სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    11.03.2019

     "ჩრდილოეთ კორეის მიერ დაწყებული ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპის პოლიტიკამ, მისმა დიპლომატიამ კრახი განიცადა - კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული რბოლის დაწყებამ, შესაძლოა, სერიოზული ეფექტი იქონიოს მსოფლიო უსაფრთხოებაზე," - ასე შეაფასა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ჩრდილოეთ კორეის მიერ ფხენიანის ახლოს ახალი რაკეტების აგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

    ჩრდილოეთ კორეაში, ფხენიანიდან დაახლოებით 200 კმ-ში, სანუმდონგის კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე, კომერციული თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულების საფუძველზე შესაძლოა იმის ვარაუდი, რომ ჩრ.კორეამ ახალი კონტინენტთაშორისი ან კოსმოსური რაკეტის აგება დაიწყო. ამის შესახებ ამერიკული არაკომერციული სააგენტო იუწყება.

    ექსპერტი ვახტანგ მაისაია "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქმედება განპირობებულია დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკების ჩავარდნით. კორეის ნახევარკუნძულზე მსგავსმა მოქმედებებმა კი შესაძლოა, მსოფლიო უსაფრთხოებაზე იქონიოს გარკვეული გავლენა.

    "#ფეშწტფდ ზგიდშს კფვშწ-ს" ცნობით, თანამგზავრის მიერ გადაღებულ სურათებზე ჩანს სანუმდონგის ტერიტორია - 22 თებერვალს გადაღებულ სურათებზე ასახულია სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები, მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ამწე და სარკინიგზო ვაგონები.

    მათივე ინფორმაციით, ფოტომასალა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც სხვა თანამგზავრების მიერ გადაღებულმა ფოტოსურათებმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე სწრაფად აღადგინა სარაკეტო დანადგარი, რომელიც თანამგზავრების გაშვებისთვისაა განკუთვნილი.

    ვახტანგ მაისაიას თქმით, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა და ჩანდა კიდეც, რომ ჩრდილოეთ კორეის მხარე არ უყურებდა ამ მოლაპარაკებას სერიოზულად.

    "ეს არის სოხეს პოლიგონი, რომელიც ფხენიანიდან დაახლოებით 200 კმ-შია განლაგებული. ჩრდილოეთ კორეის მიერ დაწყებული ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპის პოლიტიკამ, მისმა დიპლომატიამ კრახი განიცადა. ფაქტობრივად, მოლაპარაკებამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეა ნამდვილად არ იყო სერიოზულად განწყობილი, რომ რაიმე წინადადება მიეღო.

    "როგორც კი პირველი წინააღმდეგობა შეხვდა კორეას ტრამპის მხრიდან, კორეელებმა მოახდინეს რესტავრირება და ბუნებრივია, რომ ჩრდილოეთ კორეა საკმაოდ სერიოზულად უდგება ამ საკითხებს. მან დააგროვა დაახლოებით 30-40 ბირთვული ქობინი, რაც 100 კილოტონამდე მუხტის მატარებელია.

    "ახლა კორეელები ამ ბირთვული ქობინების გადამტანი საშუალებების, ანუ ბირთვული ტრიადის კომპონენტების შექმნას ცდილობენ - სტრატეგიული ბომბდამშენები, წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, სწორედ ბალისტიკურ რაკეტებზე მიდის საინტერესო მუშაობა ფხენიანის მხრიდან," - დასძინა ვახტანგ მაისაიამ.

    მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოლაპარაკება ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის უშედეგოდ დასრულდა, კორეას მიეცა საშუალება, რომ იმოქმედოს თავისი სურვილისამებრ, რამაც შესაძლოა, დიდი პრობლემები გამოიწვიოს.

    "ტრამპის მეორე ინიციატივაც, ფაქტობრივად, ჩავარდა, საუბარია ვაშინგტონის ხელშეკრულებაზე (მცირე და საშუალო ბალისტიკური რაკეტების შემცირების ხელშეკრულება). ტრამპს მხოლოდ რუსეთზე არ ჰქონდა აქცენტი და მხოლოდ ფედერაციის გამო არ გასულა ხელშეკრულებიდან - მას ჰქონდა იდეა, რომლის თანახმადაც, უნდოდა ვაშინგტონის ხელშეკრულების გაფართოება, რომ ამ ხელშეკრულებაში ჩართულიყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ფლობდნენ ან მომავალში ექნებოდათ მცირე ზომის ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის იგულისხმება ჩრდილოეთ კორეა და როდესაც ეს ინიციატივა ჩავარდა, ჩრდილოეთ კორეას "გაეხსნა ხელ-ფეხი".

    "ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ახალი ბირთვული რბოლა კორეის ნახევარკუნძულზე. მოგეხსენებათ, ბირთვული რბოლა უკვე დაწყებულია შავი ზღვის აუზში, ხოლო კორეის ნახევარკუნძულზე ამ პროცესების დაწყებამ, შესაძლოა, სერიოზული ეფექტი იქონიოს უკვე მთელ მსოფლიოს უსაფრთხოებაზე და ბუნებრივია, რომ საკმაოდ პრობლემური თემაა დღევანდელი საზოგადოებისთვის," - ამბობს სამხედრო ექსპერტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×