სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    16.08.2019

     რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტ „ნოვიჩოკის" გამოყენებით ადამიანის მოწამვლის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება სკრიპალების საქმეზე მომუშავე პოლიციელი ორგანიზმში აღმოაჩინეს, რომლის ვინაობას ჯერ არ ამჟღავნებენ.

    მანამდე კი მოიწამლენ მამა-შვილი სკრიპალები, პოლიციელი ნიკ ბეილი და სოლსბერის მახლობლად განლაგებული პატარა ქალაქ ეიმსბერის მცხოვრები ჩარლი როული, ერთი ადამიანი, 44 წლის ქალი დონ სტერჯესი კი დაიღუპა.

    ექიმების ინფორმაციით, პოლიციელი ჯერ კიდევ გასულ წელს მოიწამლა, მაგრამ ორგანიზმში „ნოვიჩოკის" დონე იმდენად დაბალი იყო, რომ მიუხედავად გარკვეული სიმპტომების არსებობისა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არც მაშინ ემუქრებოდა და არც ახლა ემუქრება. ამის შესახებ სკოტლანდ იარდი იუწყება.

    პოლიციელს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სამსახურს უკვე დაუბრუნდა. მის სისხლში მომწამლავი ნივთიერების უმნიშვნელო კვალი პორტონ-დაუნის ლაბორატორიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა საექსპერტო-კრიმინალისტურმა კვლევამ გამოავლინა.

    ანონიმური პოლიციელი უკვე მეექვსეა მათ შორის, ვისაც „ნოვიჩოკით" მოწამლვა აღმოუჩინეს.

    შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთი სკრიპალებზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, რუსეთის არმიის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა მიზანმიმართულად მოწამლეს ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვლი იულია. რუსეთი ამას დღემდე უარყოფს.

    ცნობისთვის, „ნოვიჩოკით" მოწამლული ბრიტანელი ქალი დონ სტერჯესი 30 ივნისს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა მალევე დაადასტურეს, რომ ის და მისი მეგობარი ჩარლი როული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

    ქალის გარდაცვალების შემდეგ, სკოტლანდ იარდმა საქმე მკვლელობის მუხლით აღძრა. პოლიციის ცნობით, სტერჯესთან ერთად, მოწამლული ჩარლი როულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მაგრამ მედიკოსებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

    გამოძიების ინფორმაციით, ბრიტანელი წყვილი მას შემდეგ მოიწამლა, რაც მათ ხელში „ნოვიჩოკით" დაბინძურებული ნივთი აიღეს. არსებობს ვარაუდი, რომ სტერჯესის სუნამო იყო მოწამლული, რომელიც მან კანზე შეისხა და რის შედეგადაც გარდაიცვალა. პოლიციაში მიიჩნევენ, რომ სტერჯესი და როული მიზანმიმართული თავდასხმის ობიექტები არ ყოფილან და მათი მოწამვლა შემთხვევითობაა.

    გარდა ამისა, ბრიტანელი პოლიციის ოფიცერი რომელიც ნერვული აგენტით მოიწამლა, საავადმყოფოდან გაწერეს. პოლიციის სერჟანტი ნიკ ბეილი პირველი იყო ვინც ყოფილ ორმაგ აგენტს და მის ქალიშვილს დახმარება აღმოუჩინა. სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ, ბეილი საავადმყოფოდან გაწერეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×