სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კიევში აცხადებენ, რომ მოსკოვს სურს, ოკუპირებული დონბასისა და ოკუპირებული ყირიმის დამაკავშირებელი კორიდორი მიიღოს
    ელზა პაპოშვილი
    03.12.2018

     რუსეთმა უკრაინის საზღვართან 80 ათასზე მეტ ჯარისკაცს მოუყარა თავი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს. მისი თქმით, რუსი ჯარისკაცების მობილიზება ხდება ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის სეპარტისტულ ნაწილებშიც. რისთვის შეიძლება რუსეთი ემზადებოდეს და რატომ დაიწყო მან უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზება.

    უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შიშობს, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრას აპირებს. მისი ინფორმაციით, რუსეთი აზოვის ზღვაზე უკრაინული პორტების - ბერდიანსკისა და მარიუპოლის დაკავებას გეგმავს, რათა ოკუპირებული დონბასიდან ოკუპირებულ ყირიმთან დასაკავშირებლად სახმელეთო კორიდორი მიიღოს.

    პოროშენკომ შაბათს, შეიარაღებული ძალებისათვის ახალი აღჭურვილობის გადაცემისას, გამოაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული რუსეთის საჯარისო შენაერთები მოიცავს 900 ტანკს, 2300 საბრძოლო დაჯავშნულ მანქანას, 500-ზე მეტ თვითმფრინავსა და 300-ზე მეტ ვერტმფრენს. შავ, აზოვისა და ეგეოსის ზღვებში კი იმყოფება რუსეთის 80-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და რვა წყალქვეშა ნავი.

    უკრაინაში ერთთვიანი საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზებს შორის ასახელებენ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის საფრთხეს, 25 ნოემბრის ინციდენტის დროს ქერჩის სრუტესთან უკრაინის სამი სამხედრო ხომალდისთვის ცეცხლის გახსნას და 24 მეზღვაურის დაკავებას.

    ანალიტიკოსები "მთელ კვირასთან" უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათი აზრით, რუსეთი ყოველთვის სუსტ წერტილებს ტესტავს, რათა ნახოს, რამდენად მზად არიან დასავლეთი ან მისი ნებისმიერი სხვა ოპონენტი რაიმე ტიპის წინააღმდეგობისთვის, მაგალითად, პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ თუ სხვა მიმართულებებს, რაც პრობლემურია რუსეთისთვის.

    მათი აზრით, რუსეთს ყოველთვის სჭირდება, რომ საკუთარ მოსახლეობას ძალა აჩვენოს, რათა ამით ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა სახის პრობლემები გადაფაროს. პუტინი ცდილობს, ხალხს როგორმე დაანახოს, რომ მას არ სცალია ქვეყნის შიდა პრობლემებისთვის, რადგან დიდი გეოპოლიტიკური გეგმების განხორციელება უწევს, რაშიც ხელს უშლიან უკრაინა თუ სხვა ქვეყანა.

    საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის - ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, რუსეთი აპირებს თუ არა უკრაინაში შეჭრას, ჯერჯერობით ამის თქმის პირდაპირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიტუაცია რომ იძაბება, უკვე ნათელია. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქერჩის სრუტესთან პროვოკაცია მოაწყო, ყველაფერი შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ პუტინი გარკვეულ გამწვავებაზეც წავიდეს და რუსეთის აგრესიული ქმედება ყველა ფორმით უნდა შეიბოჭოს.

    მენაღარიშვილი ამბობს, რომ რუსეთი მსგავსი საქციელით ყოველთვის დასავლეთის განწყობასა და რეაქციას ტესტავს, ხოლო მისი გამოხმაურების შემდეგ კონკრეტულ მოქმედებაზე გადავა.

    "მას შემდეგ, რაც დონბასის აგრესია ჩიხში შევიდა და წინ ვერ მიიწევენ, კრემლმა სიტუაციის გართულებისკენ გადადგა ნაბიჯები, უკრაინასთან შეუთანხმებლად ყირიმის ხიდი ააგო და სიტუაციის დაძაბვის ახალი საშუალება გააჩინა. ამ ხიდის აგების შემდეგ კი შეგნებულად ისეთი წესები შემოიღო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის წესებს, ასევე უკრაინა-რუსეთის შეთანხმებას, რომელიც საზღვაო სივრცის გამოყენებას ეხება. სწორედ ამ წესების დარღვევის ფაქტი იყო, რაც 25 ნოემბერს უკრაინულ ხომალდებს დამართეს.

    "რუსეთის მთავარი მიზანი კვლავ შიდა საკითხების გადაფარვაა და ცდილობს, რომ მოსახლეობას ეკონომიკური და სოციალური პრობლემებიდან ყურადღება გარე ფრონტზე გადაატანინოს", - აცხადებს მენაღარიშვილი.

    მისივე თქმით, არავისთვის საიდუმლო არაა ისიც, რომ პუტინის სტრატეგული ამოცანაა, პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი შეუზღუდავი გავლენა დაამყაროს, უკრაინა კი სწორედ ამ მიზნის მიღწევის კრიტიკული წერტილია.

    რაც შეეხება საქართველოს, მენაღარიშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით რაიმე სახის გართულება ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა გამორიცხული არაფერია. რუსეთი ამ აგრესიული ნაბიჯების პარალელურად დასავლეთის რეაქციას თვალს ადევნებს და თუ დაინახა, რომ გასდის, შეიძლება ძალიან შორსაც წავიდეს. ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან პროვოკაცია საკმაოდ შემაშფოთებელ ნიშნებს იძლევა და არ არის გამორიცხული, ისეთი რამ იკადროს, რაც აქამდე არ გაუკეთებია.

    "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია "მთელ კვირასთან" აცხადებს, რომ სიტუაცია ისედაც დაძაბულია, რაც მხოლოდ რუსეთ-უკრაინის პრობლემა არ არის. მისი აზრით, დაძაბულია მდგომარეობა რუსეთსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის. ამ დაძაბულობის გამოვლინებებია ყირიმის ოკუპაცია, აზოვის ზღვაზე სამხედრო ექსკალაცია და საქართველოში შემოჭრა.

    მისი აზრით, ეს არის მცდელობა, რომ რუსეთმა უკრაინის შიდა პოლიტიკასა და შავ ზღვაში დასავლეთის სტარტეგიულ ინტერესებზე გავლენა მოახდინოს. იგი რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე სწრაფ სამხედრო ინტერვენციას არ ელის, თუმცა მოვლენები როგორ განვითარდება, ეს დამოკიდებულია დასავლეთის რეაქციაზე.

    "რუსული ტაქტიკა, როგორც ბევრჯერ გამოჩნდა, იგივე 2008 წლის აგვისტოს ომში, ყოველთვის წითელი ხაზების მოსინჯვას გულისხმობს. მას აინტერესებს, რამდენად ძლიერია ეს ხაზები და შეუძლია თუ არა მისი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ცდილობს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს დასავლეთისა და ცივილიზებული სამყაროს სურვილი, ხაზი გაუსვას იმას, რომ ისინი უკრაინისა და საქართველოს გამო რუსეთს არ დაუპირისპირდებიან.

    "პირდაპირ სამხედრო ესკალაციას უახლოეს მომავალში არ ველი, თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს დასავლეთის პირველ პასუხებსა და რეაქციაზე იქნება დამოკიდებული.

    "რუსეთის სურვილია, რომ საკუთარი სამხედრო გავლენის ტერიტორიები შექმნას მსოფლიოში, ამისთვის კი წითელ ხაზებს ტესტავს. ის საერთაშორისო სამართლის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობს.

    "ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის ქმედება, მისი პირველი რეაქცია სწორი იყო, ის პუტინს არ შეხვდა. მისი შეხვედრა გამოიწვევდა განცდას, რომ პუტინთან რაღაცაზე ვაჭრობას აპირებს.

    "რუსეთი ვერ იქნება მოლაპარაკების მაგიდის სრულუფლებიანი წევრი, სადაც ცივილიზებული ქვეყნები გადაწყვეტილებებს მიიღებენ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ არის და ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება როგორც სამხედრო კუთხით, ასევე, დამატებითი სანქციები ყველა მიმართულებით. პროაქტიული სტარტეგიული გადაწყვეტილებების მიღება უნდა მოხდეს რეგიონის მიმართულებით", - აცხადებს ქუთელია.

    მისივე თქმით, საწყის ეტაპზე ევროპის რეაქციაც სწორი და მკაცრი იყო. მისი აზრით, შავ ზღვაში უსფართხოების მორღვევა, პირველ რიგში, ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებას ეხება. ამიტომაც პირველი, რაც მსოფლიომ უნდა გაიაზროს, ისაა, რომ ეს მხოლოდ უკრაინულ-რუსული დაპირისპირება არ არის. ეს არის ევროპაში ახალი თამაშის წესების შემოღების მცდელობა. ამიტომაც თუ ევროპა თანმიმდევრული და უფრო მკაცრი არ იქნება, რუსეთი კიდევ უფრო შორს წავა.

    რაც შეეხება საქართველოს, ქუთელია ფიქრობს, რომ ჩვენი უსფართხოება პირდაპირ ევროპის უსაფრთხოებაზეა მიბმული. ამიტომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამომავალი წერტილი უკრაინისთვის მხარდაჭერა უნდა იყოს, ყველა იმ კონსულტაციაში ჩართვა, რაც ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარეობს. რუსეთის ასეთი აღვირახსნილი ქცევის პასუხი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ცივილიზებული სამყარო ლობერალ პიდარასტების კ   (19.12.2018)
    ცივილიზებული სამყარო ლიბერალპიდარასტების კრებულია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved