მალხაზ გაგუა
28.01.2020

 სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ცხრა ქვეყნის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკის მთავარი სამიზნე რუსეთის დელეგაცია იყო, რომელსაც ყირიმის ანექსიის გამო შეწყვეტილი უფლებამოსილება შარშან ზაფხულის სესიაზე დიდი ძალისხმევის შედეგად აღუდგინეს.

რუსეთის დელეგაციის საკითხი ორჯერ დადგა - როგორც არსებით, ასევე პროცედურულ საფუძველზე. ამ მხრივ ლატვიელი და ლიეტუველი დელეგატები აქტიურობდნენ, რომელთაც სხვა ქვეყნებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის საქართველომ.

არსებით საკითხში ფიგურირებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული სიტუაცია და, ასევე, ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ბალანსი საერთაშორისო და შიდა სამართალს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შეიცვალა. რაც შეეხება პროცედურულ საკითხს, აქ პასე-ს დელეგატებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებში ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

საბოლოოდ, ამ საკითხზე მსჯელობა გადაიდო და ოთხშაბათს განახლდება.

საპასუხოდ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პიოტრ ტოლსტოი (სურათზე) იმუქრება, რომ თუ საბოლოოდ მათ უფლებამოსილებას მაინც შეუჩერებენ, მისი ქვეყანა ევროსაბჭოს საერთოდ დატოვებს. სხვათაშორის, თავის დროზე ამ მუქარამ გაჭრა, გარკვეულწილად იმის გამო, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური კონტრიბუტორია, ნაწილობრივ კი აქ თავისი როლი ლობისტურმა სამუშაომ ითამაშა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათ უმრავლესობას კრიტიკა გენდერული ბალანსის დარღვევისთვის დაატყდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამ ქვეყნების სიაში შვედეთიც მოხვდა, ამ მხრივ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. სხვა ქვეყნების სია ასე გამოიყურება: ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, სან მარინო და შვეიცარია.

კიდევ ორი ქვეყნის - მოლდოვისა და ესპანეთის - საკითხი პოლიტიკური ბალანსის დარღვევისთვის დააყენეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×