თამთა ჩაჩანიძე
24.02.2020

რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიის პროვინცია იდლიბის დეესკალაციის ზონაში მდებარე 18 სოფელში დარტყმები განახორციელეს. ასეთ ინფორმაციას მხოლოდ თურქული მხარე ავრცელებს, რუსული მხარისგან ამის ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თურქეთს სირიის შესახებ შეთანხმების პირობები ჯერ არ შეუსრულებია, რომელიც ერთ წელზე მეტია სოჭში შედგა.

ჩრდილოეთ სირიაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც საჰაერო დარტმების შედეგად ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ამის გამო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საპასუხო ზომებით იმუქრებოდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ საუბარი უკვე რუსეთ-თურქეთის ღია სამხედრო კონფრონტაციაზე წავიდა.

დაძაბულობის განმუხტვისთვის ევროპაც კი ჩაერთო, წინა კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განცხადებაც კი გააკეთეს და ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვერდა შესთავაზეს.

ჩრდილოეთ სირიაში მდებარე პროვინცია იდლიბი ერთადერთი ადმინისტრაციული დანაყოფია, რომელიც მეამბოხეებს შერჩათ, რადგან დანარჩენი პროვინციები თითქმის მთლიანად პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჯარებმა დაიკავეს - რუსეთისა და ირანის დახმარებით.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თურქეთმა რუსეთთან ხანმოკლე დაძმობილების შემდეგ, ანკარამ ვაშინგტონს ქვეყნის სამხრეთით რუსული ჯარების შეჩერებისთვის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის" განთავსება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „ბლუმბერგმა" გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს ანკარამ რუსეთისგან ეს-400 ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი შეიძინა, რის გამოც აშშ-სთან ურთიერთობა მკვეთრად გაიუარესა. ეს-400 ამერიკულ „პატრიოტის" ანალოგია და ამერიკამ ერდოგანის ამ ნაბიჯის გამო თურქეთთან რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო პროექტი დაბლოკა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×