თამთა ჩაჩანიძე
28.02.2020

ჩეჩენ ბლოგერს ტუმსო აბდურახმანოვს თავს დაესხნენ. ვიდეობლოგერი, რომელიც კადიროვის მმართველობისა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკითაა ცნობილი, ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, რადგან მასზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც „ბი-ბი-სი"-ს რუსული რედაქცია წერს, Youtube-ში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, რომ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენ ბლოგერს, ტუმსო აბდურახმანოვს სახლში თავს დაესხნენ. ვიდეორგოლი უფლებადამცველმა ფონდმა Vayfond-მა გაავრცელა.

როგორც „ბი-ბი-სის" თავდასხმის თვითმხილველი უყვება, მას თვითონ აბდურახმანოვმა დაურეკა და დახმარება სთხოვა, რათა პოლიცია გამოეძახებინა. თვითმხილველი ამბობს, რომ იგი მსხვერპლთან ათ წუთში, პოლიციის მისვლემდე მივიდა .

როგორც მას აბდურახმანოვმა უთხრა თავდამსხმელმა მას თავში ჩაქუჩი მაშინ ჩაარტყა, როდესაც ეძინა. პოლიციის მისვლამდე ბლოგერმა ბევრი სისხლი დაკარგა და თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო, როცა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

34 წლის ტუმსო აბდულახმანოვი გროზნოში ყოფნისას ერთ-ერთი კომ¬პა¬ნიის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, 2016 წელს კი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ნათესავებთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც ევროპაში გაიქცა.

2015 წელს საქართველოშიც იმყოფებოდა, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი მიიღო. ამის შემდეგ იგი რამდენიმე ხანი პოლონეთში ცხოვრობდა, 2018 წლის ბოლოსთვის კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას პოლონეთის დატოვება მოსთხოვა.

კადიროვის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აბდურახმანოვი სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში იყო, თუმცა ბლოგერი ამას კატეგორიულად უარყოფს.

იგი ყველაზე წარმატებული ჩეჩენი ვიდეობლოგერია, რომელსაც საკუთარ Youtube არხზე 250 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, იგი პირდაპირ ჩართვებს ჩეჩენ ჩინოვნიკებთან, ჟურნალისტებთან, ჩეჩნეთის ყოფილი ლიდერების ჯოხარ დუდაევისა და ასლან მასხადოვის შვილებთან მართავს.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი 2015 წლიდან პოლონეთში მცხოვრებ ბლოგერ ტუმსო აბდურახმანოვს „სისხლის აღებით" ემუქრებოდა. სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის" პირდაპირ ეთერში დაუდოვმა განაცხადა, რომ თავის ძმებთან ერთად აუცილებლად იპოვიდა აბდურახმანოვს და შურს იძიებდა.

დაუდოვის თქმით იგი ბლოგერის მოკვლას არ აპირებდა, მას დაჰპირდა, რომ „საოცარი მეთოდებით გაამხიარულებდა". ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბი ბი სი" აცხადებდა.

დაუდოვმა შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ინტერნეტში მოისმინა აბდურახმანოვისა და რუსი პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, მაქსიმ შევჩენკოს საუბრის ჩანაწერი, სადაც აბდურახმანოვი ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტს, 2004 წელს ტერაქტის შედეგად დაღუპულ ახმად კადიროვს ჩეჩენი ხალხის ღალატში სდებდა ბრალს. აბდურახმანოვმა თქვა, რომ სძულს ყველაფერი, რაც ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას უკავშირდებოდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×