სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    01.03.2019

     ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა მწვავდება. ამ ორ ბირთვულ ქვეყანას შორის ერთგვარი საჰაერო ბრძოლა დაიწყო და 1971 წლის ომის შემდეგ ქაშმირში, რომელიც სადავო ტერიტორიაა, პირველი საჰაერო დარტყმაც მოხდა.

    27 თებერვალს პაკისტანმა ორი ინდური სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო ქაშმირში. ერთი პილოტი გადარჩა და პაკისტანშია დაკავებული. პილოტის ვიდეო პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს. ვიდეოში მას სისხლიანი ფორმა აცვია.

     

     

    ინდოეთმა ვიდეოს გავრცელებას საერთაშორისო ნორმების ვულგარული დარღვევა უწოდა და პაკისტანს მოუწოდა, დაუყოვნებლივ უსაფრთხოდ დააბრუნონ სამხედრო პილოტი.

    ერთი დღით ადრე ინდოეთის ავიაციამ ქაშმირში ავიადარტყმები განახორციელა. მათი თქმით, სამიზნე დაჯგუფება ჯაიშ-ე-მუჰამედის საწვრთნელი ბანაკი იყო და დარტყმების შედეგად დაჯგუფების ბევრი მებრძოლი მოკლეს.

    პაკისტანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა 7 კილომეტრი დაფარეს, რის შემდეგაც პაკისტანის საჰაერო ძალებმა ისინი უკან გააბრუნეს. მათი განცხადების მიხედვით, თვითმფრინავებმა ასაფეთქებელი მასალა საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებამდე დაცალეს, რასაც მსხვერპლი ან ზარალი არ მოჰყოლია.

    პაკისტანის პრემიერ იმრან ხანის თქმით, ეს პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დარღვევაა და პაკისტანს შესაფერისი საპასუხო ქმედებებისა და თავდაცვის უფლება აქვს.

    1971 წლის ომის შემდეგ ეს პირველი ავიადარტყმაა, რომელიც ქაშმირის ცეცხლის შეწყვეტის ხაზთან განხორციელდა. ქაშმირის შტატი ინდოეთსა და პაკისტანს შორის სადავო ტერიტორიაა. შტატის ერთ ნაწილს ინდოეთი აკონტროლებს, მეორეს - პაკისტანი.

    პაკისტანის პრემიერმა ინდოეთს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ვითარების ესკალაცია არ უნდა მოხდეს და იმ იარაღით, რაც ამ ორ ქვეყანას გააჩნია, არასწორი გათვლების უფლება არ აქვთ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი და პაკისტანი ატომურ იარაღს ფლობენ.

    პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქაშმირში აფეთქებას 44 ინდოელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

    თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჯაიშ-ე-მუჰამედმა აიღო. ოფიციალურმა დელიმ ტერორისტების მხარდაჭერაში პაკისტანი დაადანაშაულა და მოუწოდა, ამ ჯგუფისთვის არ მიეცა საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად მოქმედების საშუალება.

    ოფიციალური ისლამაბადი თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

    ჯაიშ-ე-მუჰამედი ქაშმირის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე მძლავრი დაჯგუფებაა. მათ 2001 წელს ინდოეთის პარლამენტზეც განახორციელეს თავდასხმა.

    ამ ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო სწორედ საჰაერო ომი და სიტუაციის ესკალაცია პაკისტანსა და ინდოეთს შორის. 6 თებერვალს ინდოეთმა ქაშმირში სამხედრო ბაზები დაბომბა. მეორე დღეს კი ინდოეთისა და პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებს შორის შეტაკებაც მოხდა. ინდური მედიის ცნობით, საჰაერო ომში, ჯამში, 32 თვითმფრინავი მონაწილეობდა.

    ინფორმაციის თანახმად, ინდოეთის საჰაერო ძალებმა რვა გამანადგურებელი გამოიყენეს - ოთხი სუ-30, ორი მოდერნიზებული მირაჟ 2000 და ორი მიგ-21. ინდოეთის მხარის აღიარებით, ამათგან ერთი - მიგ-21 პაკისტანელებმა ჩამოაგდეს.

    პაკისტანმა გამოიყენა 24 თვითმფრინავი, მათ შორის რვა ეფ -16, ოთხი ფრანგული მირაჟი და ოთხი ერთობლივი ჩინურ-პაკისტანური გამანადგურებელი. ინდური გამოცემა წერს, რომ დანარჩენი 8 თვითმფრინავი ამ ჯგუფის მხოლოდ გამცილებელი იყო და აქტიურ მოქმედებებში არ ჩართულა.

    ინდური პრესა ასევე წერს, რომ ინდურმა ავიაციამაც ჩამოაგდო პაკისტანის ერთი გამანადგურებელი - "ეფ 16", თუმცა ამ ფაქტს თავად ისლამაბადი უარყოფს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×