სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “მიზანი შემაკავებელი ბარიერის შექმნაა, რათა რუსეთმა არ განახორციელოს შეტევები აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებზე”
    თამარ შუკვანი
    18.06.2019

     ბალტიის ზღვაში ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს, სადაც 18 ქვეყნის ფლოტია ჩართული. მასში აშშ-ის მხრიდან ევროპაში განთავსებული ძალების ნაცვლად, ვირჯინიის შტატიდან მეორე ფლოტი იღებს მონაწილეობას. მის მიზანს რუსეთის აგრესიის შეჩერება წარმოადგენს. წვრთნები 21 ივნისამდე გაგრძელდება.

    „ეს წვრთნები საკმაოდ სერიოზულ ოპერატიულ-სტრატეგიული ტიპის წვრთნებს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია რუსეთის სამხედრო საფრთხის თავიდან სწორედ ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით, მათ შორის საზღვაო აკვატორიაშიც," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია.

    ვაშინგტონმა მეორე ფლოტი მხოლოდ გასულ თვეს აამოქმედა, რაც ჩინეთის და რუსეთის მზარდი საზღვაო მოქმედებების საპასუხოდ იყო განპირობებული. მის პასუხისმგებლობაში ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის და არქტიკის დაცვაა. ის 2011 წელს გააუქმეს, თუმცა, დღეს სტრატეგიული დაპირისპირების ზრდასთან ერთად, ვაშინგტონმა მისი საბრძოლო მზაობაში მოყვანის გადაწვეტილება მიიღო.

    ბალტიის ოპერაცია, სახელით „ბალტოპსი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნაა ჩრდილოეთ ევროპაში. მასში 50 გემი, ორი წყალქვეშა ნავი, 36 საბრძოლო თვითმფრინავი და 8000 სამხედრო იღებს მონაწილეობას.

    ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ბალტიის ზღვაში რუსეთი საკუთარ სამხედრო საზღვაო კომპონენტს აძლიერებს და სწორედ მისი შეკავება გახლავთ ნატო-ს მიზანი.

    „ამ წვრთნების მნიშვნელობა, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე, სწორედ შემაკავებელი ბარიერის შექმნაა იმისათვის, რომ რუსეთმა არ განახორციელოს შეტევები აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოებზე, - იმისათვის, რომ ისინი ე.წ. გერასიმოვის სამხედრო დოქტრინისაგან დაიცვან, რომელიც თავისი შინაარსით არის აგრესიული, - იგი ამ ქვეყნებისათვის საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბალტიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახით რუსებმაც საკმაოდ მძლავრი დაჯგუფება შექმნეს.

    "ბალტიის ზღვაში რუსები თავიანთ სამხედრო საზღვაო კომპონენტს აძლიერებენ და ნატო-ს მიზანია სწორედ ეს ყველაფერი იქნას შეკავებული, მათ აგრესიულ ქმედებას განვითარების შემდგომი ფაზა არ მიეცეს," - აღნიშნა მან.

    მისი თქმით, ნატო-ს წვრთნების საპასუხოდ რუსეთმა ანალოგიური სამხედრო წვრთნები ჩაატარა. ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა კალინინგრადის ოლქში ისკანდერები განათავსეს.

    „მეორე ფლოტის ამოცანები თავის დროზე ატლანტიკის ოკეანეში საბჭოთა საფრთხის შეკავება იყო, მაგრამ იმის გამო, რომ მაშინ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ფლოტი გაუქმდა. ხოლო პუტინის აგრესიული პოლიტიკის შედეგად 2014 წლიდან მისი აღდგენა მოხდა. მეორე ფლოტში იყო გაერთიანებული დაახლოებით სამი ავიამზიდი, 100-მდე სამხედრო ხომალდი.

    „გუშინ რუსეთმა კალინინგრადის ოლქში, ისკანდერები განათავსა და ასევე ანალოგიური სამხედრო წვრთნები ჩაატარა, სადაც ისკანდერების მეშვეობით ე.წ. ვირტუალური დაბომბვა მოხდა, - მათ გუშინვე დაიწყეს ამ წვრთნების განხორციელება. როგორც ჩანს, რუსები აპირებენ ბალტიის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და ჩრდილოეთ სამხედრო საზღვაო ფლოტის ერთობლივ წვრთნების ჩატარებას ბალტიის ზღვაში," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×