სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რუსეთი ცდილობს, რომ ე.წ. ახალ რეალობას შეაჩვიოს უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა"
    ტატა შოშიაშვილი
    29.12.2018

     რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინას შორის მავთულხლართებიანი ხერგილის აგება დასრულდა. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების სამსახური აცხადებს.

    პერეკოპის ყელზე აგებული დაახლოებით 60-კილომეტრიანი ღობე ორი კომპლექსისგან შედგება და აღჭურვილია რამდენიმე ასეული სენსორული სიგნალიზაციით. პირველი კომპლექსის საფუძველი ვიბრაციული დეტექტორებია, მეორის კი - რადიოლოგიური სენსორები.

    "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ განაცხადა, რომ მავთულხლართებიანი ხერგილის აგება ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინას შორის რუსეთის მიერ საერთაშორისო არენისთვის გაგზავნილი სიგნალია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი უკან დახევას არ აპირებს.

    "რუსეთი ცდილობს, რომ ე.წ. ახალ რეალობას შეაჩვიოს უკრაინა და საერთაშორისო თანამეგობრობა, ანუ ის ღიად აჩვენებს, რომ უკან არ წაიღებს ყირიმის ანექსიას და ასეთი საშუალებით უნდა, რომ თანდათან ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობა და უკრაინის საზოგადოება "შეაჩვიოს" იმას, რომ ის არც კი განიხილავს ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობას.

    "გარდა ამისა, განსაკუთრებულ სიგნალებს უგზავნის დასავლეთს, რომელიც უკრაინას ქომაგობს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ოდესმე მოინდომებს ძალისმიერი მეთოდებით ამ საკითხის მოგვარებას, რუსეთი ღიად აჩვენებს, რომ მზად არის და უკან არ დაიხევს არაფრის წინაშე" - აღნიშნა კაკაჩიამ.

    მისივე თქმით, თეორიულად, ამ ხერგილის აგების შემდეგ სერიოზული წინააღმდეგობა არ უნდა დაიწყოს, რადგან უკრაინას არ აქვს შესაბამისი რესურსები და ძალა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

    "ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ სიტუაცია მეტად დაიძაბოს. დღეს უკრაინას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მარტომ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსულ აგრესიას და ჩვენ ეს ვიცით, რადგან რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია არ იქნება უკრაინისთვის მომგებიანი, თუ ამის უკან დასავლეთი არ დგას.

    "ჯერჯერობით არც დასავლეთია მზად იმისთვის, რომ უკრაინას პირდაპირი სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს. აქედან გამომდინარე, ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უკრაინამ ამის გამო სიტუაცია დაძაბოს. რუსეთი კი სწორედ ამის გათვალისწინებით დგამს ნაბიჯებს, რადგან მან იცის, რომ დღეს დასავლეთი არ არის მზად რუსეთთან კონფრონტაციაში შესასვლელად, თუნდაც უკრაინის გამო," - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved