სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    24.09.2018

     29 დაღუპული, მათ შორის ბავშვებიც, დაშავებული 50-ზე მეტი ადამიანი - ირანის სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ აჰვაზის სამხედრო აღლუმის მსვლელობისას შაბათს ტერორისტული აქტი მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ორმა ერთმანეთთან კავშირის არმქონე ჯგუფმა აიღო - "ისლამური სახალიფო", იგივე "დაეში", რომელიც სირიასა და ერაყში მოქმედებს და მეორეა "აჰვაზის გათავისუფლების არაბული მოძრაობა", რომელიც ირანში მცხოვრები არაბული უმცირესობის ინტერესებს იცავს და რომელსაც ოფიციალური ირანი საუდის არაბეთთან კავშირში ადანაშაულებს.

    საგულისხმოა, რომ ტერაქტის პირველსავე წუთებში ირანის ხელისუფლებამ ბრალი მის მტრებს დასდო: საუდის არაბეთს, აშშ-ს, ისრაელს და დაიმუქრა კიდეც.

    "თავდასხმაში მონაწილე ტერორისტები გადმოიბირა, გაწვრთნა, შეაიარაღა და დააფინანსა უცხო ქვეყნის რეჟიმმა. აჰვაზზე იერიში მიიტანეს. მსხვერპლთა შორის ბავშვები და ახალგაზრდები არიან. ირანი მსგავს თავდასხმაზე პასუხისმგებლობას რეგიონული ტერორიზმის სპონსორებს და მის ამერიკელ ინსტრუქტორებს აკისრებს. ირანს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად სწრაფი და გადამწყვეტი რეაქცია ექნება", - "ტვიტერზე" დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

    რას გულისხმობს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სწრაფ და გადამწყვეტ რეაქციაში და ვინ იქნება ირანის სამიზნე, ჯერჯერობით უცნობია.

    ქართველი ექსპერტების თქმით, თეირანს პრესტიჟის შესანარჩუნებლად მოუწევს პასუხის გაცემა "დაეშისა" და "აჰვაზის წინააღმდეგობის მოძრაობის", ასევე საუდის არაბეთის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, ორი განსხვავებული დაჯგუფების მიერ ამ ერთი ტერაქტის საკუთარ თავზე აღებაც ბუნდოვანებას იწვევს, რადგან ეს დაჯგუფებები ერთანეთთან არ თანამშრომლობენ. ამიტომ რთულია მტკიცება, რეალურად ვინ იდგა თავდასხმის უკან.

    თავდასხმა 22 სექტემბერს მოხდა, როდესაც ირანის ყველა დიდ ქალაქში სამხედრო აღლუმი იმართება ერაყ-ირანის 1980-1988 წლების ომის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემლოდ. ითქვა, რომ, სავარაუდოდ, 4 თავდამსხმელი იყო, რომლებსაც ირანელი სამხედროების, ასევე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ფორმები ეცვათ და ნიღბები ეკეთათ. სამი მათგანი ლიკვიდერებულია, ერთი კი დააკავეს.

    ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი ვასილ პაპავა ამბობს, რომ ეს იყო პირველი დიდი ტერაქტი 2005-2006 წლების ტერორისტული აქტების შემდეგ. მაშინ ტერაქტების უკან არაბი სეპარატისტები იდგნენ - ე.წ. აჰვაზის რევოლუციური წინააღმდეგობის ბრიგადები, ამჯერად კი საუბარია, რომ აჰვაზის ტერაქტი "დაეშმა" მოაწყო.

     "აჰვაზის ტერაქტზე პასუხისმგებლობა "დაეშმა" აიღო. საიდუმლო არ არის, რომ ირანი, წლებია, ებრძვის "დაეშს". თეირანმა ერაყსა და სირიაში ათასობით სამხედრო ინსტრუქტორი და ათიათასობით მოხალისე გაგზავნა, ავღანელი და პაკისტანელი შიიტებით დაკომპლექტებული. მიუხედავად არაერთი მუქარისა, "დაეშმა" ვერ მოახერხა, ირანში გაეჩაღებინა ნამდვილი ტერორისტული ომი.

    "2017 წლის თეირანის და 2018 წლის აჰვაზის ტერაქტებისგან განსხვავებით, "დაეში"-ს ტერორისტული ქსელები ლიკვიდირებულ იქნა ირანის სპეცსამსახურების მიერ. ირანის დაზვერვის უფროსმა მაჰმუდ ალავიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ "მტრების შეთქმულებასა და მუქარის" გასანეიტრალებლად საჭიროა ყველა სადაზვერვო, სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინაცია და ერთობლივი მოქმედება", - აღნიშნა პაპავამ, რომელსაც მიაჩნია, რომ "ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პრესტიჟის შესანარჩუნებლად ირანს მოუწევს პასუხის გაცემა "დაეშისათვის", რაც შეიძლება გამოიხატოს სადამსჯელო სპეცოპერაციის ჩატარებით."

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "დაეშთან" ერთად აჰვაზის გამათავისუფლებელმა ფრონტმაც აიღო, რომელიც საუდის არაბეთის მიერაა დასპონსორებული და ირანში მცხოვრები არაბული უმცირესობის ინტერესებს იცავს. ეს კი ბუნდოვანებას იწვევს.

    "საუდის არაბეთი და ირანი რომ მტრები არიან, ეს ახალი ფენომენი არ არის. ირანის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ამის უკან აშშ-ისა და ისრაელის სპეცსამსახურები დგანან, რაც არარეალურია. "აჰვაზის გათავისუფლების ფრონტი" არის საუდის არაბეთის დაფინანსებული და ჰიპოთეტურად შეიძლება დააკავშირო აშშ-სთან, რადგან საუდის არაბეთი და აშშ მოკავშირეები არიან. მაგრამ საუდის არაბეთს თავისი განსაკუთრებული ინტერესები აქვს რეგიონში და არ მგონია, აქ აშშ-ისა და მოსადის კვალი იყოს. თუმცა ირანისთვის ამერიკა ახლა დიდი მტერია და ამიტომაც პირველივე განცხადება ანტიამერიკული იყო.

    "უცნაური გარემოებაა, ერთდროულად ორმა ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა, რომლებიც თავიანთი მიზნებით, ამოცანებით, თავიანთი ცნობადობით რადიკალურად განსხვავებული გაერთიანებები არიან.

    "ფაქტობრივად, ტერაქტი მოწყობილია "ისლამური სახალიფოს" სტილში. აშკარად ჩანდა, რომ მებრძოლები შაჰიდები იყვნენ. ცეცხლის გახსნაც "სახალიფოს" ხელწერას წააგავს. მაგრამ აქვე ჩნდება "აჰვაზის გამათავისუფლებელი ფრონტის" მიერ პასუხისმგებლობის აღება.

     "თუკი ტერაქტის უკან "ისლამური სახალიფო" დგას, მათი მხრიდან გასაგებია, რადგან ამით ერთგვარად შური იძიეს ირანის ქმედებაზე სირიასა და ერაყის იმ მიდამოებში, რომელსაც "სახალიფო" აკონტროლებს. "დაეში" სწორედ ამგვარ ტერაქტებს მიმართავს სამხედრო ასიმეტრიული დარტყმის კონტექსტში.

    "რაც შეეხება "აჰვაზის გამათავისუფლებელ ფრონტს", მათი მიზანი შეიძლება იყოს ამ ფრონტის საქმიანობის წარმოჩენა; ასევე, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაპირისპირების ახალი ტალღის განვითარების მცდელობა.

    "ეს ორი ქვეყანა იემენში ჩაფლულია ომში. ეს ქვეყნები არიან რელიგიურ-იდეოლოგიური მტრები იმიტომ, რომ საუდის არაბეთში გავრცელებულია ვაჰაბიზმი, ხოლო ირანში შიიზმი, ეს ორი მიმდინარეობა კი ერთმანეთის დაუძინებელი მტერია. პირველ რიგში, ისინი პოლიტიკური მტრები არიან. ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული პრეტენზიები, რაც ორმუზის ყურეში არსებულ სიტუაციას ეხება," - ამბობს მაისაია.

    მისი პროგნოზით, ამ ტერაქტმა შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია და ირანისა და საუდის არბეთის დაპირისპირება შეიარაღებული დაპირისპირების ფაზაში გადაიყვანოს.

    "შეიძლება იემენში ხუსიტურმა მეამბოხეებმა მოაწყონ კიდევ რამდენიმე საშიში მასობრივი ტერაქტი, ირანმა კი საკუთარი სამხედრო ძალების ორმუზის ყურეში მობილიზებით მოახდინოს ყურის ბლოკირება და არ გაატაროს საუდის არაბეთის ნავთობი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე მიემართება. ხოლო თუ ამ ტერაქტის უკან დგას "დაეში", ირანელები კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით შეუტევენ დამასკოსთან ჯერ კიდევ "დაეშის" მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს", - დასძენს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved