სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    25.06.2019

     „რამზან კადიროვი გახდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ფაქტობრივი მბრძანებელი. არა მხოლოდ ინგუშეთის მეთაური ევკუროვი გადადგა, არამედ უცებ ავად გახდა დაღესტნის ხელმძღვანელი ვლადიმირ ვასილევი და მოსკოვში საავადმყოფოში დაწვა... კადიროვის ოცნებაა საქართველოსთან ჰქონდეს 100-კილომეტრიანი საზღვრის ზოლი, რომ გახსნას საბაჟო და ჯერ ინგუშეთს წაართვა ტერიტორია, ახლა დაღესტანს ეჭიდავება, რის შემდეგაც მის ხელში იქნება ორი გამტარი პუნქტი - ერთი ითომყალიდან შატილზე და მეორე, რომელიც დაღესტნის სოფელ ბეშტადან ამოდის ყვარელზე. ხოლო კადიროვის ჩეჩნეთთან ურთიერთობა ჩვენთვის რამდენად სერიოზული საფრთხის შემცველია, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება“, - აცხადებს „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.

    ცნობისათვის, 11-წლიანი მმართველობის შემდეგ ინგუშეთის ხელმძღვანელი იუნუს-ბეკ ევკუროვი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად ინგუშეთის მოსახლეობაში დაქსაქსულობა დაასახელა.

    ინგუშეთში დაძაბულობა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც 26 სექტემბერს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა - იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ჩეჩნეთის რესპუბლიკამ ინგუშეთისგან გარკვეული ტერიტორია მიიღო, რასაც მოჰყვა რამდენიმეკვირიანი დიდი აქციები ინგუშეთში. 

    აღნიშნული შეთანხმება არაკონსტიტუციურად ცნო ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მასში დარღვევა ვერ ნახა.

    2019 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ინგუშეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სარეფერენდუმო საკითხების ჩამონათვალიდან რესპუბლიკის საზღვრების შეცვლა ამოეღო, აქციები განახლდა. 26-27 მარტის აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც მოხდა და ახლა მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის მუხლებით გამოძიებაა დაწყებული.

    ტერიტორიებს გამო მღელვარებაა ასევე კიდევ ერთ ჩრდილოკავკასიურ რეგიონში - დაღესტანში და აქაც კადიროვის ინტერესია. რამდენიმე კვირის წინ ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა დაღესტნის მიწებზეც გამოაცხადა პრეტენზია და ყიზლარის გასასვლელთან საავტომობილო გზაზე გაჩნდა ნიშანი წარწერით „ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“. ეს ნიშანი დაღესტნელებმა მეორე დღესვე გაანადგურეს, მაგრამ ჩეჩნებმა აღადგინოს. ამასთან, კადიროვი ხელების დამტვრევით დაემუქრა ყველას, ვინც ნიშნავს ხელს ახლებს.

    მამუკა არეშიძის თქმით, სწორედ კადიროვთან დაპირისპირების გამო მოუწია გადადგომა ინგუშეთის მეთაურ ევკუროვს და ასევე თავი მოიავადმყოფა დაღესტნის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ვასილევმა, რომლის ნაცვლად დაღესტნის ხელმძღვანელობა გადაეცა რუს გენერალს, რომელიც პრაქტიკულად კადიროვის დავალებების შემსრულებელია.

    „ეს სიტუაციები განაპირობა იმან, რომ კადიროვის სამეზობლოში - ინგუშურ და დაღესტნურ საზოგადოებებში სეროზული მღელვარებაა. ევკუროვმა და ვასილევმა დაინახეს, რომ ვერაფერს აკეთებენ, საზოგადოებებში სერიოზული ანტიჩეჩნური განწყობებია, მოსკოვი კი მთლიანად კადიროვის მხარესაა, ამიტომ ღირსების საქმე გახდა ახლა ხელმძღვანელობებიდან გაცლა. 

    „ეს ყველაფერი დაკავშირებული ტერიტორიულ დავებთან. 2018 წელს წაიღო ჩეჩნეთმა ინგუშეთის ტერიტორია და ფაქტია, ევკუროვს ამ ტერიტორიის დათმობა არ სურდა. კადიროვი გახდა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ფაქტობრივი მბრძანებელი და ის კრემლში აღიქმება ადამიანად, რომელიც რუსეთს უნარჩუნებს ჩრდილოეთ კავკასიას. 

    „კადიროვი ძლიერი ფიგურა აღმოჩნდა, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის „დალაგება“. სხვა ელიტებმა კორუფციას უფრო მეტი ყურადღება დაუთმეს, ვიდრე ქვეყნის მართვას. კადიროვი კი კორუფციონერიც არის, მართვაც შეუძლია, ლოიალურიც არის და ამიტომაც გახდა მოსკოვის ფავორიტი. 

    „მოკლედ, დღეს ის არის დიდი რისხვა მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის. კადიროვს ჰყავს საკუთარი შეირაღებული ჯგუფიც, ბევრად უკეთ შეიარაღებული და ორგანიზებული არმია, ვიდრე ჰყავდა დუდაევს. დაახლოებით 25 000 კაცი ჰყავს, რომლის გადამწყვეტ ნაწილს გავლილი აქვს სპეცრაზმის სწავლება. 

    „პრაქტიკულად კადიროვმა გაიმყარა თავისი მდგომარეობა, მოიშორა დაღესტნის ხელმძღვანელიც, მოიშორა ინგუშეთის ხელმძღვანელიც და ახლა ვინც არ უნდა მივიდეს ამ ორ რესპუბლიკაში, მოცემულობას რეალობას უნდა შეეგუოს, ანუ იმას, რომ მათსა და მოსკოვს შორის ყოველთვის იქნება კადიროვი,“ - ამბობსს არეშიძე.

    მისი თქმით, კადიროვის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლები მუდმივად არის სხვადასხვა რესპუბლიკებში, იყო ინგუშეთში, ახლა არის დაღესტანში, ჩრდილო ყიზლარის მხარეს, სადაც ხალხი ქუჩაშია და აპროტესტებენ მიწების ჩეჩნეთისთვის გადაცემას, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ.

    ვინც განსაკუთრებული პროტესტით გამოირჩა, მას სახლში მიუვარდნენ და ძვალი და რბილი გაუერთიანეს. ასე კინაღამ ცემით მოკლეს ის მძღოლი, ვინც დაღესტანში, ყიზლარის შესასვლელთან წააქცია ბოძი წარწერით „ჩეჩნეთის რესპუბლიკა“. ჩეჩნეთი ახლა დაღესტანს ორ ტერიტორიას ედავება, ერთია ყიზლარის მხარეში და მეორეზე ჯერ არ დაწყებულა ლაპარაკი, მაგრამ ემზადება. ეს არის უკვე საქართველოს მიმდებარე ტერიტორია,  ყვარლის რაიონთან, რომ საზღვრის მთელი პერიმეტრი შეავსოს,“ - ამბობს არეშიძე.

    მისი თქმით, კადიროვის მთავარი ოცნებაა, აამუშაოს რუსეთის ფედერალური კანონის მუხლი, რომლის მიხედვით, თუ რუსეთის რომელიმე რეგიონს სხვა ქვეყანასთან საზღვრის სიგრძე დაახლოებით 100 კილომეტრი აქვს, მას შეუძლია მოსკოვს მოსთხოვის საბაჟოსა და სასაზღვრო პუნქტის გახსნა.

    „ჩეჩნეთს საქართველოსთან ასეთი ტერიტორია არ ჰქონდა, ინგუშეთისთვის წართმეული ტერიტორიით ნაწილობრივ შეავსო ეს დანაკლისი, ახლა დაღესტანს ეჭიდავება, რომ იქაც წაართვას და მაშინ მის ხელში იქნება ორი გამტარი პუნქტი - ერთი მოდის ითომყალიდან შატილზე და მეორე, რომელიც დაღესტნის სოფელ ბეშთადან ამოდის ყვარელზე. ამის შემდეგ მას საშუალება ექნება მოსკოვს მოსთხოვს, რომ აი, აქვს 100-კილომეტრიანი საზღვარი საქართველოსთან და უნდა გამშვები პუნქტები. 

    „ეს ყველაფერი კი საქართველოსთვისაც ძალიან სახიფათოა. კადიროვის ჩეჩნეთთან ურთიერთობა ჩვენთვის რამდენად სერიოზული საფრთხის შემცველია, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. მისი ბოლო განცხადებაც ვნახეთ - 200 კილომეტრია გროზნოდან თბილისამდეო,“ - დასძენს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×