სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    დაიწყებს თუ არა დიდი კრიზისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთ ამღიარებელ ქვეყანაში
    ეკატერინე ბასილაია
    21.02.2019

     ვენესუელას შემდეგ დიდი არეულობები და პროტესტი, შესაძლოა, ნიკარაგუაშიც დაიწყოს. ვაშინგტონიდან კეთდება განცხადება, რომ დანიელ ორტეგას დღეები დათვლილია და ნიკარაგუელი ხალხი მალე თავისუფალი იქნება. ნიკარაგუა კი ვენესუელას შემდეგ მეორე ქვეყანაა ამერიკის კონტინენტზე, რომელმაც რუსული ფულის და მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა. ამიტომაც ამ ორ ქვეყანაში რეჟიმების ცვლილება საქართველოსთვის დიდი ინტერესის საგანია.

    რამდენიმე დღის წინ ნიკარაგუაში 100 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯეს დანიელ ორტეგას რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების ლიდერებს. ამ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი ტვიტერში გამოეხმაურა.

    „ორტეგას რეჟიმმა 550-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ფერმერების სამ ლიდერს, რომლებიც 2018 წლის საპროტესტო აქციებს უწევდნენ ორგანიზებას. ამ აქციებზე რეჟიმმა 300-მდე აქტივისტი მოკლა. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ორტეგას დღეები დათვლილია და ნიკარაგუელი ხალხი მალე თავისუფალი იქნება," - წერს ბოლტონი.

    მანამდე დონალდ ტრამპმა ვენესუელის სათვისტომოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნიკარაგუაში სოციალიზმი მალე დამარცხდება და დემოკრატია დამყარდება.

    მასშტაბური საპროტესტო აქციები ნიკარაგუაში გასული წლის აპრილში დაიწყო და ის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ სოციალურ რეფორმებს მოჰყვა. საყოველთაო მღელვარების ფონზე ორტეგამ რეფორმებზე უარი თქვა, თუმცა ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ არ დააკმაყოფილა.

    უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, გასულ წელს ორტეგას რეჟიმის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს პოლიციამ და მთავრობის მომხრეებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა 320 ადამიანი. დაკავებულია 600-მდე ადამიანი. მას შემდეგ ორტეგას მთავრობა ოპოზიციაზე და მედიაზე ზეწოლას განაგრძობს.

    მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით სასამართლომ ოპოზიციის 3 ლიდერს 216, 210 და 159 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედით სასჯელის მაქსიმალური ზომა 30-წლიანი პატიმრობაა.

    ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ ვენესუელასა და ნიკარაგუაში არსებული რეჟიმების შეცვლა საქართველოს ინტერესებში შედის, ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარებების" გამო, თუმცა გამოვა თუ არა ცვლილებები, ამის პროგნოზირება რთულია.

    უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას თქმით, ნიკარაგუაში ორტეგას რეჟიმის დამარცხების ალბათობა დღევანდელი გადასახედიდან ძალიან რთულია, მაგრამ რეჟიმის ცვლილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.

    „რეჟიმის ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს ამ აღიარებების უკან წაღებას. ორივე - ნიკარაგუაც და ვენესუელაც დღეს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და ბუნებრივია, სწორედ პუტინის რეჟიმის დახმარებით ინარჩუნებენ ხელისუფლებებს და ამიტომაც აღიარეს ოკუპირებული ტერიტორიებიც. დღეს ამ ქვეყნების მიმართ აშშ-ის გააქტიურებას გეოპოლიტიკური შიგთავსი აქვს. ტრამპი ცდილობს შეასრულოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა - ამერიკა უპირველეს ყოვლისა, რაც ნიშნავს, რომ ტრამპმა დაიწყო მონროს დოქტრინის რეალიზაცია. აშშ-მ დოქტრინა 1823 წელს ჯეიმს მონროს პრეზიდენტობის დროს გამოაცხადა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოებს მიერ ამერიკის კონტინენტებზე არსებული ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა აღიქმებოდა, როგორც აშშ-ის ეროვნული ინტერესების შებღალვა და ამას აშშ დაუპირისპირდებოდა. ახლა სწორედ ამაზეა საუბარი, რომ ნიკარაგუსა და ვენესუელას საქმეებში ჩარევის უფლება აშშ-ს აქვს, რუსეთს - არა და აშშ იმ ხელისუფლებებს დაუჭერს მხარს, ვინც პროამერიკულ ინტერესებს გაატარებს. ნიკარაგუაში რთული სიტუაციაა, ორტეგას რეჟიმი ძალიან რეპრესიული და გასულ წელს მომიტინგეების დახვრეტაც მოხდა, თუმცა მას კონტაქტები აქვს კუბასთან, რუსეთია მისი მთავარი სპონსორი და მხარდამჭერი. ასევე კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთანაც და არის იდეა, რომ ნიკარაგუას გავლით გაიჭრას პანამის არხის პარალელური არხი, რომელიც არა აშშ-ის უშუალო გავლენის ქვეშ იქნება, არამედ ალტერნატიული მეგა პროექტი და ამით დაინტერესებულია ჩინეთი. ასევე ორტეგას მხარს უჭერს არმია და იდეოლოგიური დასაყრდენიც ძლიერი აქვს, ანტიამერიკული განწყობები ძალიან მაღალია. ამიტომ, იქ ორტეგას დამხობა ამერიკული ინტერვენციის გარეშე საეჭვოა მოხდეს,"- ამბობს მაისაია

    „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას თქმით, ჯერ ნიკარაგუა შორსაა იმისგან, რომ იქ რაიმე დიდი ძვრები მოხდეს, თუმცა თუ აშშ-ის მხარდაჭერით დიდი პროტესტი დაიწყება, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის შანსი ჩნდება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი „აღიარება" გაუქმდეს.

    „აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაცია საგარეო პოლიტიკაში იდეოლოგიურ მიდგომას, მტკიცე ხელის პოლიტიკა ავითარებს.რონალდ რეიგანის ადმინისტრაციას ბაძავენ, რომელმაც სტრატეგიულად მართლაც ძალიან შეცვალა ცივი ომის პერიოდი და ის საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. სწორედ იდეოლოგიური მიდგომის გამოხატულებაა ნიკარაგუასთან, ვენესუელასთან და ირანთან დაკავშირებული განცხადებები. ეს განცხადება აშშ-ის მხრიდან ჰგავს სურვილს და მზადებას, რომ ისინი მზად არიან ამ ქვეყნების დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, თუმცა მთავარია ეს იდეოლოგიური მიდგომა რეალობაში რამდენად გამოვა. ჯერ ვენესუელაში, სადაც დიდი პროტესტია და ყველაზე ახლოსაა დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, ვერ გაირკვა გაიმარჯვებს თუ არა ოპოზიცია. ნიკარაგუაშიც დიდი უკმაყოფილებაა, რაც სოციალურ-ეკონომიკური პირობებით არის გამოწვეული, თუმცა ჯერ შორსაა იქ რაიმე დიდი ძვრები დაიწყოს.

    ვენესუელას მსგავსად ნიკარაგუას იდეოლოგიური საგარეო პოლიტიკა გააჩნია, რომელიც მიბმული იყო საბჭოთა კავშირთან და შემდეგ რუსეთმა, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ, ეს კავშირები შეინარჩუნა. სწორედ რუსეთის გავლენით მოხდა ამ ქვეყნების მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება. ჰიპოთეტურად, თუ სიტუაცია შეიცვლება, მთლიანად სტრატეგიული გარემო შეიცვლება და ახალ ხელისუფლებას კარგი ურთიერთობა ექნება აშშ-სთან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოსთვისაც კარგია და ნიკარაგუა შეცვალოს თავის გადაწყვეტილება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით,"- ამბობს კაკაჩია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×