თამარ შუკვანი
23.01.2020

საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში უნდა მიიღონ, - თურქეთის ოფიციალური პირის ეს განცხადება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების პოზიციასა და დამოკიდებულებაზე საქართველოს ალიანსში მიღების შესახებ, რაიმე ზეგავლენას ვერ იქონიებს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს, თუმცა, ამ მოწოდებისთვის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის.

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მხოლოდ მადლობა შეიძლება გამოვუცხადოთ ამ განცხადებისთვის, მაგრამ ის, რომ შესაძლოა რაიმე ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილ დიდ ქვეყნებზე, ასე არ მოხდება," - თქვა მან.

23 იანვარს მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნატო-ს გაფართოების საკითხზე ისაუბრა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ითხოვს.

ჩავუშოღლუმ დასავლელი პარტნიორებიც გააკრიტიკა. მისივე თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას და ეს იმის ფონზე, როდესაც საფრანგეთი და გერმანია ამ ნაბიჯს ვერ დგამენ: „არ მესმის რატომ არ მივიწვეით საქართველო ან რატომ არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის, რათა გახდეს ორგანიზაციის წევრი," - თქვა მან.

ასევე აღნიშნა, რომ ანკარა მოსკოვთან ყირიმის საკითხზეც ვერ თანხმდება, რადგან მიაჩნია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაა.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ იმისათვის, რომ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით უკეთესი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ თანხმდებიან საქართველოს ორგანიზაციაში მიწვევაზე იმიტომ, რომ რუსეთის პროვოცირება არ სურთ. მაგრამ, საქართველოს ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოს მსგავსი მოკავშირე. ამიტომ, გაფართოება გვჭირდება და საქართველო წევრი უნდა გახდეს," - აღნიშნა მინისტრმა.

ანჯაფარიძის შეფასებით, ნატო-ს რამდენიმე ქვეყენა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილი კი ღიად არ საუბრობს ამის შესახებ, თუმცა, არც მზაობას გამოხატავენ:

„არ მგონია, რაიმე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს, ევროსკეპტიკოს ქვეყნებზე, რომლებიც ტრადიციულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. აშშ-მა ვერ მოახდინეს ზეგავლენა, როდესაც ამ ზეგავლენის მოხდენის მცდელობები 2008 წელს იყო, მცდელობა შემდგომშიც იყო, დაეჩქარებინათ ეს პროცესი, მაგრამ ურემი ისევ იქ დგას, სადაც ადრე იდგა," - თქვა ანჯაფარიძემ.

ასევე უნდა აღინიშოს რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის წერილი, რომელიც საქართველოს სანქციებისა და ჯარიმების დაწესებით ემუქრება. მან წერილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერა. ღია წერილში, რომელიც 13 იანვრით თარიღდება, კონგრესმენი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ. კონგრესმენი საკუთარ წერილში ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერას" ახსენებს.

კონგრესმენი თავისი კოლეგების - აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ადამ კინზინგერის და ჯერალდ კონოლის მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ წერილის მსგავსად, შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების თაობაზე, უარი თქვას დაპირებულ საარჩევნო რეფორმაზე, ასევე „მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობის" შესახებ ცნობების გამო.

ანალიტიკოსის შეფასებით, კონგრესმენის წერილი ნატო-ს დამოკიდებულებასა და პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით ვერ შეცვლის, თუმცა, გარკვეული ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს:

„ზოგადად, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო მოდის, ამა თუ იმ ასპირანტი ქვეყნის წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ნატო კომპლექსურ სურათს უყურებს და ეს სურათი არ შედგება მხოლოდ კონგრესმენების კრიტიკული წერილისგან ან ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფის კრიტიკული გამონათქვამებისგან. თუმცა, ეს არის ამ კომპლექსური სურათის შემადგენელი ნაწილი.

„ზოგადად ამ კომპლექსურ სურათში შედის არა მხოლოდ დემოკრატიის პარამეტრები, არამედ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებელი, უსაფრთხოების სამხედრო მშენებლობის კუთხით რა მდგომარეობაა. თუნდაც ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა რამდენად მაღალ დონეზეა, რამდენად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან.

"არსებობს ასევე გლობალური პარამეტრები, რაც ითვალისწინებს საერთაშორისო პოლიტიკურ კონიუნქტურას რეგიონში, მსოფლიოში და რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციასაც. ასევე, რაც მთავარია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეთნო-რეგიონალურ კონფლიქტებს, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

„კონგრესმენების წერილი თუ იქონიებს გავლენას, ეს იქნება მხოლოდ ერთი პატარა შემადგენელი კომპონენტი იმ მთლიანი სურათისა, რის მიხედვითაც ნატო აფასებს-ხოლმე ამა თუ იმ ასპირანტი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს, მზაობას მაპ-ის მისაღებად. ვიცით, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, საფრანგეთი, გერმანია, გარკვეულწილად ესპანეთი, სხვა ქვეყნებიც, ისინი ასე ღია წინააღმდეგობას არ გამოხატავენ, მაგრამ არც დიდი ენთუზიაზმით გამოირჩევიან, რომ საქართველომ ნატოს კარები შეაღოს და ამით გაირთულონ ურთიერთობები რუსეთთან," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×