თამთა ჩაჩანიძე
21.02.2020

მას შემდეგ, რაც საჰაერო დარტყმების შედეგად ჩრდილოეთ სირიაში ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ამ რეგიონში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე რუსეთ-თურქეთის ღია სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდა საუბარი. ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი ამ საჰაერო დარტყმებში რუსეთის ავიაციის რამდენად (თუ ეს მხოლოდ სირიის ავიაციის გაკეთებული იყო). მიუხედავად ამისა, თურქეთი საპასუხო დარტყმებით იმუქრება, რამაც შესაძლოა მთელ რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს.

დაძაბულობის განსამუხტავად ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განცხადებაც კი გააკეთეს და ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვერდა შესთავაზეს.

საუბარია ჩრდილოეთ სირიაში მდებარე პროვინცია იდლიბზე. ეს ერთადერთი ადმინისტრაციული დანაყოფია, რომელიც მეამბოხეებს შერჩათ, რადგან დანარჩენი პროვინციები თითქმის მთლიანად პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჯარებმა დაიკავეს - რუსეთისა და ირანის დახმარებით.

იდლიბში სიტუაციას მეამბოხეები აკონტროლებდნენ, რომელთაც მხარს თურქეთი უჭერს, თურქეთმა ჩრდილოეთ პროვინციაში თავისი ჯარიც კი შეიყვანა, სირიისა და პროთურქულ ჯარებს შორის შეტაკებები მოხდა, შეტაკებები ასევე განხორციელდა სირიის სამთავრობო ჯარებსა და თურქეთის ჯარებს შორის. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები.

ერდოღანისთვის, რომელიც სირიის ოპერაციის გამო, საკუთარ ქვეყანაში სერიოზული კრიტიკის ქვეშაა, ეს პრინციპის საკითხია და ჯერჯერობით არაა ცნობილი თუ რა პასუხს გასცემს რუსეთს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლამის სიყვარულს ეფიცებოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს თურქეთმა რუსეთისგან უახლესი ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემა ეს-400 შეიძინა, რის გამოც აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭებაზეც კი წავიდა, თუმცა ამჟამად სიტუაცია რუსეთსა და თურქეთს შორის იმდენად გაუარესებულია, რომ შესაძლოა ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებიც კი განახორციელონ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×