სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    07.06.2019

     ბელარუსსა და რუსეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ალექსადრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთიდან შემოსული ბინძური ნავთობის გამო მოსკოვმა ბელარუსს სამართლიანი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს და ეს უნდა იყოს ბევრად უფრო მეტი, ვიდრე 100 მლნ დოლარი. საპასუხოდ კი მოსკოვში აცხადებენ, რომ 100 მილიონის გადახდაც კი ბევრია, რადგან არცთუ ისე დიდი ზარალი აქვს ბელარუსს.

    საქმე ეხება აპრილში რუსეთიდან ბელარუსის გავლით ევროკავშირის ქვეყნებისათვის გატარებულ ნავთობსადენში ნავთობთან ერთად ქლორის დიდი მოცულობის აღმოჩენას, რის გამოც რუსეთს კომპენსაციას სთხოვს ევროკავშირის რიგი ქვეყნები და ბელარუსი.

    ბოლო მონაცემებით, რუსეთიდან ბელარუსისთვის ნავთობსადენით მიწოდებულ ნავთობში ქლორით დაბინძურების მოცულობამ დაახლოებით 3 მილიონი ტონა შეადგინა.

    ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების ხელმძღვანელობისგან მოითხოვს, გადაწყვიტონ კომპენსაციის საკითხი უხარისხო რუსული ნავთობის მიწოდების გამო მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად.

    „არ უნდა ყვირილი, შეტევა და ა.შ., მაგრამ თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს ინტერესებზე. მუხლებზე არ უნდა დადგეთ, უნდა დასხდეთ და გადაწყვიტონ ბიზნეს წესით", - განაცხადა ლუკაშენკომ პარასკევს „ნავთობკომპანიებთან" შეხვედრისას.

    როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ის ხედავს მედიაში იმ ინფორმაციას, რომ საერთაშორისო კომპანიები რუსეთს 800 მილიონ დოლარი ზიანის პრეტენზიას უყენებენ.

    „ჩვენ ყველაზე მეტად დავზარალდით. თუმცა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბელარუსელებს არაფერი არ დაუკარგავთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელად თვალყური უნდა მიადევნოთ და ნახოთ, რატომაა, რომ, მაგალითად, მათ ზიანისთვის 800 მილიონ დოლარს გადაუხდიან, ხოლო ჩვენ, რომლებიც ყველაზე მეტად დავზარალდით, მხოლოდ 20 მილიონ დოლარს", - განაცხადა მან.

    19 აპრილს ბელარუსულმა საექსპორტო მაგისტრალური მილსადენის მფლობელმა ნავთობკონცერნმა განაცხადა, რომ ბელარუსი იძულებულია დროებით შეაჩეროს რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებისკენ ნავთობის მიწოდების გატარება. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსეთიდან ბინძური ნავთობის მიწოდების გამო მიღებულმა ზარალმა ასობით მილიონი დოლარი შეადგინა. პარალელურად, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ კომპენსაციის ოდენობა გადაწყდება ზაფხულის ბოლოს. იმავდროულად, მან მანამდე განაცხადა, რომ შეაფასეს ბელარუსის ზიანი და ის 100 მლნ დოლარზე ნაკლებია, როცა ლუკაშენკო ასობით მილიონზე საუბრობს.

    საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა და ლუკაშენკოს მხრიდან მწვავე განცხადებები არც თუ იშვიათად ისმის. მაგალითად, აპრილში ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთში უკვე იმდენად გათავხედნენ, რომ ხელების გრეხვა დაიწყეს. მაშინ ბელარუსის ლიდერი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ რუსეთმა ბელარუსიდან ვაშლისა და მსხლის იმპორტი დროებით შეაჩერა რიგი იმპორტიორებში აღმოჩენილი ყალბი ფიტოსანიტარული სერთიფიკატის მიზეზით.

    მანამდე იყო ნავთობის თემაც. როცა რუსეთმა ნავთობმოპოვებაზე გადასახადი გაზარდა და თუკი ადრე ბელარუსი რუსულ საწვავს შეღავათიანი საბაზრო ფასით იღებდა, ახალი გადაწყვეტილებით ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაშინ ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთმა ახალი საგადასახადო წესი შემოღების გამო ბელარუსს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

    პლუს, ბელარუსის ლიდერი აცხადებს იმასაც, რომ მისი ქვეყნის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო მიერთებაზე საუბრები უნდა შეწყდეს და „აქ არავინ არავის წახრის".

    ბელარუსისა და რუსეთის შესაძლო შეერთებაზე საუბარი გასული წლის ზამთრიდან დაიწყო რუსულ მედიაში და სწორედ აქედან იწყება ლუკაშენკოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვაც.

    პასუხი მოსკოვიდანაც გაისმა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ემოციურ განცხადებებს და პრეტენზიებს არ ეთანხმებიან და მათი აზრით, განცხადების ტონი უნდა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობის ურთიერთობებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×