თამთა ჩაჩანიძე
28.02.2020

„თურქეთსა და რუსეთს შორის სირიის რეგიონალური ომი შესაძლოა პირდაპირ ჩვენს ქვეყანაზე აისახოს იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას კავკასის რეგიონში თავმოყრილი საკმაოდ სერიოზული სამხედრო დაჯგუფებები ჰყავს და რა თქმა უნდა აქაც იკვეთება მათი ინტერესები," - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ სირიაში მოვლენების შესაძლო გამწვავებაზე საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედროებზე ასადის ავიაიერიშის შედეგად 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ვრცელდება ცნობები, რომ შესაძლოა, მსხვერპლთა რიცხვი მეტი იყოს. მოგვიანებით, თურქეთმა სირიის არმიის შენაერთებზე საპასუხო დარტყმა განახორციელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ერდოღანმა და პუტინმა იდლიბის დეესკალაციის ზონაში სიტუაციის განმუხტვის შესაძლებლობები სატელეფონო საუბრისას განიხილეს.

ნატო-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კი ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც 29 წევრი ქვეყნის ელჩებისგან შედგება, დღეს თურქეთის მოთხოვნით შეიკრიბება, რათა ნატო-ს მეოთხე მუხლის შესაბამისად კონსულტაციები გამართოს. საქმე ეხება სირიაში მიმდინარე მოვლენებს.

ნატო-ს ხელშეკრულების მეოთხე მუხლის თანახმად, ნებისმიერ მოკავშირეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა, როდესაც, მისი აზრით, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

მაისაია სირიაში სიტუაციის შესაძლო გართულებასა და მოსალოდნელ შესაძლო სცენარზე საუბრობს.

„რამდენადაც ვიცი თურქეთის შეიარაღებულ ძალებში ფარული მობილიზაცია დაიწყო და საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი. ბრძოლები პერმანენტულად მიმდინარეობს და თურქეთის მთავრობამ 33 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა აღიარა. მანამდე თურქული მხარე არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ მხოლოდ 9 გარდაცვლილი იყო, მაგრამ როგორც ჩანს ინფორმაციამ გაჟონა და დამალვა ვეღარ შეძლეს.

„ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, ერდოღანი იმუქრება, რომ ასადის რეჟიმს ამ თავხედობას არ აპატიებს. პრინციპში რუსულმა მხარემაც დაადასტურა, რომ ამ ოპერაციაში ისინიც მონაწილეობდნენ, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ რეგიონალური ომის კონტურები იკვეთება.

„საუბარია ასადის რეჟიმისა და თურქეთის ჩართულობაზე, სადაც ვერც რუსეთი და ვერც ირანი განზე ვერ დადგება. როგორც ვიცი, რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიის ტერიტორიების კონტროლი დაიწყეს, რათა თურქეთის სამხედრო საზღვაო და საჰაერო ძალების სირიის სიღრმეებში არ დაუშვან, ანუ ეს არის საომარი მოქმედებების დაწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა.

„ამ სცენარის შესაძლო განვითარებაზე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე, დღეს კი სამწუხაროდ ეს რეალური გახდა. მგონია, რომ ყველას კეთილგონიერება ეყოფა, რომ მდგომარეობა სერიოზულ მსხვილმასშტაბიან სცენარამდე არ მიიყვანონ, იმიტომ, რომ რეგიონალური ომი, ჩავთვალოთ, რომ უკვე დაწყებულია," - განაცხადა მან.

მაისაიას თქმით, რუსეთსა და თურქეთს შორის სიტუაციის გამწვავება შესაძლოა საქართველოზე ნეგატიურად აისახოს.

„თურქეთი იმუქრება, რომ საზღვრებს გახსნის და 3 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპის მიმართულებით გაუშვებს, რაც მართლაც ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება და არაა გამორიცხული, რომ ამ ლტოლვილებმა საქართველოს საზღვართანაც არ ამოყონ თავი და გადმოსვლას არ შეეცადონ, ესაა ყველაზე საშიში სცენარი.

„თურქეთსა და რუსეთს შორის სირიის რეგიონალური ომი ეს შესაძლოა პირდაპირ ჩვენს ქვეყანაზე აისახოს, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას კავკასის რეგიონში თავმოყრილი საკმაოდ სერიოზული სამხედრო დაჯგუფებები ჰყავთ და რა თქმა უნდა აქაც იკვეთება მათი ინტერესები.

„თურქეთმა თუ ბოსფორის ყურე დაკეტა, „მონტრეს კონვენციის" 20-21-ე მუხლების მიხედვით, იმ შემთხვევაში,თუ რომელიმე ქვეყანამ თურქეთს ომი გამოუცხადა და ის საომარ მოქმედებებში ჩაება, უფლება აქვს ბოსფორისა და დარდანელის სრუტე დაკეტოს და ამით რუსეთის მხარეს მიმოსვლა აუკრძალოს.

„ამის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა უკვე ჩვენი საჰაერო და სახმელეთო სივრცე გამოიყენოს, რომ სირიაში სამხედრო კონტინგენტის გადასროლა მოახდინოს,სომხეთისა და ირანის მეშვეობით.

„იმიტომ, რომ 2011 წელს მიხელი სააკავშვილის მთავრობამ რუსეთის მთავრობასთან ხელი სამხედრო ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა, რომლის მიხედვითაც რუსეთს შეუძლია საქართველო სატრანზიტო ქვეყანად გამოიყენოს. მართალია იქ არასაბრძოლო ტვირთის ტრანზიტზეა საუბარი, მაგრამ რუსეთმა შესაძლოა მოახდინოს მანიპულაცია და მძიმე ტექნიკის ერთეულებიც გაატაროს," - განაცხადა მაისაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×