თამარ შუკვანი
26.03.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსოფლიოში შესაძლოა პატიმრების მასობრივი გათავისუფლება დაიწყოს. ამ საკითხის ირგვლივ ანალიტიკოსთა წრეებში აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პატიმრების მასობრივი გათავისუფლება მსოფლიოში კრიმინალის ზრდას გამოიწვევს.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, მიშელ ბაჩელეტმა სახელმწიფოებს მოუწოდა გაათავისუფლონ ადამიანები, ვინც კორონავირუსისადმი მოწყვლად ჯგუფად ითვლება. მისივე თქმით, მთავრობებმა უნდა განიხილონ გზები, თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, ვინც რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან.

ამის ფონზე, თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარა ქვეყნის ციხეებიდან ვადაზე ადრე, 100 000 პატიმრის გათავისუფლებას განიხილავს. ამასთან,საკითხი პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის დღის წესრიგში დგას.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, თუ ვირუსმა პენიტენციურ დაწესებულებებში „იფეთქა," მისი შეკავება ძალიან რთული გახდება. საბოლოოდ კი, შეიძლება ყველაზე ცუდი სცენარი მივიღოთ. ამასთან, მისი თქმით, კარგი იქნება თუკი საქართველოს ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებამდე მივა.

„ზოგადად, ამნისტიები ცხადდება. საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში 30 ამნისტია მაინც განხორციელდა და სულ დაიცალა ციხეები. ეს ახალი არც ჩვენთან და არც სხვაგან არ არის, მაგრამ, თუ ვინმე შიშობს, რომ ასეთი მკვეთრი ნაბიჯების გადადგმით, კრიმინალის კუთხით შეიძლება ვითარება გაუარესდეს, დავიწყოთ იმით, რომ არსებობს შედარებით მსუბუქი მუხლები და მათი გათავისუფლება ალბათ სწორი გადაწყვეტილება იქნება.

„თუ საპატიმროში „იფეთქა" ვირუსმა, ეს იქნება კატასტროფა მთლიანად პენიტენციალური სისტემისთვის, რომელიც ამ ვითარებიდან გამოსვლას ვერ შეძლებს. ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ეკონომიკური დანაშაულისთვის, რომელიც საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, ასევე შემთხვევითი დანაშაულისთვის, პატიმრებს გაათავისუფლებენ. ეს ხალხი გამოვა საპატიმროდან და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.

„ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, - ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება. ამან არ მგონია, მკვეთრად შეცვალოს კრიმინალური მდგომარეობა ქვეყანაში. უფრო მეტი საფრთხე ეკონომიკაშია დღეს, ვიდრე კრიმინალური მიმართულებით.

"ეს ნაბიჯები გადასადგმელია და დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ ნაბიჯებს გადადგამს. ამ შემთხვევაში მისთვისაც გაცილებით ადვილი იქნება, არა მარტო სისტემის მართვა, არამედ სისტემაზე კონტროლის გაწევა," - აღნიშნა ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

რადიკალურად საპირისპირო აზრისაა რამაზ საყვარელიძე. როგორც მან თქვა, პატიმრების მასობრივი გათავისუფლება მსოფლიშო კრიმინალის ზრდას შეუწყობს ხელს.

„ეს კრიმინალური ვითარების გაზრდას გამოიწვევს მსოფლიო მასშტაბით. გამოშვებული პატიმარი იზოლირებულად იქნება თუ არა, ამაზე გაერო უკვე აღარ ფიქრობს. ამ იზოლაციის პირობების ქვეშ რა იგულისხმება? - ეს ჩვეულებრივი კატეგორიის ხალხი არაა.

„შეიძლება საქართველოც აღმოჩნდეს ამ ყველაფრის წინაშე და ამ მიმართულებით თავის შესაძლებლობებს გადახედოს. თუ ცოტაა, შეიძლება შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც კორონავირუსის საფრთხეს შეამცირებს.

„თუ პატიმარი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, არ მგონია, ის სახლში დაჯდეს სხვა მოქალაქეების მსგავსად," - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან."

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ინტრიგანი   (26.03.2020)
ddd ggg jjj


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×