიტისგან მოსკოვში, მათ შორის საქართველოს ეკლესიამ და ეს იქნება სწორი საქციელი," - ამბობს ბარნოვი.

    მისი თქმით, რუსეთის ნაბიჯები ჯერ სქიზმა არ არის, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯები სქიზმისკენ, რაც საკმაოდ სერიოზული შეცდომაა რუსეთის მხრიდან.

    "სქიზმა იქნება, თუკი რუსეთის პატრიარქი ანათემაზე გადასცემს ბართლომეოსს და იტყვის, რომ გადის მარტო. თუკი რუსეთის ეკლესია გავა სქიზმაში, ყველა სხვა ეკლესია წყვეტს მასთან კავშირს. ვფიქრობ, რომ სხვა ეკლესიები დიდად არ გამოეხმაურებიან რუსეთის მოწოდებას, რომ მათაც გაწყვიტონ კონსტანტინეპოლთან კავშირი. დედაეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა კატასტროფაა და არ მგონია, სხვა ეკლესიები, მათ შორის ჩვენი ეკლესია, აჰყვნენ რუსეთს.

    "ამიტომ რუსეთის ეს ნაბიჯები დამაზიანებელია თავად რუსეთის ეკლესიისთვის, ეს ფაქტი დამაზიანებელია მართლმადიდებელი სამყაროსთვისაც. ერთი ეკლესიის გასვლა ძალიან ცუდი ფაქტი იქნება ამ ოჯახისთვის. ალბათ კონსტანტინეპოლი უპასუხებს მოსკოვს, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მოსკოვი ანტიკანონიკურად იქცევა", - მიიჩნევს თეოლოგი.

    ბარნოვის პროგნოზით, დიდია ალბათობა, რომ ნოემბრის ბოლოს ტომოსი გამოიცეს და ამიტომაც "რუსეთი ყველაფერზე წავა".

    "კონსტანტინეპოლიდან ორი ეგზარქოსია გაგზავნილი უკრაინაში, რომ იქ ვითარება დაალაგოს, რადგან უკრაინაში ეკლესია დაყოფილია და ავტოკეფალიის მინიჭებამდე ისინი უნდა გაერთიანდნენ, ხოლო შემდეგ მოხდება ტომოსის გადაცემა, დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლოს.

    "ამის შემდეგ უნდა ველოდოთ, რომ რუსები თავის "ტიტუშკებს" მიუსევენ უკრაინის მონასტრებს. ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ ეს მონასტრები უკრაინის ეკლესიის საკუთრება იქნება და რუსეთი შეეცდება პროვოკაციების მოწყობას, შესაძლოა, ამ მონასტრებში მოღვაწე ბერები არ დაემორჩილონ უკრაინის ეკლესიას. არც სისხლის ღვრაა გამორიცხული, რუსეთი ყველაფერზე წავა. აგონიურ მდგომარეობაში არიან," - განაცხადა ბარნოვმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved