სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    21.01.2019

     სირიაში ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უფრო და უფრო მწვავდება და მხარეები ერთმანეთს სრული განადგურებით ემუქრებიან. ისრაელის დაზვერვის მინისტრი აცხადებს, რომ კონფლიქტის ესკალაციისთვის მზად არის, თუ ირანი სირიაში პოზიციების გამაგრებას გააგრძელებს და „ვინც შენ მოსაკლავად მოვიდა, დაასწარი მას და პირველმა მოკალი". საპასუხოდ კი ირანის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მზად არიან ისრაელთან გადამწყვეტი ომისთვის, რათა ის „დედამიწიდან გააქრონ".

    მორიგი მუქარანარევი განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ჯერ 20 იანვარს ირანის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ სირიიდან გოლანის მაღლობის მიმართულებით რაკეტის გასროლა მოხდა, რომელმაც ისრაელის ანტისარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო. ამის შემდეგ კი საპასუხოდ 21 იანვარს გამთენიისას ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა დამასკოსთან მდებარე ირანის სამხედრო ბაზა, მათ შორის იარაღის საწყობები დაბომბეს.

    „როიტერსის" ინფორმაციით, სამი მიმართულებიდან მართვადი რაკეტებით დაბომბვა თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე ირანული „ალ-კუდსის" ძალები იყო, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფია.

    ბრიტანეთში დისლოცირებული სირიის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი, რომელთა შორის ყველა სამხედრო მოსამსახურეა.

    „სირიის ტერიტორიიდან მოქმედმა „ალ-კუდსის" ძალებმა „მიწა-მიწის" ტიპის რაკეტები გაუშვეს გოლანის სიმაღლეების მიმართულებით, რომელიც განეიტრალებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის" მიერ. აღნიშნულის საპასუხოდ ღამის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში „ალ-კუდსის" ობიექტებზე, ასევე სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებზე", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

    მასში ასევე აღნიშნულია, რომ „ისრაელი განაგრძობს აქტიური ზომების მიღებას სირიაში ირანის გაძლიერების წინააღმდეგ".

    განცხადებას ასევე ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მათი თქმით, ავიადარტყმების შედეგად 4 სირიელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 6 - დაშავდა. ასევე ნაწილობრივ დაზიანებულია დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა.

    რუსული მხარის ცნობით, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებმა ისრაელის 30 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

    ისრაელის დაზვერვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ეს ავიაიერიშები მკაფიო გზავნილია ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსისთვის და რომ არ დაუშვებს სირიაში ირანმა თავისი სამხედრო პლაცდარმი შექმნას.

    „ისრაელი განაგრძობს წითელი ხაზების პოლიტიკის წარმოებას სირიაში ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებასთან დაკავშირებით. ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში ირანის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული იერიში მკაფიო მესიჯია ირანისთვის: „ვინც შენ მოსაკლავად მოვიდა, დაასწარი მას და პირველმა მოკალი". ვინც ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებს, საფასურის გადახდა მოუწევს ამისთვის", - განაცხადა ისრაელის დაზვერვის მინისტრმა.

    საპასუხო განცხადება გაკეთდა თეირანიდანაც.

    „ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან ომისთვის, რაც ისრაელს გამანადგურებელ მარცხს მოუტანს. ჩვენ მზად ვართ იმ დღისთვის, როდესაც ისრაელის დასასრულს ვიხილავთ", - განაცხადა ირანის საჰაერო ძალების სარდალმა.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, ისრაელისა და ირანის დაპირისპირება საშიშ ზღვრამდე მივიდა, უკვე დიდია ალბათობა, რომ ამ კონფლიქტში აშშ-ც ჩაერთოს და ამასთან, ირან-ისრაელს შორის შეტაკებები გასცდეს სირიის ტერიტორიას - ისრაელმა ირანის ტერიტორიაზეც მიიტანოს ავიაიერიშები.

    „სიტუაცია მწვავდება. დიდი ალბათობაა, რომ ირანსა და ისრაელს შორის შეტაკებები მოხდეს არა მხოლოდ სირიის ტერიტორიაზე. იმიტომ, რომ აშშ უკვე ემზადება ირანზე თავდასხმის განსახორციელებლად. ფაქტობრივად პენტაგონს ჯონ ბოლტონმა უკვე მისცა დავალება, რომ შემუშავდეს ირანზე სამხედრო ოპერაციების გეგმა. ეს სახმელეთო იქნება, საზღვაო თუ საჰაერო, არ ვიცით, მაგრამ ჩანს, რომ ისრაელი და აშშ ტანდემში შეეცდებიან შეაჩერონ ირანის ჰეგემონია სირიასა და ახლო აღმოსავლეთში. გამორიცხული არ არის ჩვენ მივიღოთ ამერიკა-ისრაელის ერთობლივი ქმედება ირანის წინააღმდეგ.

    „ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმები სირიაში ირანულ ობიექტებზე აბსოლუტურად ლოგიკური ქმედებაა, იმიტომ, რომ ირანი ცდილობს გააძლიეროს თავისი სამხედრო კონტიგენტი, შექმნას პლაცდარმი, რათა კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი სამხედრო ჩართულობა რეგიონში. ამიტომაც დაბომბვებით ისრაელისთვის სასიცოცხლო ინტერესებს იცავს.

    „კონფლიქტი უკვე მივიდა საშიშ ზღვრამდე. ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ დაპირისპირების ფონზე ირანი პირველად მიუახლოვდა ისრაელის საზღვრებს და ამან ბუნებრივად შესაძლოა გამოიწვიოს მათ შორის პირდაპირი თუნდაც ლოკალური ომის დაწყების პრეცედენტი," - აცხადებს მაისაია.

    მისი თქმით, ისრაელში არის გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მისწვდეს ირანს.

    „ირანზე მიიტანოს საჰაერო თავდასხმები და ირანის ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმების რეიდები მოაწყოს, როგორც სახმელეთო კომპონენტი. ასევე ირანის ტერიტორიაზე არსებული ბირთვული ობიექტები გაანადგუროს. რამდენად შეძლებს ამ მისიის შესრულებას, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ასეთი გეგმა არსებობს.

    „თუმცა, ირანიც არ არის ხელდაკრეფილი და ემზადება. ირანმა დაიწყო შეიარაღების მოდერნიზაცია. მათ შორის, ირანს გააჩნია საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები და თავისუფლად შეუძლია მიაღწიოს არა მარტო ისრაელს, არამედ შავი ზღვისპირეთის ტერიტორიასაც," - აღნიშნავს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    vaso   (21.01.2019)
    მესამე მანდ თუ დაიწყო, თურქეთიც შიგაა და მთლა განადგურდება ახლო აღმოსავლეთი. ამიტომ საზღვრების გამაგრებაა საჭირო სამხრეთითაც, ავიაცია და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ხო მითუმეტეს. 15-20 ერთეული თანამედროვე აპაჩიც სავსებით საკმარისი იქნებოდა 2019 წელს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×