სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    28.09.2018

     სკრიპალების მოწამვლაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსლან ბაშიროვი, რომელზეც მოსკოვი ირწმუნებოდა, რომ ის დიდ ბრიტანეთში სამოგზაუროდ წასული "რიგითი რუსი ტურისტი" იყო, უკვე დადასტურდა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს პოლკოვნიკია და მისი ნამდვილი სახელი ანატოლი ჩეპიგაა.

    გრუ-ს აგენტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ჯერ ბრიტანულმა გამოცემებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ჩეპიგა თანასოფლელებმაც ამოიცნეს, რომლებმაც თქვეს, რომ ის საიდუმლო სამსახურში ცხელ წერტილებში, დიდი ხანია, მუშაობს და ძალიან ხშირად ოჯახიც კი ნერვიულობდა, რადგან მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული იყო ოჯახის წევრებისთვისაც კი. "ეს ხომ ჩვენი ტოლიაა", უთხრა ჟურნალისტებს მისმა თანასკოლელმა ქალმა.

    რუსეთის შორეული აღმოსავლეთით, ამურის ოლქის ერთ-ერთი სოფლის - ბერეზოვკას მცხოვრები ამბობს, რომ ანატოლი ჩეპიგას მეუღლე და 2 შვილი ჰყავს და სულ ახლახან მას მოსკოვში 4-ოთახიანი ბინაც გადასცეს. ინფორმაციას რუსული "კომერსანტი" ავრცელებს.

    მანამდე, 26 სექტემბერს, გამოცემებმა - "ბელინგკეტმა" და "ინსაიდერმა" ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლისთვის ეჭვმიტანილი 2 ადამიანიდან ერთ-ერთი, რუსლან ბოშიროვი, დადასტურებულად გრუ-ს პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგაა.

    როგორც გამოცემები წერენ, ანატოლი ჩიპიგამ გრუ-ს ოფიცრების მოსამზადებელი სასწავლებლის წარმატებით დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო გრუ-ს სპეცრაზმის მე-14 ბრიგადაში, 2014 წელს კი მან "რუსეთის გმირის" წოდება მიიღო "სამშვიდობო მისიის შესრულებისთვის". "სამშვიდობო მისიაში" კი, სავარაუდოდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრა იგულისხმება, რადგან იმ დროისთვის რუსეთის ოპერაცია სირიაში დაწყებული არ იყო.

    ბოშიროვის ნამდვილი ვინაობის დადგენა მისი კურსდამთავრებულების ფოტოების მეშვეობით მოხერხდა. აღნიშნული სასწავლებელი უცხოეთის ოპერაციებისთვის გრუ-ს აგენტებს ამზადებს. ამასთანავე, დიდ ბრიტანეთში გამოძიებისას სისტემაში აღმოჩენილ იქნა ჩეპიგას "რუსეთის პასპორტიც", რომლის ფოტოზეც ის ისე გამოიყურება, როგორც ე.წ "ბოშიროვი". ამასთანავე, გამოქვეყნდა ჩეჩნეთში გადაღებული ფოტოც, სადაც ერთ-ერთი პირი ძალიან ჰგავს ე.წ "ბოშიროვს".

    "ბოშიროვის" შესახებ გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას რუსეთი უარყოფს და მას მორიგი ცრუ ინფორმაციის "შემოგდებას" უწოდებს.

    აყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ სკრიპალები მოწამლა რუსეთმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, "ნოვიჩოკით", რომელიც საბჭოთა კავშირში მზადდებოდა და რუსეთს ბრალი თავდასხმაში დასდო.

    რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მტკიცებულება არ არსებობს. სოლსბერის ინციდენტმა დიდი დიპლომატიური სკანდალიც გამოიწვია. დასავლეთის ქვეყნებმა 150-ზე მეტი რუსი დიპლომატი გაიწვიეს თავიანთი ქვეყნებიდან, რუსეთმაც საპასუხო ზომებით უპასუხა.

    სულ ცოტა ხნის წინ, 5 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლანდ იარდმა დანაშაულში ეჭვმიტანილებად რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი დაასახელა. ეჭვმიტანილები სათვალთვალო კამერებმა სოლსბერიში დანაშაულის ჩადენამდე დააფიქსირეს. პეტროვი და ბოშიროვი დიდ ბრიტანეთში 2 მარტს ჩავიდნენ, 4 მარტს კი ქვეყანა დატოვეს. ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, პეტროვი და ბოშიროვი რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო განყოფილების ოფიცრები არიან.

    მას შემდეგ, რაც ლონდონმა ეჭვმიტანილების გვარები დაასახელა, ჯერ რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა განცხადებით, რომ ეჭვმიტანილები სამოქალაქო პირები არიან, რუსეთის ხელისუფლებამ ისინი იპოვა და იმედიც გამოთქვა, რომ მალე ყველაფერს თავად იტყვიან. შემდეგ კი რუსულ სახელისუფლებო არხზე - "რაშა თუდეიზე" გამოიყვანეს ორივე, სადაც ისინი ამბობენ, რომ სოლსბერიში მეგობრების მიწვევით გასართობად ჩავიდნენ. თუმცა საბოლოოდ ირკვევა, რომ ვლადიმირ პუტინის მიერ ნაპოვნი "რიგითი რუსები", ბრიტანეთში ჩატარებული გამოძიებით, გრუ-ს ოფიცრები აღმოჩნდნენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved