სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამერიკელები პოზიციებს თმობენ - თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა"
    თამარ შუკვანი
    24.12.2018

     "ამერიკელები სირიიდან და ავღანეთიდან გასვლით პოზიციებს თმობენ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა. "ისლამური სახელმწიფო" კი ახლა უფრო ძლიერდება და სერიოზულ პოზიციებს იკავებს, ვიდრე ადრე. "დაეში" არ არის დამარცხებული, პირიქით, გააქტიურდა ერაყში, იორდანიაში, ლიბანშიც და ევროპის კონტინენტსაც მისწვდა", - აღნიშნა ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იანვარში დაიწყებს, სირიიდან კი შეიარაღებული ძალების გაყვანა უკვე დაიწყო, რაც მოკავშირეებს აშფოთებთ. ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" სირიაში დაამარცხა.

    რა გეოპოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე და რატომ ტოვებს აშშ ავღანეთსა და სირიას?

    ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ აშშ ავღანეთიდან და სირიიდან ჯარების გაყვანით გზას უკაფავს თურქეთს, რუსეთსა და ირანს. ამ სახელმწიფოებმა ავღანეთიდან და სირიიდან აშშ-ის "გამოძევება" შეძლეს.

    "თურქეთის, რუსეთისა და ირანის ალიანსმა შეძლო საკუთარი პოზიციის განმტკიცება სირიაში და, ფაქტობრივად, ამერიკელები გამოაძევა. დღეს ისინი სირიაში პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებენ.

    "რაც შეეხება ავღანეთს, რუსები ძალიან კარგად თანამშრომლობენ თალიბებთან და შეეცდებიან, თალიბანი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. თალიბები გააქტიურდებიან, რამაც შესაძლოა, სიტუაციის ხელახლა გამძაფრება გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში - ვიეტნამის პროცესი სირიასა და ავღანეთში", - ამბობს მაისაია.

    ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-მა სირიაში ტერორისტული დაჯგუფება დაამარცხა, არ ეთანხმება.

    "ტრამპის განცხადებას ვერ დავეთანხმები, რომ "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია. ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მისი ინფრასტრუქტურა, შესაძლოა, მთლიანად განადგურდეს. შეიძლება მისი რომელიღაც დამრტყმელი ძალები ლიკვიდირებულია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორია ამ ორგანიზაციებისა და, ზოგადად, რადიკალური ისლამის ბუნება, არ არის გამორცხული, რომ მოკლე ხანში მათ ისევ მოახერხონ თავიანთი რიგების შევსება, რესურსების მოკრება და ახალი ძალებით სამიზნეებზე შეტევა, მათი სამიზნე კი დასავლეთი იქნება.

    "ამერიკის მიერ ავღანეთიდან და სირიიდან ჯარების გამოყვანა შეიძლება ფინანსურ მოსაზრებებს დავუკავშიროთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ომი საკმაოდ ძვირი უჯდება და ასევე, არსებობს ერთგვარი საფრთხის განცდა, რომ აშშ, შესაძლოა, დიდი ხნით ჩაეფლოს ამ ლოკალურ ომებში, რაც, როგორც ჩანს, ტრამპს არ სურს", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

    რა მოხდება, როდესაც აშშ ავღანეთიდან და სირიიდან ჯარებს გაიყვანს? მაისაიას აზრით, ავღანეთი თალიბანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რადგან ეს დაჯგუფება შემდეგომში უფრო მეტად გააქტიურდება.

    "ავღანეთში თალიბები იმდენად ძლიერი არიან, რომ ისინი მასობრივ შეტევას იწყებენ და საკმაოდ დიდ წარმატებასაც აღწევენ. ფაქტობრივად, ეს არის აშშ-ს მთელი შეიარაღებული ძალების ავღანეთიდან გამოყვანა. ავღანეთის მთავრობა კი ნამდვილად ვერ შეძლებს თალიბებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. "დაეში", ჰაკანის ჯგუფი და შედარებით ძლიერი რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებებიც გააქტიურდებიან. სიტუაცია ძალიან მძიმეა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ანაჯაფარიძის თქმით, სიტუაციას ართულებს ინტერესთა სხვადასხვა დაჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირება.

    "სიტუაცია ძალიან გართულებულია, რადგან ბევრი მოთამაშე და ინტერესთა სხვადასხვა დაჯგუფება არსებობს - კოალიცია სირიაში, ე.წ. ზომიერი ოპოზიცია, რომელსაც სირიის კრიზისის მთელი პერიოდის განმავლობაში აშშ მხარს უჭერდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ საკმარისად აღჭურვეს და გაწვრთნეს ამ გაერთიანებული, ზომიერი ოპოზიციის სამხედრო ქვედანაყოფები იმისთვის, რომ მათზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება შეძლონ, შეცვალონ ასადის რეჟიმი.

    "აშშ-ის ჩარევის მთავარი მიზანი, შეეცვალათ ბაშარ ასადის რეჟიმი, მიუღწეველია და გადაწყვიტეს, ეს ამოცანა მათ მიერ მხარდაჭერილ ზომიერ ოპიზიციას გადააბარონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved