სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    25.08.2019

     ბრალიზიაში 15 აგვისტოდან დღემდე ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ამაზონის ტროპიკული ტყე იწვის, რომელსაც სხვაგვარად „დედამიწის ფილტვებს" უწოდებენ და რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ჟანგბადის 20%-ს გამოსცემს. ამაზონის ტყე ჯერ კიდევ ცეცხლის ალშია გახვეული და ამჟამად ცეცხლის ათასობით კერას ებრძვიან.

    ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ხანძართან ბრძოლისთვის ჯარისკაცების გაგზავნის განკარგულება გასცა, რის თანახმადაც, ცეცხლის ჩაქრობას სამხედრო მოსამსახურეები უშუალოდ ტყეში, ასევე ამაზონის მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიასა და სასაზღვრო რეგიონებში შეეცდებიან.

    „ამაზონის დაბლობი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დაბლობი, რომლის ფართობი დაახლოებით 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ამაზონის დაბლობის თითქმის ნახევარი ამაზონის ტყეებს უკავია. არის ისეთი ადგილები, სადაც ადამიანს არ შეუღწევია, ფეხიც კი არ დაუდგამს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.

    ბრაზილიის პრეზიდენტის განკარგულება ერთთვიანია და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მას სტიქიასთან ბრძოლაში აქტიური ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მასშტაბური სავაჭრო შეთანხმების დაბლოკვითაც დაიმუქრა.

    მხოლოდ წელს, მეცნიერებმა ბრაზილიაში 74 000-ზე მეტი ხანძარი აღრიცხეს. ეს რიცხვი თითქმის ორჯერ მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე; გასული წელს 40 000 ხანძარი დაფიქსირდა. ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ტყის ხანძრების მაჩვენებელი 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, წელს 83%-ით არის გაზრდილი.

     ამაზონის ტროპიკულ ტყეში არსებულ ხანძარს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა, რომელმაც ამაზონის ტყის ხანძარს „საერთაშორისო კრიზისი" უწოდებს. მაკრონი მიიჩნევს, რომ პრობლემა „დიდი შვიდიანის" სამიტის დღის წესრიგის მთავარ საკითხად უნდა იქცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

    „ჩვენი სახლი იწვის. ამაზონის ტროპიკული ტყე, ფილტვები, რომლებიც ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20 პროცენტს აწარმოებენ, იწვის. მოდით, ეს საგანგებო სიტუაცია პირველ რიგში განვიხილოთ," - წერს მაკრონი „ტვიტერზე."

    ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მაკრონის ინიციატივას ბრალდებით უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის პრეზიდენტი პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს.

    ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ ბრაზილია ერთ-ერთი უდიდესი ხე-ტყის ექსპორტიორი ქვეყანაა, თანაც, ბრალიზიელები საკმაოდ დაუდევრად ეპყრობიან ტყეებს. მისი თქმით, აუცილებელია მსოფლიო საზოგადოებამ ბრალიზიას სათანადო დახმარება გაუწიოს.

    „მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით ორი საქართველოს ტერიტორიისხელა ფართობი იჩეხება. თავად ბრაზილიაც ხშირად არ უფრთხილდება საკუთარ ტყეებს. ის არის ერთ-ერთი უდიდესი ხე-ტყის ექსპორტიორი ქვეყანა. 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებდა სწორედ ხე-ტყის ექსპორტის შედეგად.

    „მნიშვნელოვანია ბრაზილიას მსოფლიო საზოგადოებამ სათანადო დახმარება გაუწიოს. ეს იქნება ფინანსური, წყლის რესურსები, შესაბამისი ტექნიკა, რომელიც ამაზონის ტყეში ცეცხლის ჩაქრობაზე იმუშავებენ, თუ სხვა.

    „ეს არ ეხება ამაზონის ტყეს, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის ტერიტორიები, რომელიც გაჩეხილი იქნა, ისევ უნდა იქნას გამწვანებული. ამ შემთხვევაში მსოფლიო ეკოლოგიისთვის დიდი თანხებია გამოსაყოფი, მათ შორის ერთ-ერთი დიდი პასუხისმგებლობა გაეროს გარემოს დაცვის პროგრამას ეკისრება," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

    ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „რეზონანსთან" ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს, რასთანაც, მისი თქმით, მსოფლიო ძალიან ახლოსაა, თუმცა ასევე აცხადებს, რომ მსოფლიოში, დაახლოებით 3-4 წელიწადში, გამოჩნდება ისეთი ძალები, რომლებიც ეკოლოგიურ პრობლემების მოსაგვარებლად და გადასაჭრელად დაიწყებენ ბრძოლას. იგი იმედოვნებს, რომ ეკოლოგიურ კატასტროფას მსოფლიო გადაურჩება.

    „საქმე გვაქვს კლიმატთან. სწორედ ტემპერატურის მატება იწვევს ამ პროცესებს, მათ შორის ჩრდილოეთ ყინულოვან ზონაშიც. საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მწვანე ზონები გვაკლია. რა დღეშია ქალაქი? - იხრჩობა. დღესდღეობით ქარებმაც მოიმატა და სასუნთქი ჰაერიც აღარ არის.

    „ტყეებისა და ჟანგბადის ნაკლებობა პირდაპირ პროპორციულია ადამიანებისათვის სასიკვიდლო განაჩენთან, არა მარტო მსოფლიო მასშტაბით ან ბრაზილიაში, არამედ საქართველოშიც. ხეების ნაკლებობა ნიშნავს მოწამვლას და სასიკვდილო განაჩენი ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ხელმოწერილია. ამის დასტურია ის, რომ მოიმატა პაციენტების რაოდენობამ, ონკოლოგიურმა დაავადებებმა და ა.შ.

    „ამაზონის გარდა, ვნახეთ კალიფორნიაში რამდენი ტყე დაიწვა. ყოველ წელს უზარმაზარი რაოდენობით ხე იწვება. ეს საერთო პროცესია, სადაც ვიღაცის ინტერესებს ზოგადასაკობრიო ჯანმრთელობა ეწირება.

    „მივდივართ კატასტროფისკენ. ამიტომაც პროცესები გაძლიერდება, თუმცა გაძლიერდება იმათი ხმაც, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს. მომავალში იქნება გარკვეული ძვრები ამის საწინააღმდეგოდ მსოფლიო მასშტაბით და ეს ძვრები ევროპიდან დაიწყება.

    „უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ეს არ მოხდება, თუმცა, შემდეგ უკვე ეს პროცესები ცვლილებებისკენ წავა, რაც სამთავრობო დონის იქნება; საფრანგეთში გერმანიაში... სამ-ოთხ წელიწადში უკვე ისეთი მთავრობები მოვლენ, რომელთათვისაც ეს საკითხები გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. გველის ცვლილებები და ამიტომ იმედი მაქვს, რომ გადავრჩებით," - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×