სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მთავარია, რუსეთის სატელიტებს შორის საქართველოც არ აღმოჩნდეს"
    ეკატერინე ბასილაია
    13.10.2018

     მართლმადიდებელ ეკლესიებში დიდი და შიშნარევი მოლოდინია, რა მოხდება უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ - გავა თუ არა სქიზმაში რუსეთის ეკლესია და რამდენი ეკლესია გაჰყვება მას.

    მოსკოვის საპატრიარქოში კი დიდიშფოთია და 15 ოქტომბერს მინსკში სინოდის სხდომაზე იკრიბებიან, რათა პასუხი გასცენ კონსტანტინეპოლს, რომელმაც სინოდის სამდღიანი სხდომის შემდეგ რუსეთის ეკლესიას წაართვა უკრაინის მიტროპოლიტის დანიშვნის უფლება და თავის იურისდიქციად აღიარა, ასევე ანათემა მოუხსნა კიევის ეკლესიის მეთაურ ფილარეტს, რომელიც პატრიარქობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ.

    უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებამდე კი მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა - უკრაინაში უნდა შეიკრიბოს ყველა ის ეპისკოპოსი, ვინც კონსტანტინეპოლიდან ავტოკეფალიის მიღების მომხრეა და უნდა აირჩიონ პატრიარქი, შემდეგ კი კონსტანტინეპოლი შეკრებს სინოდს და გამოსცემს ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსს, რომელიც უკრაინის ახლად არჩეულ პატრიარქს გადაეცემა. ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად შეიკრიბებიან ეპისკოპოსები უკრაინაში.

    მოსკოვის საპატრიარქოდან მუქარანარევი განცხადებები მატულობს. რუსეთის პატრიარქის პრესმდივანი ალექსანდრ ვოლკოვი აცხადებს, რომ "კონსტანტინეპოლი რუსეთის ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე შეჭრით დაუპირისპირდა მართლმადიდებლობას" და "ახლა დაიწყება რაღაც საშინელება."

    მისი თქმით, არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი მსოფლიო ისტორიაში, რომ კონსტანტინეპოლი ასე თავხედურად და აგრესიულად ჩარეულიყო სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში, რის გამოც "სამწუხარო ნაბიჯების" გადადგმა მოუწევს რუსეთის ეკლესიას, რაც დაკავშირებული იქნება ევქარისტული კავშირის გაწყვეტასა და სხვა გადაწყვეტილებებთან.

    პარალელურად რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიიდან ისმის მოწოდება, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი ანათემას გადაეცეს.

    აყუბანის კაზაკების ოფიციალურ საიტზე კი მსოფლიო პატრიარქისადმი მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც კაზაკები იმუქრებიან, რომ თუკი ავტოკეფალიის ტომოსი გამოიცემა, "ეს ნაბიჯი ტრაგიკულ შედეგს მოიტანს" და ისინი გამოვლენ "თავისი მამულისა და დედაეკლესიის ერთიანობის დასაცავად".

    საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სანამ ტომოსი არ გამოიცემა, მათგან პოზიციის გამოხატვა არასერიოზულია.

    თეოლოგ გოჩა ბარნოვის აზრით, წლის ბოლომდე უკრაინას ავტოკეფალია მიენიჭება და, დიდი ალბათობით, პატრიარქად ფილარეტი აირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკლესია იმუქრება მართლმადიდებელი ერთობიდან გასვლით, ეს ნაბიჯი თუკი გადაიდგა, ისევ რუსეთისთვის იქნება საზიანო.

    "რუსეთი იმუქრება ერთობიდან გასვლით, თუმცა ეს არ არის ადვილი პროცესი. თუ რუსეთი გავიდა სქიზმაში, არ მგონია, დარწმუნებული იყოს, რომ 2-3 ეკლესიაზე მეტი გაჰყვება მას. რუსეთს იმედი აქვს, რომ ანტიოქია მის გვერდით დადგება, რადგან რუსული გავლენა სირიაზე დიდია. ასევე, ვარაუდია, რომ რუმინეთი შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთის გვერდით. მთავარია, რუსეთის სატელიტებს შორის საქართველოც არ აღმოჩნდეს. რადგანაც კრეტის კრებაზე საქართველო რუსეთის გვერდით აღმოჩნდა, ახლაც რუსეთში იმედი აქვთ, რომ საქართველო მათი მხარდამჭერი იქნება. ყველაფერი გამოჩნდება ტომოსის გადაცემის შემდეგ," - მიიჩნევს ბარნოვი.

    მისი თქმით, კონსტანტინეპოლის გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა რუსული ეკლესიის ამპარტავნულ პოზაზე, რომელიც წლებია ცდილობს, კონსტანტინეპოლი დაამციროს და წარმოაჩინოს, რომ რუსული ეკლესია არის ყველაზე მძლავრი როგორც მრევლის სიდიდით, ისე ქონებით. ხოლო რადგანაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შემდეგ რუსული ეკლესია კარგავს 30 მილიონზე მეტ მრევლსა და მდიდარ ეპარქიებს, სწორედ ამიტომაცაა, რომ რუსეთი ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი.

    "მთავარი სიმდიდრე იყო მოსანახულებელი ადგილები. კიევი-პეჩორის ლავრასა და სხვა დიდ ლავრებს შემოჰქონდათ ძალიან დიდი ფული და ისინი უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის იურისდიქციაში გადავა. ამიტომ ეს გადაცემა ასე მარტივად არ მოხდება, ამ ლავრებში მოღვაწე რუსი ბერები ძალიან დიდ ფიზიკურ წინააღმდეგობას გაუწევენ უკრაინელებს, ალბათ საჭირო გახდება პოლიციისა და ჯარის შეყვანა, რომ ეს მონასტრები გაიწმინდოს," - აღნიშნა ბარნოვმა.

    9-11 ოქტომბერს სტამბულში კონსტანტინეპოლის ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა და სამდღიანი შეკრების შემდეგ სინოდის ხმაურიანი გადაწყვეტილებაც გახდა ცნობილი. 11 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო საპატრიარქო აგრძელებს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას; უკრაინის ტერიტორია კონსტანტინეპოლის იურისდიქციაში ბრუნდება; ანათემა უუქმდებათ კიევის საპატრიარქოს პატრიარქ ფილარეტ დესინენკოს, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოს მაკარ მალეტიჩის და მათი მრევლი კანონიკურ სტატუსში აღდგება (ორივე მათგანი მოსკოვის საპატრიარქომ "რუსეთის ეკლესიაში განხეთქილების შეტანის გამო" გადასცა ანათემაზე); უქმდება 1686 წლის სინოდალური წერილის ძალა, რომელიც იკონომიით მოსკოვის პატრიარქს უკრაინის მიტროპოლიტის დასმის უფლებას აძლევდა.

    ახლა მხოლოდ ერთი საბოლოო ნაბიჯიღა დარჩა - ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსის გამოცემა. ამ საბოლოო ნაბიჯის მოსამზადებლად მსოფლიო საპატრიარქოდან კიევში სექტემბრის შუა რიცხვებიდან ორი ეგზარქოსი - დანიელი და ილარიონია წარგზავნილი. მათი ხელშეწყობით უნდა მოხდეს ყველა იმ უკრაინელი ეპისკოპოსის მოწვევა, რომელთაც სურთ კოსტანტინეპოლისგან ავტოკეფალიის მიღება და შეკრებაზე უნდა აირჩეს ავტოკეფალიური უკრაინის ეკლესიის წინამძღვარი, რომელიც მიიღებს პატრიარქობას და სინოდალურ ტომოსს.

    კიევში მოლოდინია, რომ თუ "ამ საშინაო დავალებას" დროზე შეასრულებენ, ტომოსს კოსტანტინეპოლიდან ნოემბერში მიიღებენ.

    უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ მიღებულია და ტომოსს უკრაინელი ეპისკოპოსების კრების შემდეგ მიიღებენ.

    ტომოსის გამოცემა რომ უახლოეს ხანში მოხდება, ამაში მოსკოვშიც დარწმუნებულები არიან. როგორც რუსული მედია წერს, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან არაერთხელ იყო მინიშნება, რომ საკითხი გადაწყდებოდა უკრაინის საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებამდე. რადგანაც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება 31 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, ხოლო კონსტანტინეპოლის სინოდი თვეში ერთხელ იკრიბება, ეს ნიშნავს, რომ ტომოსის გამოსაცემად კონსტანტინეპოლს ორი სხდომა აქვს წინ.

    რუსები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ კოსტანტინეპოლის პატრიარქმა არ გაითვალისწინა მოსკოვის საპატრიარქოს "კომპრომისული" შეთავაზება, უკრაინის საკითხი ჯერ ადგილობრივი ეკლესიების მეთაურების შეკრებაზე განხილულიყო. რუსულ მედიაში ექსპერტები უკმაყოფილებას არ მალავენ იმაზეც, რომ რუსეთის ეკლესიას მხარში არ დაუდგა და მისი წინადადება უარყო ბულგარეთის საპატრიარქომაც, რომლის დიდი მხარდაჭერის იმედიც ჰქონდათ, რადგან ადრე ფინანსურადაც დამოკიდებული იყო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე. რუსული მედიის თქმით, რუსეთის ეკლესიის კიდევ ერთი ტრადიციული მოკავშირე - საქართველოს საპატრიარქო ლოდინის პოზიციაშია, რაც მოსკოვში არ მოსწონთ.

    ცნობისათვის, მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების რაოდენობა 14-ია და, თეოლოგების დიდი ნაწილის მოსაზრებით, ამ 14-დან რუსეთის ე.წ. ბანაკის წევრებად მიიჩნევიან: ანტიოქია, ბულგარეთო, რუმინეთი და საქართველო. თუმცა უკრაინის საკითხზე, ანტიოქიის გარდა, რუსეთისთვის მხარდაჭერა ჯერჯერობით არც ერთ სხვა ეკლესიას არ გამოუხატავს.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ზურა   (14.10.2018)
    თეთრი ძაღლი, შავი ძაღლი, რამ გაყო?


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved