სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    04.11.2019

     აშშ-ის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვალა შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეცდომის გამოსწორების მცდელობად ჩაითვალოს; თურქეთისგან მხარდაჭერილი სამხედროების მხრიდან ამერიკულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმა, რომელიც სირიის ქალაქ ქამიშლიში 4 ნოემბერს შევიდა, ნეგატიური ფაქტია ორ ქვეყანას შორის, ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

    თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ამერიკული მხარე ამ ფაქტს განიხილავს, როგორც ამერიკულ სამხედრო კონტიგენტზე თავდასხმას.

    ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მივიღოთ - ირანი, რუსეთი, თურქეთი და სირიის რეჟიმი აშშ-ის წინააღმდეგ.

    სირიაში, ქალაქ თელ-თამერთან თავდასხმის შესახებ დაპირისპირებული მხარეების შერიგების რუსულ ცენტრს ამერიკულმა მხარემ აცნობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია: „დეკონფლიქტიზაციის ხაზით მივიღეთ ინფორმაცია, რომ თელ-თამერიდან ექვს კილომეტრში, „ემ-4"-ის ავტომაგისტრალზე, ერაყის საზღვრისკენ მოძრავი ამერიკელი სამხედროების კოლონა „თავისუფალი სირიის არმიის" პროთურქი სამხედროების მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოექცა," - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    სირიაში ამერიკული ჯარების დაბრუნებას ვახტანგ მაისაია გაუგებარს უწოდებს და ამ ფაქტს ამერიკის კონგრესისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაუარესებულ ურთიერთობას უკავშირებს.

    „სირიის ნაციონალური არმიის ნაწილები სწორედ ერდოღანის მოკავშირეებად მოიაზრება. თუმცა, მიკვირს, ამერიკელებმა ქამიშლის მიდამოებში დაბრუნება რატომ გადაწყვიტეს. ისინი საერთოდ ჯარების გამოყვანას აპირებდნენ. არ ვიცი რატომ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ საკმაოდ არათანმიმდევრულ პოლიტიკას ახორციელებს.

    „ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გამომდინარეობს კონგრესისა და ტრამპის უთანხმოებიდან საგარეო პოლიტიკის საკითხებში; ტრამპი შეეცადა ის შეცდომა გამოესწორებინა, რაც დაუშვა, როდესაც ამერიკული კონტიგენტის სირიიდან, ქურთთა კონტროლირებად ტერიტორიებიდან გამოყვანა დაიწყო," - აღნიშნა მან.

    თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ იბრძვიან, ომის დანაშაულში ამხილეს. ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოები მობილური ტელეფონებით არის გადაღებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიბისიმ" გაავრცელა.

    გაერომ განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა შესაძლოა თურქეთს დაეკისროს, ოფიციალური ანკარა კი გამოძიების პირობას დებს.

    ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ აუცილებელია სირიის კონფლიქტის გადაწყვეტის ახალი მეთოდების მოძებნა. ამ საკითხზე რუსეთ-თურქეთის შეთანხმების მიუხედავად, მიაჩნია, რომ მისაღებია გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანნეგერტ კრამპ-კარენბაუერის წინანანდება, ჩრდილოეთ სირიის უსაფრთხოების ზონაში, თურქეთის საზღვართან, ვითარებას გაეროს ეგიდით შექმნილი ძალები უნდა აკონტროლებდნენ.

    „ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ეს მოსაზრება საბოლოო გადაწყვეტილებამდე იქნება მიყვანილი, თუმცა, არასდროს არ არის გვიან იპოვნო უკეთესი ჩარჩო პირობები, რომლებიც საბოლოოდ ვითარების პოლიტიკურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს," - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

    ვახტანგ მაისაიას თქმით, ამერიკულ კოლონაზე თავდასხმამ შესაძლოა აშშ-თურქეთის ურთიერთობა უფრო მეტად დაძაბოს. ანალიტიკოსი ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ საუბრობს, სადაც სირიის რეჟიმი, ირანი, რუსეთი და თურქეთი აშშ-ს უპირისპირდებიან.

    „მოხდა თავდასხმა, რომელსაც ამერიკული მხარე განიხილავს, როგორც უშუალოდ ამერიკულ სამხედრო კონტიგენტზე თავდასხმას. შესაძლოა მოითხოვოს თურქული მხარისაგან ამ შენაერთების დასჯა, რომელმაც ამერიკულ კოლონაზე თავდასხმა განახორციელა. არ ვიცი რა მიზანს ემსახურებოდა ამერიკული კონტიგენტის გადაადგილება-შესვლა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპმა გადაწყვიტა, თავისი შეცდომის კომპენსაცია მოეხდინა, როდესაც სირიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ამერიკული კონტიგენტის გამოყვანა დაიწყო.

    „ცოტა გაუგებარი გეოპოლიტიკური თამაშებია; თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა საერთო ენა გამონახეს და ამერიკული კონტიგენტი შეიძლება მათთვის დისონანსური ელემენტების გამომხატველი იყოს იმის ფონზე, რომ ამერიკის კონგრესმა ორი რეზოლუცია მიიღო; ერთი სომხების გენოციდის აღიარების შესახებ, ხოლო მეორე - თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები გამკაცრების. ეს ფაქტი კიდევ უფრო დაძაბავს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებს.

    „ახალ გეოპოლიტიკურ თამაშის წინაშე ვართ, რომლის კონტურები ჯერჯერობით მკვეთრად არ არის გამორჩეული; რუსეთი, სირიის რეჟიმი და ირანი ამერიკელების კატეგორიული წინააღდეგი არიან, თუმცა, მათ შესაძლოა თურქეთიც შეუერთდეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ცნობისათვის, 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყარო" დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ ანკარამ ოპერაცია დროებით შეწყვიტა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×