ტატა შოშიაშვილი
29.02.2020

იდლიბის კონფლიქტურ ზონაში სიტუაცია უფრო მეტად მწვავდება - ამჯერად, თურქეთის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის და რუსეთის პრეზიდენტს სთხოვს, რომ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები სირიიდან და თურქეთი ბაშარ ასადის ჯარი პირისპირ დატოვოს. ერდოღანმა დაამატა, რომ მისთვის დღემდე გაურკვეველია, რა მოტივები ამოძრავებს რუსეთს და რა ინტერესი აქვს იდლიბში. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სტამბულში, დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტი თქმით, იდლიბში მიმდინარე კონფლიქტს არ განიხილავს, როგორც თურქეთის საზღვრების გაფართოების შესაძლებლობას - მას უნდა, რომ საზღვრის გასწვრივ შექმნას უსაფრთხოების ზონა.

ერდოღანი აცხადებს, რომ ამ თემაზე თავის რუს კოლეგას 28 თებერვალს ტელეფონით ესაუბრა:

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვკითხე მისი ნამდვილი მიზნების შესახებ სირიაში. თუ თქვენ აპირებთ სამხედრო ბაზის აშენებას, ააშენეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიშალოთ ხელი... დაგვტოვეთ რეჟიმთან პირისპირ - ჩვენ თვითონ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა", - ამბობს ერდოღანი.

ეროდღანმა დაამატა, რომ სირიაში არა ასადის მოწვევით, არამედ სირიელი ხალხის თხოვნით შევიდა და გააგრძელებს მოწინააღმდეგეების განადგურებას, სანამ სირიელი ხალხი არ სთხოვს მას საკუთარი ჯარების გაყვანას.

ცნობისთვის, სიტუაცია სირიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც იდლიბის პროვინციაში 36 თურქი სამხედრო მოკლეს.

„რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ პუტინი მსგავს წინადადებას არავითარ შემთვევაში არ დათანხმდება, რადგან საკუთარი ინტერესები აქვს სირიაში:

„რა თქმა უნდა, არ შეასრულებს ამ მოთხოვნას. რუსეთს გაცილებით მეტი ინტერესი აქვს სირიაში, ვიდრე მხოლოდ სამხედრო კონტინგენტის განთავსება. რუსეთისთვის სირიაში სამხედრო ყოფნა წარმოადგენს აღმოსავლეთში რეგიონალური ჰეგემონობის და უფრო ფართო არეალზე საკუთარი გავლენი სფეროების გაფართოების საშუალებას.

„სირიიდან პუტინი ნამდვილად არ გავა, რუსეთს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საკუთარი ინტერესები აქვს სირიაში და საგულისხმოა მისი გეოპოლიტიკური ინტერესებიც", - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

მაისაიას შეფასებით, ერდოღანი მის მიერვე დაგებულ მახეში გაება და საქმე იქამდეც კი შეიძლება მივიდეს, რომ მოკავშირეების გარეშე დარჩენილი თურქეთის პრეზიდენტი პოსტიდანაც გადააყენონ:

„ერდოღანი მის მიერვე დაგებულ მახეში გაება, რადგან საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს - ფაქტობრივად, თავისი მოკავშირეების იმედიც აღარ აქვს. ამ სიტუაციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც, სავარაუდოდ, არ აღმოუჩენს ედროღანს დახმარებას, ამერიკაშიც სერიოზული დაპირისპირებაა ედროღანისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხთან დაკავშრებით პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის.

„თუ ერდოღანი არ იმოქმედებს მტკიცედ და მედგრად, ქვეყნის შიგნით შეექმნება პრობლემები, რადგან მეეჭვება, რომ თურქეთის სამხედროებმა აპატიონ ერდოღანს ის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო სირიასა და ლიბიაში. არაა გამორიცხული, რომ ერდოღანის ხელისუფლება დაემხოს", - დასძინა მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა. ამის შესახებ თავად ერდოღანმა განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ მიგრანტების რაოდენობა ზედმეტად გაიზარდა თურქეთში:

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვალდებულები არ ვართ, ამდენი მიგრანტი მივიღოთ. ევროპა დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერს აკეთებს. ამიტომ გუშინ ჩვენ საზღვრები გავხსენით", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, გუშინ ევროპასთან საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, დღეს კი ამ რიცხვმა შესაძლოა 30 ათასს მიაღწიოს. ერდოღანის განცხადებით, ანკარა მიგრანტებს საზღვარს აღარ ჩაუკეტავს.

იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე, თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა დევნილებისა და ლტოლვილების ტალღას, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აღარ შეაჩერებს.

თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი დევნილია. 2016 წლის შეთანხმებით, ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×