სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    01.06.2019

     ბალკანეთზე ახლო მომავალში შესაძლოა ახალმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა იფეთქოს. ასეთ შემაშფოთებელ პროგნოზს საფუძვლად უდევს გასულ კვირას კოსოვოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირება ადგილობრივ პოლიციასა და სერბი უმცირესობის წარმომადგენლებს შორის და ასევე კოსოვოს ხელისუფლების განცხადება ალბანეთთან შესაძლო შეერთების შესახებ, რაც სერბეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

    „იქ არსებული დაძაბული სიტუაცია შეიძლება სხვადსხვა სცენარით განვითარდეს. ევროპას და ნატო-ს საკმარისი საშუალებები გააჩნიათ, რომ არ დაუშვას მასშტაბური დაპირისპირება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ვერც გაბედავს ინტერვენციას, მაინც  შეეცდება ძირგამომთხრელი საქმიანობით ხელი შეუშალოს პროცესების ნორმალიზაციას“, - ასე შეაფასა „რეზონანსთან“ საუბრისას საქართვლოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და პოლიტიკურმა ექსპერტმა, ირაკლი მენაღარიშვილმა ბოლო დროს კოსოვოში ვითარების გამწვავება.

    კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობა დღითიდღე იძაბება. ერთ მხრივ, კოსოვო ევროკავშირს ულტიმატუმს უყენებს და ქვეყნის პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კოსოვო ალბანეთს შეუერთება. მისი თქმით, თუკი ევროკავშირი გააგრძელებს კოსოვოს იზოლირებას, ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება როგოც კოსოვოში, ისე ალბანეთში.

    ეს კატეგორიულად მიუღებელია სერბეთისათვის, რომელიც ოფიციალური მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს და კოსოვოს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.

    კოსოვოში ამჟამად არსებული ვითარება კარგად ჩანს გასულ კვირას მომხდარ ინციდენტში, რომელიც დიპლომატიური სკანდალით დასრულდა. კერძოდ, კოსოვოს პოლიციამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მოტივით სერბებით დასახლებულ რაიონში დაიწყო სპეცოპერაციის ჩატარებას. ადგილობრივმა სერბებმა ამის საპასუხოდ ავტომაგისტრალებსა და თავისი ქალაქების ქუჩებში ბარიკადები ააგეს, იყო სროლაც და ფიზიკური დაპირისპირებაც.

    ამ არეულობებში კოსოვოში მოქმედი გაეროს სამშვიდობო მისიის ორი თანამშრომელი დაშავდა. ერთ-ერთი იყო რუსეთის წარმომადგენელი მიხაილ კრასნოშჩიოკოვი. მოგვიანებით სერბეთის ხელისუფლებამ მასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამშვიდობო მისიის რუსი წარმომადგენლის ქცევა არ შეესაბამებოდა მის ნეიტრალურ სტატუსს, იგი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას და ღიად ეხმარებოდა ადგილობრივ სერბებს. ამის გამო კოსოვოს ხელისუფლებამ იგი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

    დაშავებული კრასნოშჩიოკოვი ამჟამად სერბეთში იმყოფება. ბელგრადის საავადმყოფოში იგი რუსეთის ელჩმა და სერბეთის პრეზიდენტმა მოინახულეს.

    ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ სერბეთსა და კოსოვოს შორის დაწყებული კონფლიქტი, რომელიც დროთა განმავლობაში სხვდასხვა მხარეების ჩარევის გამო ვერა და ვერ გვარდება, შესაძლოა ფართომასშტაბიან ომში რეალურად გადაიზარდოს:

    „იქ არსებული დაძაბული სიტუაცია, რა თქმა უნდა, შეიძლება, რომ სხვადასხვა სცენარით განვითარდეს. იუგოსლავიის დაშლის შემდგომ ეს არის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ბალკანეთზე დარჩა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საკითხი საბოლოოდ სტაბილურად ვერ მოგვარდა. 

    „ცნობილია, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობასთან მიმართებით საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი წევრი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც სკეპტიკურადაა განწყობილი. ეს ყველაფერი ასე ადვილად არ გვარდება. დღეს ჩვენ გვაქვს  მორიგი გამწვავება ამ საკითხისა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთს შორის საიდუმლოს დიდი ხანია არ წამოადგენს.

    „მე მაინც მგონია, რომ პოლიტიკურად, უსაფრთხოების ინსტრუმენტების განლაგებისა და გამოყენების შესაძლებლობის თვალსაზრისით, ეს ცოტა სპეციფიური რეგიონია - ევროპას და ნატო-ს საკმარისი საშუალებები გააჩნია, რომ არ დაუშვას მასშტაბური დაპირისპირება.

    „ ვფიქრობ, რომ იმ სცენარით (მასშტაბური შეტაკებების დაწყება) მოვლენები, ალბათ, არ განვითარდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ იმას, რომ ათასგვარი სხვადასხვა სახის გამწვავება და სისიხლიანი დაპირისპირებაც შესაძლოა მოხდეს“, -განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

    კითხვაზე, ჩაერევა თუ არა დასავლეთი და რუსეთი სერბეთისა და კოსოვოს კონფლიქტში იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ექსპერტი აცხადებს, რომ ეს გარდაუვალი იქნება. მაგრამ კოსოვოს მხარდამჭერებისგან განსხვავებით, რუსეთი ღიად კონფლიქტში არ ჩაერევა და „შეეცდება ძირგამომთხრელი საქმიანობით ხელი შეუშალოს პროცესების ნორმალიზაციას“:

    „დასავლეთი, იგულისხმება აშშ, ევროპა და არა მხოლო ნატო და ევროკავშირი, წლების განმავლობაში თავის როლს ასრულებდა - ისინი არიან გარანტორები უსაფრთხოებისა იქ და, რა თქმა უნდა (კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში) ჩაერევიან - ევროპა ყველაფერს გააკეთებს. თითქმის არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, აქ ფართო მასშტაბიან დაპირისპირებას აღკვეთენ. ცუდია, რომ ასეთი ჩარევა საჭირო ხდება.

    „უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში კარგადაა ცნობილი რამდენჯერ გამოჩნდა რუსეთი „კუდი“ ამა თუ იმ გართულების დროს, რომელიც პოსტ-იუგოსლავიურ სივრცეში წარმოშობილ სახელმწიფოებში ჩნდებოდა ხოლმე. სამწუხაროდ, რუსეთი ახლა იქ აქტიური  პროვოკატორის როლს ასრულებს, რათა როგორმე ხელი შეუშალოს ბალკანეთის ამ სივრცეში სიტუაციის სტაბილიზებას და მათ ორიენტირებას დასავლეთისკენ.

    „თუ რას მოიმოქმედებს  რუსეთი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ზოგადად, რაიმეს წინასწარ თქმა ძნელია, თუმცა ამ რეგიონში არსებული ძალების, დასავლეთის უსაფრთხოების ინსტიტუტების არსებობისა და სხვა პირობების გათვალისწინებით, ალბათ რუსეთი ვერც გაბედავს ინტერვენციას და ამიტომ შეეცდება ძირგამომთხრელი საქმიანობით ხელი შეუშალოს პროცესების ნორმალიზაციას. 

    „არც ისე ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც სისხლისღვრას ჰქონდა იქ ადგილი.  ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მაშინდელი კონფლიქტებისას სამხედრო დანმაშავეების სასამართლოები ახლაც მიმდინარეობს. პირობები იმისათვის, რომ პროვოკაციული მოქმედებებით შეძლონ სიტუაციის გამწვავება, სამწუხაროდ, იქ არსებობს.  მაგრამ ღია სამხედრო კონფრონტაციაზე, რა თქმა უნდა, ევროპის ტერიტორიაზე რუსეთი დღეს ვერ წავა და ვერ გაბედავს“, - განუცხადა მენაღარიშვილმა „რეზონანსს“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×