სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    „რაც უფრო გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო კარგი შესაძლებლობა ექნება მოსკოვს, ჩაერიოს ამ პროცესში“
    ეკატერინე ბასილაია
    10.06.2019

     მოლდოვაში დიდი პოლიტიკური კრიზისია. მეორე დღეა ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა და ერთმანეთს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაყენებული პრეზიდენტ იგორ დოდონი და მისი პრორუსული პარტია და პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის პროევროპული ძალა უპირისპირდებიან.

    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგ დანიშნულ დროებით მთავრობას და მის დროებით მმართველ პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპთან თანამშრომლობას და დაქვემდებარებას არ აპირებენ არც სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად სახლში გაშვებული პარლამენტი და არც იმავე სასამართლოს მიერ გადაყენებული პრეზიდენტი იგორ დოდონი. ასევე შს სამინისტროს ხელმძღვანელობა უარს აცხადებს დაემორჩილოს პრემიერ ფილიპს და გადაყენებული პრეზიდენტის მოკავშირედ რჩება.

    ევროკავშირი, ნატო და აშშ დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. ამ კრიზისის ფონზე კი ასევე არსებობს საფრთხე, მოლდოვაში სიტუაციის ესკალაციას შეეცადოს რუსეთი, რის გამოც უკრაინამ მოლდოვის საზღვართან უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი დააწესა სპეციალურად რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა „რადიკალურად განწყობილმა რუსებმა" არ გადაკვეთონ საზღვარი და სხვა ქვეყნის შიდა საქმეები არ არიონ.

    მოლდოვაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ სცნო საპარლამენტო არჩევნებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ პრეზიდენტ დოდონის პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობისა და კოალიციური მთავრობის ძლივს ჩამოყალიბება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობის ჩამოსაყალიბება 90 დღის ფარგლებში უნდა მომხდარიყო და ვადის გადაცილების გამო პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა მოსთხოვა.

    პრეზიდენტმა პარლამენტის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არდამორჩილების გამო სასამართლომ დოდონს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა პრემიერ პაველ ფილიპს, რომელმაც პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 2019 წლის 6 სექტემბერი გამოაცხადა.

    სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილი მმართველი ძალის, „დემოკრატიული პარტიის" წევრ პარლამენტართა მიერ იყო შეტანილი.

    პარლამენტის დაშლას ახლადარჩეული პარლამენტის დიდი ნაწილი არ ეთანხმება. დეპუტატებმა პაველ ფილიპის მთავრობა და „დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკი ხელისუფლების უზურპატორად გამოაცხადეს. მათ მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია, ხოლო ოლიგარქებმა სასამართლოზე ტოტალური კონტროლი დაამყარეს.

    საგულისხმოა, რომ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 24 თებერვალს ჩატარდა. პრეზიდენტ დოდონის მხარდამჭერმა პრორუსულმა „სოციალისტურმა პარტიამ" მანდატების 1/3 მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა მთავრობის ფორმირება ვერ შესძლო. არჩევნებიდან 3 თვეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ კი მოლდოვას პარლამენტში „სოციალისტებმა" და პროევროპულმა ბლოკმა ACUM-მა კოალიციის ჩამოყალიბებაზე კონსენსუსს მიაღწიეს. 8 ივნისს გამართულ საგანგებო სხდომაზე პოლიტიკურმა ძალებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

    პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის" (PAS) კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი „სოციალისტების პარტიის" ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.

    ამ სხდომას 101 დეპუტატიდან მხოლოდ 61 ესწრებოდა. „დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ, პარლამენტის სხდომაზე არ გამოცხადნენ. პარლამენტის სხდომა უშუქობის ფონზეც მიმდინარეობდა, რადგან ტექნიკური პერსონალი არ მივიდა.

    8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, მათი განცხადებით, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა და ამიტომაც პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობისა და მმართველი ორგანოების ჩამოყალიბების უფლება არ აქვს. სწორედ ამის შემდეგ, 9 ივნისს დაინიშნა დროებითი მთავრობის მეთაურად პრემიერი პაველ ფილიპიც და მოხდა პარლამენტის დათხოვნაც.

    მოლდოვას კრიზისს გამოეხმაურა დასავლეთი. აშშ, ნატო და ევროკავშირი შეშფოთებით ადევნებენ თვალს მოლდოვაში შექმნილ მოვლენებს და ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანად, კანონის სრული დაცვით მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

    მოლდოვის კრიზისის გამო მის მოსაზღვრე უკრაინაში გამკაცრდა სასაზღვრო კონტროლი, თუმცა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის.

    უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებისთვის კონტრდაზვერვის რეჟიმი გააძლიერა. როგორც კიევი აცხადებს, რადიკალურად განწყობილი რუსეთის მოქალაქეების მოლდოვაში გადასვლა რომ არ მოხდეს.

    „კიშინიოვში სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, რომელიც დაკავშირებულია შიდა პროცესებში შესაძლო უცხოური ჩარევის საფრთხესთან, უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვის საზღვართან გაძლიერდა კონტრდაზვერვის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის რადიკალურად განწყობილი მოქალაქეებისათვის", - ნათქვამია უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას თქმით, მოლდოვაში პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად ორხელისუფლებიანობაა და ხელისუფლების შტოები ერთმანეთის ლეგიტიმურობას არ სცნობენ.

    „მოლდოვაში პარლამენტი არის მთავარი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. დღეს რეალურად ვინ მართავს ქვეყანას, კაციშვილმა არ იცის, შს სამინისტრო არ ემორჩილება ახალი მთავრობას და ძველი ხელისუფლების ერთგული რჩება. მინუმუმ ორი პოლიტიკური ცენტრია.

    „აქ უკვე ორხელისუფლებიანობაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ხელისუფლების ინსტიტუტების ეროზიაზე. როცა სამინისტროები არ ემორჩილებიან მთავრობას, ეს უკვე სერიოზულ ინსტიტუციურ კრიზისზე მიუთითებს.

    „ამას ემატება ამომრჩევლების აპათია, რომლებიც გულაცრუებულები არიან მოლდოვურ პოლიტიკურ ელიტაზე, განსაკუთრებით დასავლური პოლიტიკური პარტიების მიმართ, იმიტომ, რომ, გვახსოვს 2-3 წლის წინ სერიოზული სკანდალი იყო კორუფციასთან დაკავშირებით, როცა 1 მლრდ დოლარი გაქრა. ეს ყველაფერი ამძაფრებს სიტუაციას.

    „ზუსტად არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტია, რომ ქვეყანა უახლოეს მომავალში ამ კრიზისში იქნება ჩართული და მთელი ძირითადი ენერგია, რომელიც მიმართული უნდა იყოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და რეფორმებზე, ალბათ წავა ამ კრიზისის მოგვარებაზე.

    „სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან კარგი გზავნილია მოსკოვისთვის, რომელიც ისედაც ცდილობდა და ჰქონდა კიდეც გარკვეული გავლენები აქ და რაც უფრო არასტაბილური იქნება სიტუაცია, მით უფრო ადვილია მოსკოვისთვის მოლდოვაში საკუთარი დღის წესრიგის განსაზღვრა.

    „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს იქ მხოლოდ რბილი ძალის გავლენა კი არ აქვს, არამედ მას ჰყავს მოსკოვთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტორები, რომლებიც მზად არიან მოსკოვისთვის სასარგებლო ინტერესები გაატარონ. ასევე ვიცით, რომ იქ არიან პოლიტიკური პარტიები და თვითონ პრეზიდენტიც კი, რომელიც ითვლებოდა, რომ პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა. ამიტომ გამორიცხული არ არის, ეს კრიზისი კრემლისთვის დიდი საჩუქარი გამოდგეს. რაც უფრო გაგრძელდება კრიზისი, მით უფრო კარგი შესაძლებლობა ექნება მოსკოვს, ჩაერიოს ამ პროცესში," - ამბობს კაკაჩია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×