სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    21.09.2018

     ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ერთ მთიან სოფელში, ეთნიკურ ნიადაგზე დიდი დაპირისპირება დაიწყო ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის და ის უკვე მთელი ავტონომიური რესპუბლიკის საკვანძო ქალაქებს მოედო. მობილიზებულია რუსეთის შინაგანი ჯარი, ე.წ. როსგვარდია, რომელსაც ალყაში ჰყავს მოქცეული ის სოფელი, საიდანაც კონფლიქტი დაიწყო. არის შეტაკებები, სროლა, საუბარია ათეულობით დაკავებულზე, პოლიცია სადარბაზოებში, ეზოებში, ყველგან იჭერს მათ, ვინც ამ დაპირისპირებაში აქტიურობდა.

    სიტუაცია დაიძაბა ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც ყაბარდოელი ცხენოსნების ჯგუფი ბალყარელებმა საკუთარ სოფელზე არ გაატარეს. ყაბარდოელები, იგივე ჩერქეზები, ადიღების ეთნოსთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო ბალყარელები თურქული წარმომავლობის ხალხია. ორივე ეთნიკურ ჯგუფში უკვე ღიად ისმის მოწოდებები იარაღის აღებაზე.

    ეთნიკური კონფლიქტი ბალყარულ მაღალმთიან სოფელ კენდელენში დაიწყო. 17 სექტემბერს ამ სოფელში უნდა გაევლო ყაბარდოელ ცხენოსანთა ჯგუფს, რომელიც კანჟალის მთის მწვერვალზე ავიდა კანჟალის ბრძოლის 310-ე წლისთავის საპატივცემულოდ. ამ ბრძოლაში ყაბარდოელებმა ყირიმის სახანოსა და ოსმალების ჯარი დაამარცხეს, რის შემდეგაც ხარკის გადახდა შეწყვიტეს და ოსმალების ბატონობა, ფაქტობრივად, დასრულდა.

    ბალყარელები, რომლებიც თურქული წარმომავლობის ხალხია, ამ დღესასწაულს არ აღიარებენ, ოსმალების დამარცხებას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ამ დღის ზეიმით აღნიშვნას.

    აყაბარდოელმა ცხენოსნებმა ბალყარელებთან შეტაკების თავიდან ასაცილებლად მთის მწვერვალზე ასვლისას გვერდი აუარეს სოფელს, თუმცა უკანა გზაზე, 18 სექტემბერს, სოფელ კენდელენის გავლით მაინც წამოვიდნენ ყაბარდოელი ახალგაზრდების დაჟინებული მოთხოვნით, რომლებიც კენდელენში იყვნენ. ამას მოჰყვა სწორედ მასობრივი ჩხუბი და დიდი კონფლიქტი, რომელიც სოფელ კენდელენიდან ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის საკვანძო ქალაქებში შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

    19 სექტემბერს ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში, მთავრობის სახლის წინ მოედანზე გაიმართა მიტინგი, სადაც ახალგაზრდები ადიღეური დროშებით გამოვიდნენ. მიტინგზე მათსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციელებმა აქციის ყველაზე აქტიური მონაწილეები დააკავეს, მათ შორის აქციაზეც და სადარბაზოებშიც კი.

    გარდა ამისა, ქალაქ ბაქსანის ტრასაზე სამართალდამცველებმა დააკავეს ათეულობით ადამიანი, რომლებიც სოფელ კენდელენში კონფლიქტის ერთ-ერთი მხარის მხარდასაჭერად მიდიოდნენ.

    პოლიციამ ალყა შემოარტყა სოფელს და გზები გადაკეტა. რესპუბლიკაში გაიგზავნა როსგვარდიის შენაერთები ჩრდილოეთ ოსეთისა და სტავროპოლის ტერიტორიიდან.

    არის სროლა და მოწოდებები იარაღის აღებაზე. პოლიციელები აკავებენ ყველას, ვინც აქტიურობს.

    სოფელ ზუიკოვოში შეტაკება მოხდა რუს მესაზღვრეებსა და ყაბარდოელებს შორის. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სროლაა ასახული, რომელშიც სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.

    სოფელ კენდელენის უხუცესები შეტაკებაში ჩართვას არ აპირებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თუ თავის დაცვა გახდება საჭირო, პასუხს გასცემენ. ყაბარდო-ბალყარეთის მუფტი თანამოქალაქეებს მოუწოდებს, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

    საგულისხმოა, რომ ყაბარდოელებსა და ბალყარელებს შორის დაპირისპირება ძალიან ხშირია. წელს, გაზაფხულზე კი, ბალყარელებმა დიდი აქცია გამართეს, სადაც ყაბარდოდან გასვლა და ცალკე ავტონომიურ რესპუბლიკად ჩამოყალიბება მოითხოვეს 1991 წლის რეფერენდუმის საფუძველზე. მოთხოვნის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, ბალყარელების თქმით, მათ მიწის ფლობის უფლება წაართვეს ბალყარელმა ჩინოვნიკებმა და ყველა ნოყიერი მიწა ყაბარდოელებს აქვთ.

    "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის თქმით, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ჩრდილოეთ კავკასიაში ავტონომიური რესპუბლიკები შეიქმნა, შეგნებულად აირია ეთნოსები, თუნდაც როგორიცაა ყაბარდო-ბალყარეთი და ყარაჩაევო-ჩერქეზეთი. ყაბარდო-ბალყარეთში ყაბარდოელები, ანუ ჩერქეზები არიან უმრავლესობაში, ხოლო ყარაჩაევო-ჩერქეზეთში ბალყარელების მონათესავე თურქულენოვანი ჰარაჩაელები არიან უმრავლესობაში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ეთნოსებს შორის მუდმივად არის სხვადასხვა ტიპის დაძაბულობა.

    "დაპირისპირება ძირითადად იმის გამოა, რომ მიწას და თანამდებობებს ვერ იყოფენ, მაგრამ რამდენიმე ცალკეული შემთხვევის გარდა საზღვრებს არ გადასულა. საინტერესოა ყაბარდო-ბალყარული შიდა კონფიგურაცია. ყაბარდოელებს ეკუთვნით ამ რესპუბლიკის მთელი ნოყიერი მიწები, მთელი ბარი ყაბარდოელების ხელშია. ბალყარელები ცხოვრობენ ხუთ მთიან ხეობაში და მწირი მიწების პირობებში. როცა ბალყარელები ლაპარაკობენ, რომ მათ მიწები არ აქვთ, უკვე გვიანაა ამაზე ლაპარაკი, ყაბარდოელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ბალყარელები მთებს შერჩენოდნენ," - ამბობს არეშიძე.

    მისი თქმით, ბალყარელები საინტერესო ეთნიკური ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ თურქულენოვანები არიან, ისინი ქართველებს ენათესავებიან. გარდა ამისა, აფხაზეთის ომში, სადაც ყაბარდოელები და ჩერქეზები აფხაზების მხარეს იბრძოდნენ, ბალყარელებმა უარი თქვეს, ქართველების წინააღმდეგ ომში ჩართულიყვნენ.

    "ბალყარელები ქართველებს ენათესავებიან. სვანეთის უშგულიდან 9 კილომეტრია პირდაპირ ხეობით ბალყარეთამდე, ბევრი სვანი საუკუნეების წინ გადავიდა იქ და ბალყარელებს შეერია. ბალყარულ გვარებშიც გვხვდება ქურდოვი, ანუ ქურდიანები, სვანოვი და ასე შემდეგ.

    "კიდევ ერთი რამაა საინტერესო, ბალყარელები პრინციპულად, ყაბარდოელების ჯიბრზე ჩვენთან 1990-იან წლებში ომში არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 8 ბალყარელია ჩვენთან ომში დაღუპული, ეს ცალკეული შემთხვევა იყო, მათმა სახალხო ფრონტმა გამოაცხადა პროტესტი, თქვა, რომ ამ ომში არ ჩაერთვება და ახალგაზრდებს აფხაზეთში წასვლა აუკრძალა.

    "კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ აფხაზების მხარეს უამრავი ჩერქეზი და ყაბარდოელი იბრძოდა კონფედერაციის რიგებში და ბევრი დაღუპულიცაა, ამ დროს კი ნალჩიკში 2 000 ქართული ოჯახი იყო და ბალყარელები იცავდნენ იქ ქართველების სახლებს, რომ ყაბარდოელებს ისინი არ შეევიწროვებინა," - ამბობს არეშიძე.

    კავკასიოლოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყაბარდოელები იბრძოდნენ აფხაზების მხარეს, ბალყარელებისა და ყაბარდოელების ამ დაპირისპირებაში აფხაზები არ ჩაერევიან.

    "აფხაზებმა ჩერქეზების წინაშე თავი უკვე მოიჭრეს, როცა მათი გენოციდი არ აღიარეს. საქართველომ აღიარა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არ აღიარა. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციულად აფხაზები მხარს არ დაუჭერენ. თანაც ახლა ჩრდილოკავასიის საქმეებში ჩარევა მოსკოვის განაწყენებას ნიშნავს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევიან. მოსკოვი კი არ მიუშვებს საქმეს იქამდე, რომ მასობრივად სისხლი დაიღვაროს. შეიძლება ცალკეული შემთხვევები მოხდეს. რუსეთის ხელისუფლება შეეცდება ყაბარდოელებისა და ბალყარელების გამიჯვნას არა პოლიტიკურად, არამედ უსაფრთხოების ფორმატს შექმნის, ჩადგება შუაში, შემდეგ დაიწყებს დამნაშავეების დასჯას, საკადრო ცვლილებებს, დაჰპირდება ხალხს, რომ მიწების გადანაწილება მოხდება, რაც ტყუილია. მოკლედ, ამ თემას გაჭიმავს, ვიდრე ვნებათაღელვა არ ჩაცხრება," - მიიჩნევს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved