სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    22.12.2018

     ეუთო-მ გამოაქვეყნა საგანგაშო ანგარიში ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა ძალიან სერიოზული დარღვევების შესახებ და მოსკოვს მოუწოდა, გამოიძიოს კონკრეტული შემთხვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის საქმის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში განხილვით დაემუქრა.

    რუსეთის რეგიონის - ჩეჩნეთის ხელისუფლება მიმართავს წამებას, ხალხის გატაცებას, გაუსამართლებლად დასჯას და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას, - წერენ ეუთოს ექსპერტები ანგარიშში.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ ხდება ლგბტ თემის წარმომადგენლების უკანონო დაკავება და წამება, რომ ამ ადამიანებს საიდუმლო ციხეებში ამწყვდევენ და ყოველგვარი სამართლებრივი დაცვის უფლებას ართმევენ.

    ანგარიშის მიხედვით, რიგ შემთხვევებში ჩეჩენი მაღალჩინოსნები აპატიმრებენ და აწამებენ ადამიანებს, მიზანი დევნილთა ნათესავებისაგან გამოსასყიდის მიღებაა.

    დოკუმენტში წერია, რომ ჩეჩნეთში სასამართლო დაცვის მცდელობა ისევ წარუმატებელი რჩება, რადგან უმცირესობათა უფლებების დამცველებიც, სამოქალაქო აქტივისტები და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, შესაძლოა, თავად აღმოჩნდნენ დაკავებულები და წამების მსხვერპლნი.

    ფაქტების დამდგენი ანგარიში, რომელიც ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება, 20 დეკემბერს გამოაქვეყნა. მისი ავტორი, გრაცის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი ვოლფგანგ ბენედეკი მიუთითებს, რომ ასეთი ფაქტები სისტემურ და მასობრივ ხასიათს ატარებს.

    ანგარიში ეუთოს 16 ქვეყნის წარმომადგენლის მიერ მომზადდა. რუსეთს ერთი საკუთარი ექსპერტის დამატების უფლებაც მიეცა, თუმცა მოსკოვმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. რუსეთმა უარი თქვა ჩეჩნეთში ეუთო-ს ექსპერტების შეშვებაზეც. ეუთოს დასკვნა ეფუძნება ადამიანის უფლებათა დამცველების, თავად მსხვერპლების, მოწმეების, ჟურნალისტების გამოკითხვებს.

    დოკუმენტის ავტორი პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი პასუხისმგებელია რესპუბლიკაში არსებულ უკანონობაზე, ასევე, მიუთითებს ფედერალური კანონზე, რომელიც კრძალავს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას ბავშვთა შორის, როგორც იურიდიულ დოკუმენტზე, რომელიც ხელს უწყობს ლგბტ თემის დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას.

    ანგარიში კრიტიკულია რუსეთის ხელისუფლების მიმართ. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ჩეჩნეთი "განიხილება როგორც საგანგებო შემთხვევა, გამონაკლისი, სადაც დაუსჯელობის მიმართ შეგუების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს იმისთვის, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს."

    ორგანიზაცია მოსკოვს მოუწოდებს, სერიოზულად გამოიძიოს რესპუბლიკის ადმინისტრაციისა და სამართალდამცველების საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტები იზრუნებენ ამაზე და საქმეს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომდე მიიყვანენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved