ტატა შოშიაშვილი
18.01.2020

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ, კენჭისყრის მსვლელობისას, ხმა არავის მიუცია. საბოლოოდ მიხაილ მიშუსტინი რუსეთის ფედერაციის პრემიერად 383-მა დეპუტატმა დაამტკიცა, ხოლო 41-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. წლებია, რაც რუსეთში პოლიტიკოსების წინააღმდეგ არავის მიუცია ხმა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება მიშუსტინის მინისტრთა კაბინეტში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

ვლადიმერ პუტინმა მიშუსტინის პრემიერის პოსტზე დანიშვნას ხუთშაბათს მოაწერა ხელი, მას შემდეგ რაც მოულოდნელად, 15 იავნარს, ქვეყნის, ახლა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი გაათავისუფლა, თუმცა მას სხვა თანამდებობა შესთავაზა და პოსტზე მიხაილ მიშუსტინი წარუდგინა დეპუტატებს.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში წარადგენს მინისტრთა კაბინეტს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ თანამდებობებს შეინარჩუნებენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი - სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი - სერგეი ლავროვი და შინაგან საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ კოლოკოლცევი.

მათ პრეზიდენტი თავად ნიშნავს და პრემიერის კომპეტენციას არ ექვემდებარება აღნიშნულ სამ თანამდებობაზე მინისტრების დანიშვნა - გათავისუფლების საკითხი.

მიშუსტინს ქვეყნის მმართველი პარტია „ედინაია როსიას" (ერთიანი რუსეთი) გარდა მხარი დაუჭირეს პარტია „სპრავიდლივაია როსია" (სამართლიანი რუსეთი) და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის ლიდერიც კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი ვლადიმერ ჟირინოვსკია.

უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმაც გადაწყვიტეს, რომ მიშუსტინის წინააღდეგ არ მიეცათ ხმა კენჭისყრაზე. კანდიდატს და ახლა უკვე ფედერაციის პრემიერ-მინისტრს დაუსვეს 12 შეკითხვა - მათი თქმით, მიიღეს ამომწურავი პასუხი და გამომდინარე იქიდან, რომ არასოდეს არ უჭერდნენ მხარს დიმიტრი მედვედევს, როგორც პრემიერს გადაწყვტეს, რომ მიშუსტინისთვის არ შეეშალათ ხელი. თუმცა, საბოლოოდ კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.

დეპუტატებთან საუბრისას მიშუსტინმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეწინააღმდეგეგბა ამას. მანვე მხარი დაუჭირა რუსეთის ყველაზე ღარიბი მოსახლეობისთვის დახმარების დაწესებას მომავალი ორი წლის განმავლობაში.

არსებობს არაერთი ვერსია იმისა, თუ რატომ გაათავისუფლა მედვედევი პუტინმა. თავად პრეზიდენტის თქმით, ეს ეხება ე.წ. მაისკი უკაზების (მაისის დადგენილებების) შეუსრულებლობას.

თუმცა, წლების განმავლობაში მედვედევის რეიტინგი ძალიან დაბალი იყო და ერთ-ერთ საკვანძო მიზეზად ამის მიჩნევაცაა შესაძლებელი.

მაგრამ, როგორც აღინიშნა, პუტინი პოლიტიკიდან მედვედევის გაშვებასარ აპირებს, უბრალოდ საგრძნობლად ჩამოაქვეითა და მისთვის ახალი თანამდებობის დააწესა - დიმიტრი მედვედევი უსაფრთხოების საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე გახდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×