სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    28.01.2019

     ვენესუელაში სახალხო პროტესტი გრძელდება და უკვე გაჩნდა იმის მტკიცებულება, რომ ნიკოლას მადუროს ავტორიტარული რეჟიმის ზურგის გასამაგრებლად რუსეთმა კარაკასში კრემლის მხარდაჭერითა და დავალებით მოქმედი არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება - "ვაგნერის" 400-მდე მებრძოლი გადასხა, რომელთაც მადუროს დაცვა ევალებათ და ეს მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოსთვის აშშ-ის მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერა "სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში" უხეშ ჩარევად შეაფასა და, ამასთან, საგანგაშო და კატეგორიულად მიუღებელი უწოდა ვაშინგტონისა თუ სხვა ქვეყნების მხრიდან "გარედან სამხედრო ჩარევის სურვილს". თუმცა აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ერთგვარი დამუნათების დროს კრემლს ვენესუელაში უკვე გაგზავნილი ჰყავდა "ვაგნერის" ჯგუფი, რომელსაც მოსკოვი, წლებია, სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში საიდუმლო ოპერაციებისა და რუსეთის გავლენის შესანარჩუნებლად იყენებს.

    რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა კარაკასში გადასხმაზე ინფორმაცია სააგენტო "როიტერმა" გაავრცელა, ამ შეიარაღებულ ჯგუფთან დაახლოებულ ორ ადამიანზე დაყრდნობით. როგორც სააგენტოს წყარო ამბობს, "ვაგნერის" დაქირავებული წევრები კარაკასში კუბიდან ჩაფრინდნენ. მათი რაოდენობა 400-მდეა, ხოლო ამოცანაა - არ დაუშვან პრეზიდენტ მადუროს დაპატიმრება.

    "ვაგნერის" წევრების ვენესუელაში გაგზავნას ადასტურებს რუსეთის ოფიცერთა ასამბლეის კომიტეტის თავმჯდომარე ევგენი შაბაევიც, რომელიც ამბობს, რომ რუსულ სამხედრო კომპანიებთან არის დაკავშირებული და სამხედროები მას ხშირად მიმართავენ ხოლმე.

    უფრო მეტიც, შაბაევის თქმით, ვენესუელაში "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში გაუშვეს, ოპოზიციის გამოსვლებამდე 2 დღით ადრე.

    მისი თქმით, "ვაგნერის" მებრძოლები ჯერ ორი ჩარტერული თვითმფრინავით ჩაფრინდნენ კუბაში, იქიდან კი ვენესუელაში მცირე ჯგუფებად - რამდენიმე კომერციული რეისით.

    რუსების სამხედრო კვალი ვენესუელაში

    "ვაგნერის" ჯგუფის ვენესუელაში ყოფნას კატეგორიულად უარყოფს მოსკოვი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ვენესუელაში კერძო კომპანიის წევრების ჩასვლის თაობაზე. იმავეს აცხადებს რუსეთის ელჩი ვენესუელაში, რომლის მტკიცებითაც, "როიტერის" ინფორმაცია ტყუილია.

    საგულისხმოა, რომ მანამდე დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა ნიკოლას მადუროს და მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა პესკოვმა კატეგორიულად გამორიცხა რუსეთიდან სამხედრო დახმარება. მან თქვა, რომ მსგავსი რამ მადუროს არც უთხოვია.

    "ვაგნერის" ვენესუელაში გადასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობას დიდი ხმაური მოჰყვა რუსეთში და "როიტერის" ერთ-ერთი წყარო შაბაევი მოღალატედ გამოაცხადეს ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თუმცა მან ეს ინფორმაცია მაინც არ უარყო და თავი იმით იმართლა, რომ "ბიჭების ბედი აწუხებდა".

    მისი თქმით, მას ხშირად მიმართავენ დახმარებისათვის მოქმედი სამხედროები და ვეტერანებიც და ასე მოხდა 21 იანვარსაც, როდესაც მასთან "ვაგნერის" წევრი მივიდა და უთხრა, რომ სასწრაფოდ დავალებაზე აგზავნიდნენ და არ ეუბნებოდნენ - სად. მან შაბაევს სწორედ ამის გარკვევა სთხოვა, კონკრეტულად სად აგზავნიდნენ.

    რამდენიმე დღის შემდეგ კი შაბაევს ტელეფონით ამ მებრძოლის მეგობარი ქალი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ჯგუფი ჰავანაში უკვე გაუშვეს, საიდანაც სადღაც უნდა გაფრენილიყვნენ და იქნებ საერთაშორისო ჟურნალისტური კავშირების დამხარებით გაერკვია, სად აგზავნიდნენ.

    შაბაევი ყვება, რომ ბიჭების ბედი აწუხებდა, ამიტომაც ამ ინფორმაციით "როიტერს" დაუკავშირდა და შემდეგ სააგენტომ გაარკვია, რომ ეს ჯგუფი ვენესუელაში მადუროს დაცვაში გამოჩნდა.

    რა არის ცნობილი "ვაგნერზე"

    რამდენიმე წელია, კრემლი სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში არაოფიციალურ სამხედრო დანაყოფებს იყენებს, რომლებიც ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს არ მიეკუთვნება. ერთ-ერთია ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია - "ვაგნერის ჯგუფი", სადაც ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები ირიცხებიან.

    დაჯგუფებას მთავარი ბაზა კრასნოდარის ტერიტორიაზე აქვს და მასში 2 500-მდე მებრძოლია. მის დამფუძნებლად და ხელმძღვნელად მიიჩნევა დმიტრი უტკინი, ცნობილი, როგორც "ვაგნერი". ის 2017 წლის ივნისში აშშ-მა სანქციების სიაში შეიყვანა. "ვაგნერს" რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარის ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი აფინანსებს, ვინც ცნობილი "ტროლების ფაბრიკის" მფლობელია.

    "ვაგნერი" იყო ერთ-ერთი პირველი საბრძოლო რაზმი, რომელიც დონბასში სეპარატისტების დასახმარებლად შევიდა. ჯგუფის საქმიანობის პირველი დამადასტურებელი მტკიცებულებები უკრაინის სპეცსამსახურებმა 2014 წლის მაისში დონბასში მოიპოვეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ვაგნერის" წევრები მონაწილეობდნენ 2014 წლის ივნისში აღმოსავლეთ უკრაინაში ილ-76- ის ჩამოგდებაში, დონეცკის აეროპორტზე შეტევასა და დებალცევოს ბრძოლაში.

    2015 წლიდან "ვაგნერის" აქტიურობა შეინიშნებოდა სირიაში - კერძოდ, 2016 და 2017 წლებში პალმირას შტურმებში. ბრიტანული "ბი-ბი-სი" კი იუწყებოდა "ვაგნერის" საქმიანობაზე სუდანში 2017 წლის ბოლოს. 2018 წელს ამ დაჯგუფების მებრძოლებზე სირიაში აშშ-ის ავიაციამ იერიში მიიტანა და ათობით "ვაგნერის" მებრძოლი დაიხოცა.

    ამ დაჯგუფებაზე ინფორმაცია გავრცელდა 2018 წლის აგვისტოშიც, როდესაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. მაშინ მედიაში დაიწერა, რომ ჟურნალისტები ამ ქვეყანაში იღებდნენ ფილმს "ვაგნერის" საქმიანობის შესახებ და მკვლელობაც ამას დაუკავშირდა. ახლა კი რუსეთმა ვენესუელას რეჟიმის დასაცავადაც გადასხა ჯგუფი კარაკასში.

    "ვაგნერი", ე.წ. მწვანე კაცუნები და "როსნეფტის" ფორმირება - პუტინის დახმარება მადუროს

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, მოსკოვიდან მადუროს დასახმარებლად უკვე გასაჯაროებული "ვაგნერის" 400 მებრძოლის გაგზავნის გარდა, ვენესუელაში რუსეთს უკვე დიდი ხანია, "როსნეფტის" გასამხედროებული ფორმირებაც ჰყავს, დაახლოებით 1000 კაცი და გამორიცხული არ არის ე.წ. მწვანე კაცუნებიც იყოს გაგზავნილი.

    "რუსეთში მოქმედებს კანონი, რომელიც სახელმწიფო ბიზნეს კომპანიებს აძლევს უფლებას, გასამხედროებული ფორმირებები იყოლიოს. ამიტომ "როსნეფტმა", რომელიც ვენესუელაში ნავთობის საბადოების 20%-ს ფლობს, საკუთარი გასამხედროებული ფორმირებაც შექმნა და ჩაიყვანა ვენესუელაში.

    "საუბარია 1000 კაცზე. მათი მოვალეობაა რუსეთის სახელმწიფო კომპანიების დაცვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მათ აკონტროლებს რუსეთის "ფე-ეს-ბე". ამდენად, სავარაუდოდ, ვენესუელაში 1400-მდე რუსი მებრძოლია. მაგალითად, რუსული კანონითვე, "ვაგნერის" გაგზავნა სამართლებრივად არ არის გამყარებული, მაგრამ გამყარებულია "როსნეფტის" ფორმირება.

    "ამ გასამხედროებული ფორმირების იქით ვინ შედის და ვინ არა, ეს კიდევ ცალკე თემაა. გამორიცხული არ არის, იქ უკვე გადასხმული იყოს "მწვანე კაცუნები", რომლებიც ასრულებენ სპეციალური ტიპის დავალებებს," - ამბობს მაისაია.

    მისი თქმით, ახლა ვენესუელა აშშ-ის და რუსეთის გეოპოლიტიკური თამაშების ადგილია, ამიტომაც რუსეთისთვის საგარეო ფლანგზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ დათმოს ანტიამერიკული ქვეყანა.

    მაისაია არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს და ვენესუელაში სირიის სცენარი განვითარდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved