სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    27.11.2018

     უკრაინა-რუსეთს შორის ვითარება უკიდურესად იძაბება. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ღია შეიარაღებულ აგრესიაზე გადავიდა - ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა და სამი გემი და მთელი ეკიპაჟი დაატყვევა. საპასუხოდ კი პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას მოაწერა ხელი და სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოიყვანა მთელი არმია.

    თუკი უმაღლესი რადა მის ბრძანებას მხარს დაუჭერს, რაც უკვე ომის ოფიციალურად გამოცხადება იქნება.

    კიევი მოსკოვს აგრესიასა და საომარი მოქმედებების ესკალაციაში ადანაშაულებს. პოროშენკომ მოსკოვისგან მეზღვაურებისა და გემების დაუყოვნებლივ გადმოცემა მოითხოვა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

    მოსკოვი კი აცხადებს, რომ ეს იყო კიევის დაგეგმილი პროვოკაცია, უკრაინამ მათი საზღვაო ტერიტორია დაარღვია და ცეცხლი ამიტომაც გახსნეს.

    უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმეს დასავლეთში. ნატო-მ და ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა, აზოვის ზღვაში, ნეიტრალურ წყლებში უკრაინული გემების თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყოს და გაათავისუფლოს დაკავებული მეზღვაურები.

    ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის მილიტარიზაცია ძირს უთხრის სტაბილურობას რეგიონში. ნატო-უკრაინის საგანგებო სხდომის მოწვევაც დაანონსდა.

    რუსეთის წინააღმდეგ სანქციის დადებაზე გაერო-ში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვიეს, თუმცა რუსეთმა რეზოლუცია დაბლოკა. რეზოლუციის დაბლოკვის პარალელურად, დასავლეთმა რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

    უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისმა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და უკრაინის გემებზე თავდასხმა ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას.

    საქარველოში უკრაინის ელჩმა ღიად გამოხატული მხარდაჭერისთვის თბილისს მადლობაც გადაუხადა. უკრაინის ელჩის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ, ზოგადად, შავი ზღვის ყველა რეგიონისთვის.

    ექსპერტების შეფასებით, კრემლმა უკრაინაზე მორიგი აგრესია ვლადიმირ პუტინის დაბალი რეიტინგის გამო წამოიწყო. ნაწილი პროგნოზირებს, რომ რუსეთი არ გაჩერდება, მისი მიზანი უკრაინის ყველაზე დიდი პორტის - მარიუპოლოს ხელში ჩაგდებაა, ამიტომ ამ საზღვაო დაპირისპირების პარალელურად კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება დონეცკსა და ლუგანსკში და რომ რუსეთი სეპარატისტებს გაააქტიურებს.

    ვითარების ესკალაცია კვირას დაიწყო, როდესაც ქერჩის სრუტეში ნეიტრალურ წყლებში შემავალ უკრაინულ კატარღას რუსული გემი ჯერ განზრახ შეეჯახა, მოგვიანებით კი რუსულმა სამხედრო ხომალდებმა უკრაინელებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად რუსებმა შეიპყრეს 3 უკრაინული კატარღა და 23 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 6 მეზღვაური მძიმედაა დაჭრილი და მათგან სამს ოპერაცია მოსკოვში ჩაუტარეს.

    ორშაბათ დილიდან უკრაინამ არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, განგაში გამოცხადდა სამხედრო-საზღვაო ძალებში. ოდესაში ბაზირებული ყველა სამხედრო ხომალდი ღია ზღვაში გავიდა.

    უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც უკრაინის უშიშროების საბჭო საომარი მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. პოროშენკომ ინიციატივას მხარი დაუჭირა. იგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

    საბოლოო სიტყვა უმაღლესმა რადამ უნდა თქვას. თავდაპირველად ითქვა, რომ საომარი მდგომარეობა 60 დღით გამოცხადებულიყო, უმაღლეს რადაში გადაწყდა, რომ დრო 30 დღემდე შემცირებულიყო, რათა ხელი არ შეშლოდა 2019 წლის 31 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.

    საგულისხმოა, რომ შავი და აზოვის ზღვების დამაკავშირებელი ქერჩის სრუტე, სადაც რუსულმა მხარემ უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნა, მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთითა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან სამხრეთით, რომლებსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ.

    ქერჩის სრუტეში არის უკრაინული უდიდესი პორტი მარიუპოლი, რომელიც მთავარი საექსპორტო გზაა ფოლადის გადასაზიდად და ნახშირის იმპორტისთვის.

    უკრაინასა და რუსეთს შორის 2003 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორივე ქვეყნის გემებს ამ საზღვაო ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის გარანტიას აძლევდა, მოსკოვი კი ახლა აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა მათი საზღვაო ტერიტორია დაარღვიეს "რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირების მიზნით", თუმცა ნეიტრალურ წყლებში გემების შესვლა რატომ იყო წესების დარღვევა, ამაზე არ საუბრობს.

    რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს იყო ოფიციალური კიევის გამიზნული პროვოკაცია და კიევი გააზრებულად ცდილობს სიტუაციის კონტროლიდან გამოყვანის პროვოცირებას.

    ლავროვის თქმით, პოროშენკო არჩევნებისთვის პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ამასთან, დასავლეთს მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - "ახალი საბაბი გამონახონ რუსეთზე წნეხის განსახორციელებლად", შესაძლო სანქციები კი რუსეთს არ ადარდებს.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, ამას ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მოჰყვეს და სეპარატისტებისგან ესკალაციას უნდა ველოდოთ დონბასში მარიუპოლის მიმართულებით - ამ უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქის ხელში ჩასაგდებად.

    "რუსეთის სამხედრო სტრატეგიული გეგმაა, განახორციელონ აფხაზეთის სცენარი, რაც მოხდა 1993 წლის სექტემბერში. რუსეთის მხარემ შეგნებულად წამოიწყო სამხედრო კონფლიქტი ქერჩის სრუტეში, გეგმაა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრული ოკუპაცია მოახდინოს (დღეს ნახევარს კიევი აკონტროლებს, ნახევარს - სეპარატისტები) და რაც მთავარია, მარიუპოლო ჩაიგდოს ხელში.

    "მარიუპულოს ხელში ჩაგდება ნიშნავს, რომ უკრაინას აცლიან საზღვაო ქვეყნის სტატუსს, კეტავენ აზოვის ზღვას და იწყებენ შავ ზღვაზე ძალაუფლების კიდევ უფრო გაფართოებას. დონბასელი სეპარატისტები უკვე გააქტიურდნენ კიდეც", - ამბობს მაისაია.

    მაისაიას თვალსაზრისით, რუსეთის მხრიდან ამ პროვოკაციის დაწყება უკავშირდება იმას, რომ პუტინის რეიტინგი რუსეთში ძალიან დაეცა, ასევე, მას აუჯანყდნენ სამხედრო კომპანიები და ვეტერანები, რომლებმაც მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, რომ მათი უფლებები ილახება.

    "ფაქტობრივად, პუტინი ცდილობს, რომ სამხედრო ოპერაციის აქტივაციით ყურადღება გადაიტანოს უკრაინაზე და ამით თავი გადაირჩინოს", - აღნიშნავს მაისია.

    მისი თქმით, სწორი ნაბიჯი იქნება დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური დემარში, რუსეთში საელჩოების მასობრივი დახურვა და დიპლომატების გამოწვევა, თუმცა ეეჭვება, ეს მოხდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved