სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    10.01.2019

     რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა იძაბება და შესაძლოა, მოსკოვმა დასავლეთის ტერიტორიაზე მისი ერთადერთი მოკავშირეც დაკარგოს, ბელარუსის სახით. ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვიდან ითხოვს, რომ ნავთობის სფეროში რუსეთის მიერ ახალი საგადასახადო წესი შემოღების გამო მას კომპენსაცია გადაუხადოს. პლუს, ბელარუსის ლიდერი აცხადებს იმასაც, რომ მისი ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთებაზე საუბრები უნდა შეწყდეს და "აქ არავინ არავის წახრის".

    ლუკაშენკოს მხრიდან მკვეთრი განცხადებები მთავრობის სხდომიდან გაისმა, ის მინსკიდან მოსკოვს ერთგვარად დაემუქრა კიდეც.

    იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი მოკავშირე ქვეყნის ინტერესებს არ გაითვალისწინებს და ნავთობის სფეროში გადასახადებისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციაზე არ შეთანხმდება, რუსეთი ბელარუსს როგორც მოკავშირეს დაკარგავს,ა- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    "თუ რუსეთის მთავრობა ასეთ გზას გააგრძელებს და დასავლეთით მოკავშირეს დაკარგავს, ეს მისი არჩევანი იქნება. ხომ არ დავაძალებთ," - აღნიშნა ლუკაშენკომ.

    ლუკაშენკომ საკუთარ მთავრობას სხვა "სანდო წყაროების" ძებნისკენ მოუწოდა, რათა ბელარუსის ბიუჯეტის კომპენსაცია მოხდეს.

    მისი თქმით, თუ რუსეთთან ამ საკითხში შეთანხმება ვერ შედგება, ეს ბელარუსისთვის კატასტროფა არ გახდება და ქვეყნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს დამატებით 400 მილიონი დოლარის შოვნა მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად.

    მოსკოვმა 2018 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება, რის თანახმადაც 2019-2024 წლებში ნავთობის სექტორში ე.წ.საგადასახდო მანევრს განახორციელებს, რომელიც საექსპორტო მოსაკრებლის განულებას და ნავთობმოპოვებაზე გადასახადის ზრდას გულისხმობს. აქამდე ბელარუსი რუსულ საწვავს შედგა საბაზრო ფასით იღებდა. რუსეთის ახალი გადაწყვეტილებით კი ფასი მნიშვნელოვნად იზრდება.

    გასული წლის დეკემბერში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი გათვლებით, ნავთობზე რუსეთის საგადასახადო მანევრების გამო მინსკმა მომდევნო 6 წელიწადში შესაძლოა 10,5 მილიარდი დოლარი დაკარგოს და მან დაიჩივლა, რომ ამ ზარალის გამო მოსკოვი უარს ამბობს მინსკს კომპენსაცია გადაუხადოს. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მინსკს დაუმსახურებელი სავაჭრო პრეფერენციების შენარჩუნება სურს.

    გარდა ნავთობის საკითხში დიდი გაუგებრობისა, ლუკაშენკოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბოლო დროინდელი საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა ბელარუსი რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს.

    ბელარუსის ლიდერის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ ითქვა, რომ ბელარუსის რუსეთთან მიერთების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

    "მოსკოვს მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს იმ შედეგების გათვალისწინებით, რომელიც ამას შეიძლება მოჰყვეს, ამიტომაც საჭიროა დამშვიდება და იმ საუბრების შეწყვეტა, თითქოს ვიღაცამ ვიღაც წახარა ან ხრის. აქ არავინ არავის წახრის", - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

    ლუკაშენკოს ამბობს, რომ ორი ქვეყნის კავშირი მხოლოდ თანასწორობის პრინციპზე შეიძლება, აიგოს - "თუ არ იქნება თანაბარი საფუძლები, არ იქნება კავშირი".

    აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკებრის ბოლოს ბელარუსის რუსეთთან შესაძლო მიერთების საკითხზე კომენტარი გაკეთდა კრემლში. ვლადიმირ პუტინის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ 1999 წლის შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ბელარუსთან ქმნის ერთობლივ სტრუქტურებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, საბაჟო, მონეტარულ, იურიდიულ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სივრცეში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved