თამთა ჩაჩანიძე
28.02.2020

რუსეთი სირიაში სიტუაციის გამწვავების ფონზე, ხმელთაშუა ზღვაში თავდაცვით ზომებს აძლიერებს და იქ შავი ზღვის ფლოტის ორ კბილებამდე შეიარაღებულ ფრეგატს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით აგზავნის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" შავი ზღვის ფლოტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

ხომალდები სახელად „ადმირალ მაკაროვი" და „ადმირალ გრიგოროვიჩი" „კალიბრ-НК" ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი. ფრეგატები სევასტოპოლიდან სირიისკენ მიემართება, სადაც ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მოქმედ რუსეთის საზღვაო ძალებს შეუერთდება.

ხომალდები „ადმირალი მაკაროვი" და „ადმირალი გრიგოროვიჩი" ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების დავალებებს ადრეც ასრულებდნენ, ისინი სირიის სანაპიროსთან რუსეთის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში არაერთხელ მონაწილეობდნენ.

„ადმირალი მაკაროვი" და „ადმირალი გრიგოროვიჩი" რუსეთის საზღვაო ძალების შორი მანძილითვის განკუთვნილი მრავალი დანიშნულების ფრეგატებია, რომლებიც წყალზე და წყალქვეშა მცურავი ნავების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვისაა შექმნლი.

აღსანიშნავია, რომ ხომალდები ასევე საჰაერო თავდასხმებსაც იგერიებენ, ისინი აღჭურვილნი არიან „კალიბრის" ტიპის სარაკეტო სისტემებით, რომელიც საზღვაო და სანაპირო ობიექტების განადგურების მიზნითაა შექმნილი.

რუსული მედია იტყობინება, რომ რუსული ხომალდები სირიაში სიტუაციის გამწვავების ფონზე გაემგზავრნენ.

27 თებერვალს სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თურქეთის სამხედროებზე ბაშარ ასადის შეიარაღებული ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა მსხვერპლთა რიცხვი მეტი იყოს. მოგვიანებით, თურქეთმა სირიის არმიის შენაერთები დაბომბა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×